Sign in to follow this  
Followers 0

საქართველოს ეკლესია-მონასტრები

53 posts in this topic

[center][b]ბეთანიის მონასტერი (გაგრძელება)[/b][/center]
[center][img]http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/betania/betania_freska.jpg[/img][/center]

ოდესღაც ბეთანიის მოხატულობა არაჩვეულებრივად მდიდრული და მშვენიერი იყო - ფრესკების ყველა საღებავი ძალზე ძვირფასია, ფერები ცოცხალი და ღრმაა: მკვეთრი ალისფერი სინგური, ბევრია - იშვიათად მკვეთრი, ლამაზი, მუქი-ლურჯი ფერის ლილა-ქვა (ამ ფერითაა შევსებული თითქმის ყველა ფრესკის ფონი ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში), აურიპიგმენტი, ჟანგმიწის მდიდრული ნაკრები, ოქრო - მეფეთა პორტრეტებზე. საერთოდ ღრმა, მრავალგვაროვან ფერთა დიდებული პალიტრააა. ოდესღაც აქ მხოლოდ ათორმეტი დღესასწაული კი არ იყო წარმოდგენილი, არამედ ზედმიწევნით იყო გამოსახული უფლის ვნებისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დღესასწაულთა ციკლები.

სამხრეთის კედელზე შემორჩენილია წინასწარმეტყველთა გამოსახულებანი მათ მიერ წინასწარ უწყებულ პირველსახეებთან ერთად, რომლებიც სიმბოლურად ღვთისმშობელს გამოსახავენ. ეს არის ყველაზე ადრეული განვრცობილი ციკლი, რომელიც დღეისათვის შემორჩენილი ცხრა გამოსახულებისაგან შედგება. სხვა ტაძრებში იგი მხოლოდ XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება. შესანიშნავი და თავისებურად უნიკალურია მოცეკვავე დავითის გამოსახულება მკვეთრი სინგურის ფერის სამოსით, გვერდით სჯულის კიდობნითა და ზეციური მანანით სავსე ტაკუკით. კარგად არის შემონახული გამოსახულება „ეზეკიელი დახშულ ბჭეთა წინაშე“, მოჩანს „გედეონი საწმისითა და ფიალით“, „მოსე და მაყვალი შეუწველი“, „იაკობის კიბე“, „აარონი განედლებული კვერთხით“, „დანიელი მთის წინაშე“, „სამი ყრმა ბაბილონის სახმილში“.
[img]http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/betania/eklesia.jpg[/img]
გამომხატველობის საოცარი ძალითა და იმ დროისათვის იშვიათი ხატწერით გამოირჩევა გამოსახულებანი ჩრდილოეთის მკლავის სარკმელებში: „იუდა ოცდაათ ვერცხლს რომ იღებს“, „საიდუმლო სერობა“ მაგიდის თავში მჯდომი ქრისტეთი, რომელიც იუდას პურის ნატეხს გადასცემს; აგრეთვე „ფერხთბანა“, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი. ეს ფრესკები დახატულია უჩვეულოდ მსხვილად, მასშტაბურად და თავისუფლად, მაგრამ მკაცრად და ლამაზად. ჩრდილოეთის მკლავში, სადაც თანაბარი და ცივი განათებაა, ფერების უფრო თავშეკავებული გამაა მოცემული; სამხრეთში კი განათება თვალისმომჭრელია, ფერები უფრო მკვეთრია. ასეთი გამოსახულება უფრო ძლიერად იპყრობს დამკვირვებლის ყურადღებას. აქვეა სიმშვენიერით უიშვიათესი გამოსახულება - „იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში“, დინამიურობით აღსავსე გამოსახულება - „იუდას გამცემლობა“, „მონანული პეტრე“, რომელიც მღვდელმთავრის მსახურებთან ერთად ცეცხლთან თბება, „პილატე, რომელიც ხელებს იბანს“.

ჯვარცმის გამოსახულებანი გავრცობილია ისტორიული დეტალებით. აქ ერთი წვრილმანიც კი არ ჩანს გამოტოვებული. მაგალითად, გამოსახულია ჭურჭელი ძმრით, გამსკდარი კლდეები, გაპობილი კრეტსაბმელი. მომცრო ტანის კაცს, რომელიც ჯვარს ამაგრებს, ფიგურა რაღაც უცნაურად აქვს შებრუნებული, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია: ხელები მას გადაადგილებული აქვს - მარცხენა ხელს მარჯვენას ფორმა აქვს, და პირიქით, მარჯვენას - მარცხენისა; ეს დეტალი ნათლად ასახავს თუ რა უსჯულოებას სჩადიან აქ გამოსახული ადამიანები. შემდეგააა: „გარდამოხსნა“, „დატირება“. ამ გამოსახულებებს მათი განწყობილებით, გადაწყვეტის მუსიკალურობითა და სიმშვენიერით ტაძრის მთელ მოხატულობაში ბადალი არ მოეძებნება.
[img]http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/betania/kedeli.jpg[/img]
დასავლეთის კედელზე, სარკმელთა წირთხლებზე შემორჩენილია ქრისტეს სასწაულმოქმედებათა ამსახველი გამოსახულებები: „ეშმაკეულთა განკურნება“, „ბრმის განკურნება“, ქვემოთ - კომპოზიცია „სამოთხე“, სამხრეთით - „აბრაამის წიაღი“, მოპირდაპირე მხარეს, ჩრდილოეთით - „გამზადებული საყდარი“ და მისკენ მიმავალი მართლათა დასი; ანგელოზები, რომლებიც ადამიანთა ცოდვებს წონიან; ცხოველები, რომლებიც მკვდრებს გადმოანთხევენ, ანგელოზები, ჯოჯოხეთში რომ აგდებენ ცოდვილთ; მოჩანს ცეცხლოვანი მდინარიდან გამოყოფილი მუჰამედის თავი. ჯერ კიდევ შეიძლება გარჩევა გამოსახულებისა „ჰეროდეს ლხინი“ სალომეას ცეკვითურთ; შემორჩენილია უნიკალური ფრესკა, რომელზეც „მარიამ მეგვიპტელის ზიარებაა“ გამოსახული.

საკურთხეველში ნაწილობრივ შემორჩენილია საყდარზე მჯდომი მაცხოვრის ქვემოთ გამო, სახული რიგი წინასწარმეტყველებისა, ეს ტაძრის ყველაზე ძველი მოხატულობაა (შესაძლოა X საუკუნის), ქვემოთ მოციქულებისა და მღვდელმთავრების რიგებია. ეს ორი რიგი გადახატულია XIV ან XV საუკუნეში, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა კონტური უწინდელი მოხატულობის ნახაზს იმეორებს. სიმშვენიერითა და მოხდენილობით საოცარია საკურთხევლის ნაწილის ორნამენტები: უწყვეტ ჯაჭვად თაღისებრ ზემიიწევს ამქვეყნიურ სამყაროში არნახული, სამოთხისებრი ყვავილის ხვეული; ყვავილედის ყოველი ფოთოლი, ყოველი კოკორი დახვეწილად არის შესრულებული; და ის ყვავილებიც, რომლებიც თაღის უმაღლეს ნაწილშია და შეუიარაღებელი თვალით ძნელი გასარჩევია, არანაკლებ გულმოდგინებით არის დახატული. ცხადია, ხატმწერი უპირველეს ყოვლისა უფლისათვის ქმნიდა და არა კაცთა საამებლად. ასევე საკურთხევლის სარკმელთა წირთხლებზე, ისეთ ადგილებში, სადაც იშვიათად თუ ვინმე შეიხედავს, მთელი საოცრებაა დახატული: შესანიშნავი არშიაა ლურჯი და ალუბლისფერ-წითელი ყვავილედებისა, შავ-ლურჯ, ფირუზისფერ და სინგურის ფონზე დახვეწილად შესრულებული თეთრი ძარღვით.

ადგილ-ადგილ, ორნამენტების წნულსა და კომპოზიციის კიდეებში შემორჩენილია ძველ ოსტატთა ავტოგრაფები; ოღონდ მათ შთამომავალთაგან მოსახსენიებლად როდი აღუბეჭდავთ აქ თავიანთი სახელები! წმიდა ხატმწერმა ბერებმა ჩვენ დაგვიტოვეს თავიანთი ლოცვითი განცდა, ღრმა რელიგიური გრძნობები, რითაც მათი სულები იყო აღსავსე, რამეთუ „ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ“ (მათ. 12, 34). ზოგან წვრილი ასოებით ჩაწერილია მცირე ლოცვა, ზოგან ფსალმუნიდან ესა თუ ის მუხლი. ხატმწერი წერდა გამოსახულებებს, ლოცულობდა, ზოგჯერ შეჩერდებოდა და სულიერ განცდებში იძირებოდა, - ამ დროს იგი იმავე საღებავით, რაც ფუნჯზე იყო, კედლებზე ტოვებდა ოდნავ შესამჩნევ ნახატს ან წარწერას, თავისი ფარული ფიქრებისა და განწყობილების გამოძახილს. ამ ავტოგრაფებმა ჩვენამდე ორი ხატმწერის სახელი შემოინახა, რომელთაც XII საუკუნეში მოუხატავთ ბეთანიის ტაძარი, მაგრამ არა მარტო სახელები: მათ გაიცილებით უფრო მეტი რამ შემოგვინახეს. ისინი ჩვენ ამ ნეტარი სულების საოცარი სულიერი სიღრმესა და უდიდეს ქრისტიანულ სიმდაბლეს განგვიცხადებენ. ორნამენტული ყვავილის შუაგულში, რომელიც მაღალ დასაჯდომელს ამკობს, თითქმის მძივისებრი ასოებით, თეთრი საღებავით შესრულებულია წარწერა: „ქრისტე, შეიწყალე დემეტრე“, გვერდით ორნამენტულ ზოლში, როგორც ჩანს, მისივე ლოცვაა: „არა მარტო ვარ, შავპირი ჭეშმარიტად. მსაჯულო ყოველთაო, ნუ მარტო მქმენ ყოველთ ქრისტიანეთა წმიდათა შენთაგან“.

მეორე მხატვარმა წარწერა დატოვა სამხრეთის მკლავის დასავლეთ სარკმლის აღმოსავლეთ წირთხლზე, აარონის გამოსახულების ქვედა ნაწილში, აყვავებულ ბალახთა შორის: „უფალო ნუ შეუნდობ სოფრომს“. გვერდით კი შავი საღებავით შესრულებულია მხატვრის პატარა ფიგურა ბერულ ანაფორაში, რომელიც წინასწარმეტყველის ფერხთით არის მუხლმოდრეკილი, ეს ტაძრის მომხატველთაგან ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია. იგია წინასწარმეტყველთა და საიდუმლო სერობის ავტორი. მანვე დაგვიტოვა კიდევ უფრო მეტად უცნაური ავტოგრაფი: იმავე სარკმლის დასავლეთ მხარეს, წმიდა დანიელ წინასწარმეტყველის ფერხთით, წითელი საღებავით, ფუნჯის ერთი მოსმით დახატულია სწრაფად მიმავალი ბერის ფიგურა ჯვრით მარცხენა ხელში, რომელიც კვარცხლბეკზე მდგარ ჯვრისაკენ მიემართება. ჯვარსა და ფიგურას შორის გამოსახულია ჯვარცმული მაცხოვარი, გადმოცემული მხოლოდ ნიმბითა და ქრისტეს ჭრილობათგან მომდინარე სისხლის წვეთებით.

„უფალო ნუ შეუნდობ სოფრომს!..“ რა მიუწვდომელი თავმდაბლობაა! წმიდა მამები ამბობდნენ: „განიკითხე საკუთარი თავი, და ღმერთი განგამართლებს შენ“. დიახ! ჩვენს ამპარტავნულ დროში ვერ შეხვდები ასეთ წარწერებს. ძველი წმიდა მხატვრები თავიანთ უბადლო შედევრებს რომ ქმნიდნენ, არც კი ფიქრობდნენ საკუთარი სახელების უკვდავყოფაზე: რა დიდად განსხვავდებიან ისინი ჩვენი თანამედროვეებისაგან!

ჩვენს დროში ჩვეულებად იქცა მიტოვებული ტაძრის კედელზე ან რომელიმე ძველ ფრესკაზე ლურსმნით ან აგურის ნატეხით საკუთარი სახელების დიდი ასოებით ამოკაწვრა. რა დიდი უაზრობაა, რა საშინელი სნეულებაა ჩვენი დროისა - სურვილი იმისა, რომ ყოველნაირი საშუალებებით აღბეჭდონ, „უკვდავყონ“, სხვებს მოახვიონ თავს საკუთარი „მე“, დაიყვირონ „მე ვარ, მე - ესა და ეს, მეც ვიყავი აქ!“ რამდენნი არიან ასეთი უბედური სულები, რომელნიც დაუკმაყოფილებელი თავმოყვარეობისაგან იტანჯებიან და სწყურიათ, როგორმე დაამახსოვრონ თავი სხვებს, თავისი სახელები ჩაწერონ ამ წუთიერ სოფელში.
[img]http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/betania/tamari.jpg[/img]

მხოლოდ ქრისტიანობა ათავისუფლებს ადამიანს ამ ავადმყოფური მოთხოვნილებისაგან - გადაჰყავს თავისი შვილები ამ წარმავალი, თითქმის ილოზორული სამყაროდან წარუვალი სიხარულის სამყაროში, მუდმივ, უხრწნელ და დაუსრულებელ ყოფაში. ქრისტიანული ტაძრების თვით ეს ღრმად შინაარსიანი, დახვეწილი, არაამქვეყნიური სიმშვენიერე მხოლოდ სუსტი გამოძახილია, მსუბუქი შეხება და ანარეკლია მარადიული ცხოვრებისა, ხარებაა ღმრთის დიდების მომავალი სუფევისა. ამქვეყნად ეს ხარებანი ზეციდან ცხადდებიან და დროში ილევიან, თითქოსდა საოცარი გამობრწყინებანი არამიწიერი ნათლისა. ასე განვლო და მიილია, და კვლავ ზეცას დაუბრუნდა დიდებული სიმშვენიერე ბეთანიის მონასტრისა, მაგრამ მას ჯერ კიდევ ძალუძს მრავლის თქმა იმ სულისათვის, რომელიც ზეციურ სიმშვენიერეს ეძიებს.

როცა დღეს ღმრთისმსახურებაზე დგახარ ნახევრად ცარიელ ტაძარში და შეჰყურებ გახუნებულ ფრესკებს, წარმოსახვა უნებლიედ ხატავს მათ უწინდელ დიდებულებასა და სიმშვენიერეს, მთელ მდიდრულ შემკულობას, მამათა დასს, მოწიწებით რომ უსმენენ ღმრთისმსახურების ძველ საგალობლებს, ღირს იღუმენს საკურთხეველში მღვდელმონაზვნებთან ერთად, სადღაც ჩრდილოეთის სვეტთან მდგარ სამეფო პირებს: ოდესღაც თვით თამარ მეფეც იდგა აქ... და უეცრად, რა უბადრუკად, საწყლად და დაცარიელებულად მოგეჩვენება ჩვენი დღევანდელი დრო! როგორ მოუძლურდა და გაუფერულდა ჩვენი რწმენა! ძველი ფრესკები სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდება და ქრება. შავი კონტურები ჩამოშლილია და გათეთრებული: თეთრია თვალის გუგები, თეთრია წარბები, ბაგეთა ჭრილი, თეთრია „ჩრდილები“ სახეებზე, თითქოს წმიდა გამოსახულებანი ნეგატივებად ქცეულანო. იქნებ ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩვენი სამყარო ნეგატიური გახდა სიწმიდეთა მიმართ?

ჩვენ, თანამედროვე ქრისტიანები, იმ გლახაკებს ვგავართ, რომელნიც დიდი ლხინის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს სატრაპეზოში სუფრიდან ნამცეცებისა და ნარჩენების ასაკრეფად. დღესასწაულზე მიწვეული სტუმრები, მხიარულებისა და მიღებული ძღვენის შემდეგ, პატივდებულნი დაბრუნდნენ სახლებში. ჩვენთვის ლხინი არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ სახლის მეუფის დიდი მოწყალებით დაგვრთეს ნება ავიღოთ ის, რაც სადილის შემდეგ დარჩა, და ჩვენ მხოლოდ ამ ნარჩენებისა და ოდესღაც ბრწყინვალე მორთულობის ზოგიერთი საკვირველი საგნის მიხედვით შეგვიძლია მივხვდეთ, თუ როგორი საოცარი მოვლენები აღსრულებულა აქ. მაგრამ ამ დიდი სიკეთისთვისაც გულწრფელად უნდა ვმადლობდეთ სახლის მეუფეს, ვმადლობდეთ, იმისათვის, რომ მართალია მდიდრული არაა ჩვენი ტრაპეზი, მაგრამ მაინც დანაყრებულნი ვართ და შიმშილით არ ვკვდებით.

დიდება ღმერთს ყოველივესთვის!
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="3"][center][b]ბეთანია XX საუკუნეში[/b][/center][/size]
[center][img]http://www.orthodoxy.ge/tveni/seqtemberi/betanielebi/giorgi_ioane_basili.jpg[/img][/center] ფოტოზე: მამა ბასილი, მამა იოანე, მამა გიორგი


საოცარია, რომ ბეთანია, რომელიც XIX საუკუნის დასასრულამდე ყველასაგან მივიწყებულ, საუკუნოვან ნანგრევებსღა წარმოადგენდა, სანამ მიტოვებული ტაძარი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. სწორედ ამ საზარელი ათეისტური ქარიშხლის წინ იწყებს აღორძინებას და ამიერიდან იგი მოქმედი მონასტერი ხდება.

მონასტრის პირველი აღმდგენელი იყო მღვდელმონაზონი სპირიდონი (კეთილაძე). იგი აქ სრულიად მარტო ამოვიდა და მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ბეთანიაში დაჰყო, საიმედო თანამდგომთა გარეშე იღვაწა. 1894-96 წლებში მან დიდი გაჭირვებით მოახერხა, საკმარისად გაემართა სავანე იმისათვის, რომ მცირერიცხოვანი ძმობისათვის საცხოვრებლად გამოსადეგი ყოფილიყო. მას ეხმარებოდა პატარა გლეხის ბიჭი, ვასილ მაისურაძე, შემდგომში არქიმანდრიტი იოანე, რომელიც ათონის მთიდან გამოძევების შემდეგ, 1921 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ბეთანიის მონასტერში და გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა იქ არქიმანდრიტ გიორგისთან (მხეიძესთან) ერთად. ბერებს თავიდან საცხოვრებლად მომცრო ფარდული ჰქონდათ, შემდეგ შეძლეს ორსართულიანი სახლის აშენება, რომელშიც ოთხი სენაკი იყო. ოფიციალურად ბეთანიის მონასტერი მოქმედად არ ითვლებოდა, ძეგლთა დაცვის სამსახური მათ ხელფასსაც უხდიდა. სინადვილეში კი აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში, ღვთისმსახურებაც აღესრულებოდა, ტაძარში ხატები ესვენა, მამებიც სამონაზვნო სამოსში იყვნენ შემოსილნი. აქ ნათლავდნენ და ჯვარსაც სწერდნენ.

და სწორედ მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვა აღარსად გაისმოდა საქართველოში, ბეთანიის მონასტერს განსაკუთრებული მისია ეკისრა - იგი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობის მარად ცოცხალი ჭეშმარიტებანი, აღესრულებოდა ყველაზე ქმედითი აღიარება სარწმუნოებისა, არა მხოლოდ ამ ბერების სიტყვით, არამედ მათი მოსაგრე ცხოვრებითაც.

1954 წელს ბეთანიაში ერთი ახალგაზრდა კაცი, ვალიკო ფირცხალავა მივიდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა აქ და ბერადაც აღიკვეცა ბასილის სახელით, მერე კი მღვდელმონაზვნადაც აკურთხეს. იგი ფრიად კარგი ბერი და მოძღვარი, შესანიშნავი მქადაგებელი აღმოჩნდა. ასე რომ, ბეთანიაში იმ დროისათვის სერიოზული სულიერი ძალა იყო თავმოყრილი. მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა: 1957 წელს გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა მამა იოანე, 1960 წელს კი ამა ქვეყანას განეშორა 37 წლის მამა ბასილიც, რომელიც ტუბერკულიოზით დაავადდა. თუმცა მისი ნაადრევი აღსასრული მხოლოდ ავადმყოფობის შედეგი როდი იყო. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მონასტერს ყაჩაღები დასცემიან და ფული და ოქრო მოუთხოვიათ, იყო ბერების ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებიც. ერთხელ ქალაქიდან მარტო მიმავალ მამა ბასილს ვიღაცეები დახვდნენ და საშინლად სცემეს, ისე, რომ იგი ძლივს მილასლასდა მონასტრამდე. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და იგი მალე გარდაიცვალა. მამა ბასილი ნათესავებმა თეკლათის მონასტერში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს.

ასე დარჩა მამა გიორგი მონასტერში სრულიად მარტო. სამწუხაროდ, იმ ხანებში არ გამოუჩნდა მას ღირსეული მიმდევრები და მამა გიორგის გარდაცვალების შემდეგ მთელი 15 წლის მანძილზე მონასტერი დაცარიელდა!

მამა გიორგი და მამა იოანე ერთმანეთის გვერდით არიან დაკრძალულნი ბეთანიის მონასტრის ეზოში, ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს.

[size="3"][center][b]სავანის თანამედროვე აღორძინება[/b][/center][/size]
ბეთანიელი მამების ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ სავანე დროებით დაცარიელდა. დადუმდნენ საეკელსიო საგალობლები და ლოცვითი ღაღადი ტაძრის თაღებქვეშ; მტვრით დაიფარა კანკელი, ანალოღია, შანდლები; ბუჩქნარითა და ჭინჭარ-სარეველით დაიბურა საბოსტნეები და ბაღები; დაიჟანგა თუნუქის სახურავი და ძველ ფრესკებზე წვიმის წყალმა წვრილ ნაკადებად იწყო ჩამოღვრა. მონასტრის ნაგებობებს სავანიდან ორიოდ კილომეტრში მცხოვრები მოხუცი გლეხი ივანე წიკლაური (ვანო პაპა) დარაჯობდა: მან ხატები და წიგნები სახლის ერთ-ერთ ოთახში შეიტანა, იქვე დააწყო საეკლესიო ნივთებიც და ეს ყველაფერი ბოქლომით ჩაკეტა. უწინდებურად მოდიოდნენ ტურისტები, თუმცა ახლა - მხოლოდ იმისთვის, რომ დაეთვალიერებინათ მიგდებული, მაგრამ „საინტერესო არქიტექტურული ძეგლი“. შემდეგ მონასტერში რესტავრატორები და არქიტექტორები მოვიდნენ და დაიწყო კვლევაძიებითი სამუშაოები ფრესკებზე, ჩაატარეს კედლების ქვით მოპირკეთების ნაწილობრივი რესტავრაცია, გადააკეთეს ტაძრის სახურავი, შეაკეთეს სახლი, სადაც ერთ დროს ბერები ცხოვრობდნენ, ახლა იქ მხატვრები და მუშები შესახლებულიყვნენ. ეკლესიაში წმიდა ტრაპეზი კუთხეში მიეწიათ და ზედ სხვადასხვა ძველმანები მიეყარათ; კანკელი და ხატები ტაძრიდან გაეტანათ და შიგა ნაწილი გაურანდავი ფიჭვის მორებისგან აღმართული ხარაჩოებით აევსოთ. ტაძრის ინტერიერი ბნელ და ნესტიან მღვიმეს წააგავდა. იგი ძალზე მოეწონათ ტყის ფრინველებსა და ცხოველებს. ტაძარში ჭოტებმა და ღამურებმა დაიდეს ბინა, და ღამღამობით ტაძრის კარებიდან და სარკმლებიდან ისმოდა აკუსტიკით გაძლიერებული მათი შემზარავი ყივილი.
[img]http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/betania/karibche.jpg[/img]
ასე განვლო 15 წელმა... 1978 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო ბეთანიაში ორი ბერის გაგზავნა. უწინდებურად ათეისტური ხელისუფლება ამას რაღაც სასწაულით დათანხმდა, თუმცა კი იმ ხანებში საქართველოში რომელიმე ახალი მონასტრის ამოქმედებაზე თითქოს ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. მაგრამ ბეთანია ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი აღმოჩნდა. იგი პირველი მამათა მონასტერი გახდა, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. პირველი იგი დაუბრუნდა სიცოცხლეს და გაიკვირტა, როგორც მომავალი დათბობის მომასწავებელი. მხოლოდ 80-იანი წლების დასასრულისათვის, ბეთანიის მონასტრის ამოქმედებიდან ათი წლის შემდეგ, დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფოებრივ წყობასა და საზოგადოებაში; შეიცვალა ხელისუფალთა დამოკიდებულება ეკლესიისადმი, დაიწყო ახალი ეკლესიებისა და მონასტრების ამოქმედება. მაგრამ ამ დრომდე საქართველოში ბეთანია რჩებოდა თავისებურად ერთადერთ და განსაკუთრებულ ადგილად, რომელიც სასიხარულო და მანუგეშებელი თავშესაფარი იყო ბევრი, ძალიან ბევრი მორწმუნისათვის.
[img]http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/betania/betania4.jpg[/img]

პირველ წლებში სავანეში მხოლოდ წინამძღვარი და ორი მორჩილი ცხოვრობდა, დანარჩენი კი მხოლოდ სტუმრები იყვნენ, მომსვლელ-წამსვლელნი, თუმცა ზოგიერთი მათგანი მონასტერში დიდი ხნითაც რჩებოდა. შემდეგ კი უფრო სერიოზულად და თავდადებით განწყობილმა ქრისტიანებმა იწყეს მოსვლა, რომელთაც აღარ სურდათ უკან დაბრუნება.

ათეისტური იდეოლოგიის დამარცხების შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადში მღვდლებისა და ბერ-მონაზვნების მთელი არმია აღიზარდა. და ძალზე ბევრნი, დღევანდელი საქართველოს ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები, არქიმანდრიტები და თვით ეპისკოპოსებიც ოდესღაც თავიანთ გზას აქ - ბეთანიაში იწყებდნენ. მათ კარგად ახსოვთ ღვთისმშობლის შობის ეს სავანე და მასზე ძალზე თბილადაც საუბრობენ. ღმრთისმშობელმა აქედან საქართველოს ყველა მხარეში თითქოსდა რაღაც საოცარი კანდელიდან ანთებული სანთლები დაგზავნა, რათა სხვა ძველი ლამპრების ანთებულიყო. მთელ საქართველოში დაიწყო მიგდებული ეკლესია-მონასტრების ნანგრევებიდან აღდგენა, და მათკენ მძიმე ავადმყოფური ძილისაგან გამოფხიზლებულმა ქართველმა ხალხმა იწყო ლტოლვა.

ჩვენ გვწამს, რომ აქ, ბეთანიაში ჩვენზე ღვთის დაუშრეტელი წყალობა გადმოდინდება, რომელიც აქ ყოველთვის უხვად ცხადდებოდა, და ღმრთისმშობლის საფარველის ქვეშ, აქ განსვენებული ორი წმიდა ბერის ლოცვით, სულიწმიდის მადლით, კვლავ აღორძინდება საქართველოში ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრება.


გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 38 (191), 2002 წ.
არქიმანდრიტი ლაზარე „ბეთანია - სახლი სიგლახაკისა“, თბილისი, 2002 წ.

ფოტოები: ლუარსაბ ტოგონიძე
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/betania/betania.htm
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ლეჩხუმში სოფელ თაბორში არის მე-6 საუკუნის ციხე ეკლესია რომელიც სოფლელებმა თავისი ხარჯებით აღადგინეს და ბევრი ფრესკა განადგუედა რადგან მათ საშენ მასალად გამოიყენეს, ძალიან მინდა მოხდეს ამ ძეგლის შესწავლა თუ ამის საშვალება იქნება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0