Перейти к содержимому


გოდერძი ჩოხელი


გამოხმაურებები თემაში: 167

#51 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა
გოდერძი ჩოხელი

აი, ახლა ამ მოთხრობის წერასაც ძია საშა მაბედვინებს, იგი სულეთის ქვეყნიდან გამომყურებს და თითქოს მაქეზებს:

- დაწერე! დაწერე!

მანამდე კი, სანამ ძია საშა გახდებოდა ჩემთვის, ბატონი საშა იყო, ყველასათვის მკაცრი და წესრიგის მოყვარე ბატონი საშა, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც სულ ზეპირად იცოდა, რომელ ჯგუფში რამდენი სტუდენტი ვიყავით და ვინ როდის, რამდენი წუთით დავაგვიანეთ ამა თუ იმ ლექციაზე. დაირეკებოდა თუ არა ლექციის დაწყების ზარი, ბატონი საშა შემოივლიდა ინსტიტუტს, ყველა აუდიტორიის კარს შეაღებდა, კარში გაჩერდებოდა და დაითვლიდა: ერთი, ორი, სამი... სად არის მეშვიდე? სად არის მერვე? და ა.შ., იმის მიხედვით, რამდენი სტუდენტი ვაკლდით ლექციას. მე რაკი მთიდან ვიყავი ჩამოსული, მეცხვარეს მეძახდა. ხშირად მაგვიანდებოდა, განსაკუთრებით პირველ ლექციაზე და ბევრჯერ მიმისწრია იმ დროს, როცა ჩემი მისამართით ხმამაღლა ყვიროდა ბატონი საშა:

- სად არის მერვე? მე თქვენ გეკითხებით, სად არის მეცხვარე?

- მოვა პატივცემულო, ხომ იცით, შორს ცხოვრობს, - იმხანად ნათესავთან ვცხოვრობდი ლოტკინის გორაზე.

- აგე, აგე მოვიდა, - ეუბნებოდნენ ჩემი თანაკურსელები და მეც დანაშაულში დაჭერილი, თავჩაღუნული ვჩერდებოდი კართან.

- რატომ აგვიანებ, ჰა! - მერამდენედ მიყვიროდა ბატონი საშა.

- ავტობუსს დააგვიანდა, ბატონო საშა და მეც ვეღარ მოვედი დროზე.

- ავტობუსი არ ვიცი მე, ავტობუსი არ სწავლობს ამ ინსტიტუტში და რა ჩემი საქმეა, სად დააგვიანდა, შენ რატომ აგვიანებ, შენ, შე მეცხვარე შენა, რას მოეთრეოდი მთიდან, თუ ინსტიტუტში დროზე მოსვლა არ შეგიძლია, ყოფილიყავი ცხვარში.

- მაპატიეთ, პატივცემულო, მეტს აღარ დავაგვიანებ.

- დააგვიანებ და დაემშვიდობე, მოგიხსნი სტიპენდიას! - მემუქრებოდა ბატონი საშა. მაშინ სტუდენტისათვის სტიპენდია, განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსულთათვის, ყოფნა-არყოფნის ტოლფასი იყო და ყველა ვცდილობდით, როგორმე არ დაგვეგვიანა, რომ ბატონ საშას თავისი მუქარა მართლა არ შეესრულებინა. მახსოვს, ერთხელ ერთ ქუთაისელს როგორ დაემუქრა:

- ქუთეისი, მოგიხსნი სტიპენდიას!

- არ მაქვს, პატივცემულო! - ნიშნისმოგებით და ღიმილით შეეპასუხა ქუთაისელი.

- დაგინიშნავ და მოგიხსნი! - თავისი პრინციპიდან არ გადაუხვია ბატონმა საშამ და რაც შეჰპირდა, მართლა შეასრულა.

ქუთაისელმა ბატონი საშასათვის სამაგიეროს გადახდა მოინდომა და თავისი თანაკურსელი აიყოლია. ბუტაფორიული საამქროდან თავისი სპექტაკლისათვის გამზადებული კუბო, სასახლეს რომ ეძახიან (ზოგისთვის მართლა რომ სასახლეა და ზოგისთვის მართლა კუბო) თავიანთ აუდიტორიაში შეიტანეს, შიგ ქუთაისელი სტუდენტი ჩაწვა, გულზე ხელები დაიკრიფა და ასე დაელოდნენ ლექციის დაწყებას. დაირეკა ზარი, იმათ აუდიტორიის კარი ჩვეულებისამებრ შეაღო ბატონმა საშამ, დაითვალა სტუდენტები და იკითხა:

- სადაა, ქუთეისი?

- მოკვდა, პატივცემულო! - ტირილი მორთეს ქუთეისის თანაკურსელებმა.

ბატონი საშა შეცბა:

- როდის?! როგორ?! რა დემართა?! - კითხულობდა შეშფოთებული.

- ლაღიძის წყლის დასალევად იყო შესვენებაზე გადასული, რუსთაველის პროსპექტი გადმოირბინა და მანქანამ დაარტყა. იქვე დალია სული და ეს-ესაა ჩავასვენეთ - ფარდის უკან სასახლში ჩასვენებული ქუთეისი აჩვენეს სტუდენტებმა და ერთხანს ტირილი შეწყვიტეს; ყველას აინტერესებდა შემდეგი სცენა. ბატონი საშა თავზე დაადგა ქუთეისს და ეჭვით მიმოიხედა. მერე დაბალ ხმაზე წამოიწყო:

- ქუთეისი!

ქუთეისი წევს, არ ინძრევა, არც სუნთქავს, გულზე ხელები აქვს დაკრეფილი.

- ქუთეისი, ადექი ზეზე! - ცოტა ხმას აუწია ბატონმა საშამ. ქუთეისმა უფრო შეიკრა სუნთქვა.

- ქუთეისი ადექი ზეზე! - ქუთეისი არ ინძრევა.

- ქუთესი, ადექი თორემ ისევ დაგინიშნავ და ისევ მოგიხსნი სტიპენდიას.

ქუთეისი არ ჩუჩუნებს.

ბატონმა საშამ ჩაიმუხლა, სასახლეში მწოლიარეს გულზე ყური დაადო, ჯერ თავზეწამომდგარ სტუდენტებს ახედა, მეტე ქუთეისს ყურში უჩურჩულა:

- ადექი, შე ღვთის უბედურო, თორემ ემანდ მართლა არ გაიგუდო და მერე მე კი არა, ღმერთიც ვეღარ დაგინიშნავს სტიპენდიას.

„მკვდარი“ სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე.

ბატონი საშა მშვიდად გავიდა აუდიტორიიდან. იგი ჩია ტანის კაცი იყო, ასაკი არ ეტყობოდა, მე მგონი, თეატრალური ინსტიტუტის დაარსების დღიდან აქ იყო და მთელი ამ ხნის მანძილზე რუსთაველის პროსპექტზე მოსეირნე ხალხი ხშირად გაკვირვებულნი უყურებდნენ, სასტუმრო „თბილისის“ ქვეშ მდებარე სახინკლედან როგორ ფაცხაფუცხით მიჰყავდა ქუჩაზე გოლიათები: ხან ბატონი დოდო აბაშიძე, ხან ზურა ქაფიანიძე და რა ვიცი, სავსე იყო გოლიათებით ინსტიტუტი. ვინც არ იცოდა, ვინ იყო ბატონი საშა, გაკვირვებული იყო ამ სანახაობით, ვერაფერი გაეგოთ, რატომ ეშინოდათ ამ გოლიათებს ასეთი ჩია ტანის კაცისა, მაგრამ ათეული წლების მანძილზე მეორდებოდა ასეთი სცენები და ბევრმა უკვე იცოდა, რაც ხდებოდა.

ერთხელ, ის-ის იყო გავცდი ოპერის შენობას, რომ ჩემი თანაკურსელი, კარგად მოსული, თეძოებიანი გოგო წამომეწია, შეშინებულმა ხელკავი გამომდო და წამჩურჩულა: ჩქარა, ზარი უკვე დაირეკა, საშა მოგვდევს უკან.

ფეხს ავუჩქარეთ.

უკნიდან გვესმის ბატონი საშას კომენტარები:

- მეცხვარე, ისევ დააგვიანე, არა?

- არ მიიხედო, ვითომ ვერ ვხედავთ, - წამჩურჩულა გოგომ.

- ვითომ არ ესმით. ეს კიდე, ნახე, ნახე, როგორ მიაქანავებს! - გვეწევა ბატონი საშა. ჩემი თანაკურსელი აღშფოთებული სახით მიუბრუნდა და წინ გაუჩერდა.

- ჩანთას, გოგო, ჩანთას, - დაუყვავა ბატონმა საშამ და მერე სამივემ ერთად ავუჩქარეთ ნაბიჯს.

იმ დღეს გადავრჩი, რომ სტიპენდია არ მომიხსნა, მაგრამ ერთი კვირის მერე, ისევ ოპერის თეატრთან მომესმა ჩვენი ინსტიტუტიდან ზარის ხმა.

- მეცხვარე ისევ არ იშლი დაგვიანებას, არა?! - უკნიდან ბატონი საშას ხმა გავიგონე.

მივიხედე. მართლა ისაა. რა ვიცი, ამ ბოლო დროს თვითონ რატომ აგვიანებს. ეტყობა ავადაა და მაინც დადის სამსახურში, თავს არ უტყდება. ელდანაცემი გავიქეცი ინსტიტუტისაკენ. ძირს არ ვიხედები, მეშინია, არ დამეწიოს და აუდიტორიაში მინდა დავხვდე შემოწმების დროს. ის-ის იყო, მივაღწიე ინსტიტუტის შესასვლელს, რომ უცებ ასფალტი ჩაინგრა და მიწაში ჩავვარდი. ეტყობა, ამ ადგილას გამდინარე წყლებია და რუსთაველის თეატრის შენობაც, რომელიც ჩვენს ინსტიტუტს ეკვრის, იმან დააზიანა. ცოტა ხნით გონება დავკარგე, მერე ბატონი საშას ხმა შემომესმა:

- მეცხვარეე!

ავიხედე: ქვევრის პირივით პირმორღვეულ ასფალტს ზემოთ ბატონი საშა ჩამომჩერებია:

- რა გინდა მანდ?! მიწის ზემოთ არ გეყო გაცდენები და ახლა მიწაშიც მემალები, არა?! ამოდი ზემოთ! ამოდი ჩქარა!

მე წამოვიწიე, მაგრამ ღონე არ მყოფნის, ისე ვარ გაოგნებული.

- არ ამოდიხარ, ხომ? დამაცა, მოგიხსნი სტიპენდიას და იჯექი მანდ მეორედ მოსვლამდე, აღდგომას დაელოდე. მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა სტიპენდიის მოხსნა! - ორმოში მესმოდა ბატონი საშას მუქარა, რომელიც უკვე ინსტიტუტში შევიდა.

ვიჯექი ბნელ ორმოში და ვფიქრობდი, ეს რა იყო?!

რა დამემართა?!

ან ეს ორმო საიდან გაჩნდა, მაინცდამაინც ახლა... ბედი არა მაქვს და ეგ არის... ახლა კი მართლა მომიხსნის სტიპენდიას და რა მეშველება. სახლიდან ვინ რას გამომიგზავნის, თვითონაც უჭირთ. რას ავიტეხე ეს კინო და თეატრალური ინსტიტუტი, ვყოფილიყავი მართლა მეცხვარე. ყველაფერი იმის ბრალია, ვინც პირველად კინო მოიტანა გუდამაყარში. მაშინ მესამე კლასში ვიყავი, მთელ ხეობაში გავარდა ხმა, კინო მოიტანეს, ამ საღამოს უჩვენებენო, აუარება ხალხი შეგროვდა სკოლის შენობასთან, რომლის ერთ კედელზეც თეთრ ზეწრებს კიდებდნენ ეკრანის სანაცვლოდ. დაღამებას ელოდებოდნენ, სიბნელეში უფრო კარგად გამოჩნდებაო. ერთმა ჩვენებურმა კაცმა შეგვაშინა, კინოს კი ნახავთ, მაგრამ თავიდან ფრთხილად თუ არ იყავით, კინოს ისეთი მჭახე ხმა აქვს, შეიძლება ყურის ბარაბნები დაგიხეთქოთ და დაყრუვდეთ.

ჩვენ შევშინდით.

- ნუ გეშინიათ, მე წინ დავდგები, ყურებში თითებს გავიკეთებ და თქვენც გაიკეთეთ, მერე მომენტს შევურჩევ, როცა დაბალ ხმაზე ილაპარაკებენ, ნელ-ნელა გამოვწევ თითებს და თქვენც ასე ქენით, ნელ-ნელა შეეჩვიეთ.

ყველამ თითები გავიკეთეთ ყურებში.

ჩამობნელდა.

დაიწყო კინო.

დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, კინაღამ გადავირიე ამ არაჩველებრივი სანახაობით. ვხედავ, ჩვეულებრივად დადიან იმ უჩვეულო მეორე სამყაროში ადამიანები, ლაპარაკობენ... მივიხედ-მოვიხედე, ყველას გამოღებული აქვს ყურებიდან თითები და გულიანად იცინიან. მეც მინდა მოვისმინო, რას ლაპარაკობენ კინოში, მაგრამ დაყრუებისა მეშინია. მერე ჩემთვის გადავწყვიტე, მოდი, რაც იქნება, იქნება, ჯანდაბას, ერთი ყურით დავყრუვდები, ოღონდ მოვისმინო, რას ლაპარაკობენ, რაზე იცინის ეს ხალხი, მაგრამ კარგა ხანს იმაზე ვიჭოჭმანე, რომელი ყური გამეწირა, მარჯვენა თუ მარცხენა. ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა: კაცს რასაც მარცხენა ყურში ეშმაკი ჩასძახებს, მიდი, ასე-ასე გააკეთე, ასე-ასე ქენიო, მარჯვენაში კეთილი ანგელოზი ელაპარაკება და ჭკვაზე არიგებს. რაკი ასეა, მარცხენა ყურიდან გამოვწიე თითი და ეკრანიდან ძახილი გავიგონე: გოდერძი! გოდერძი, შვილო!

ვაი!

მიცნო!

მე მეძახის! - გამიკვირდა მე, რა ვიცოდი, რომ ჯარისკაცის მამა თავის შვილს ეძახოდა. იმ დღიდან მოვიწამლე კინოთი და სხვა საქმეა, რა გადამხდა და როგორ ჩავაბარე ინსტიტუტში, როგორ დავწერე კინოს გარჩევის ნაცვლად ლექსი, რაკი რუსული არ ვიცოდი და გამოცდაზე რუსული ფილმი გვაჩვენეს. ვერაფერი ვერ გავიგე და შემრცხვა, ცარიელ ფურცლებს ხომ არ ჩავაბარებდი, ლექსი დავწერე: ირემზე, რომელიც ბარად ჩამოვიდა და დაჭრეს, არწივზე და მგონი კიდევ შვლის ნუკრიც შევურიე შიგ - ყველა ამათგანში კი ჩემს თავს ვგულისხმობდი.

სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა ჩემი ბედი.

გამიყვანეს მეორე გამოცდაზე. მოდიოდნენ ჩემს სანახავად: მთიდან ვიღაც პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და კინოფილმების გარჩევას გამოცდაზე ლექსადა სწერსო. ერთი დარბაისელი კაცი შემოვიდა, გამომკითხა, ვინა ვარ და საიდანა ვარ. მოვუყევი, რატომ მიყვარს კინო. მერე იმ კაცმა მხარზე ხელი დამადო და მითხრა: შვილო, მიგიღებთ, ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება, თბილისმა არ გაგაფუჭოს!

წავიდა ის კაცი. მერეღა გავიგე, რომ ინსტიტუტის მაშინდელი რექტორი იყო. აი ახლა, ინსტიტუტის წინ ფეხქვეშ ასფალტი ჩამენგრა, ვზივარ იმ ორმოში და თან იმ კაცის ხმა მესმის, თან საშას მუქარა, რომ მომიხსნის სტიპენდიას.

რა ვქნა, ჰა?

ამოვფოფხდი მაღლა და დარდიანი შევედი ინსტიტუტში.

მერეც დარდიანი დავდიოდი, ვიცოდი, შემისრულებდა ბატონი საშა დანაპირებს.

დადგა სტიპენდიების გაცემის დღე.

მე, რა თქმა უნდა, სალაროსთან არ მივსულვარ, მაგრამ ჩემმა თანაკურსელმა მითხრა, მოლარე გეძახისო. გულში იმედი ჩამესახა. ორმოცი მანეთი მქონდა, რაკი ოთხები მეწერა საგამოცდო მატრიკულში. ხუთოსნებს ორმოცდაათ მანეთს აძელვდნენ. ახმეტელის სახელობის სტიპენდიანტებს - სამოცს, მარჯანიშვილისას - ოთხმოცს, ხოლო ლენინურ სტიპენდიანტებს - ას მანეთს.

- ჩოხელო, რატომ არ იღებს სტიპენდიას, ჰა? - გამიღიმა მოლარემ.

- აღარა მაქვს, მომიხსნა ბატონმა საშამ.

- მოგიხსნა კი არა, მოგიმატა, აჰა - მომაწოდა ფული მოლარემ.

დავითვალე და ასი მანეთია. სამოცს უკან ვუბრუნებ, შეგეშალათ-მეთქი.

- არაფერიც არ შემეშალა, ბატონმა საშამ ლენინური სტიპენდია დაგინიშნაო - ისევ გამიღიმა მოლარემ.

წამოვედი გახარებული. რესტორან „თბილისში“ მაშინ კაცი ათი მანეთი ჯდებოდა.

მერე გავიგე, როცა ბატონმა საშამ ჩემზე ითხოვა ლენინური სტიპენდია დავუნიშნოთო, პროფესორ-მასწავლებლებს გაკვირვებით უკითხავთ, კი მაგრამ რა დამსახურებისთვისო?!

- ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არ მინახავს, რომ ამოდენა თბილისში, ამდენი ხალხი რომ მიდი-მოდის, ვინმეს ფეხქვეშ მიწა ჩანგრეოდეს და მიწაშე ჩავარდნილიყოს. მაინცდამაინც მაგ საწყალ მთის ბიჭს ჩაენგრა ფეხქვეშ მიწა და ვინ იცის, რა შიში ჭამა. ეს ჩემი პირადი თხოვნაა თქვენდამი, რომ დავუნიშნოთ ლენინური სტიპენდია, - ასე უთხოვია მათთვის ბატონ საშას, ახლა უკვე ჩემს ძია საშას. კომკავშირის „ცეკელებისაგანაც“ ძია საშამ დამიხსნა. რაკი ლენინური სტიპენდიანტი ვიყავი, უნდოდათ დავალებები მოეცათ და ინსტიტუტში მომადგნენ წასაყვანად.

- ვერ გამოვუშვებ! - მკაცრად განუცხადა ძია საშამ.

- რატომ?! - გაუკვირდათ იმათ.

- რეპეტიციები აქვს, როლს თამაშობს.

- რა როლს? - დაინტერესდნენ.

- მეცხვარის როლს! - არ დაიბნა ძია საშა.

- რა პიესაა?

- აღდგომა! - ეს სიტყვა რატომღაც დამარცვლით უთხრა ძია საშამ.

ისინი ნაწყენი სახეებით წავიდნენ.

ძია საშაც წავიდა ამ ქვეყნიდან - და ახლა, როცა ძალიან მომენატრება, სულეთის ქვეყნისაკენ მივაპყრობ ხოლმე გულისყურს და მაშინ, თითქოს ცხადში, ისე ვხედავ ძია საშას: თან მიღიმის, თან თითს მიქნევს და რაღაცას მეძახის მკაცრი ტონით იქიდან. ალბათ მაიმედებს - ყოჩაღად იყავი, ჩემო მეცხვარე ბიჭო, არ ჩაუმუხლო წუთისოფელს!

- და მისი შემხედვარე, მეც იმწუთას ვმხნევდები, აღარ მეშინია, რომ კიდევ ჩამენგრევა ფეხქვეშ მიწა; ვიცი, თუ ასე მოხდა, ჩემი ძია საშა იმდენს შესძლებს, იქიდანაც მოახერხებს და მისი სულის ნათელი დამეხმარება აქ, თანაც მჯერა მთელი სულით და გულით, მთელი ჩემი არსებით მჯერა იქნება, იქნება, აუცილებლად კიდევ იქნება აღდგომა.


''U motherfuckers can't stop me!''

#52 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
ნაწილიანი
გოდერძი ჩოხელი

_ გამიხარდავ, ა გამიხარდავ!
_ გადი, კაცო, დარდების შემგროვებელი იძახის.
_ შენ გადი, სალომე.
_ მე რატომ გავიდე, გადი, გახისფეხდი.
_ რა ვუთხრა მერე?
_ აი, რა უნაღვლელი კაცი ხარ, ნეტავ როგორა ვძლებთ შენ ხელში. არაფერი გადარდებს, კაცო?!
_ მერე მაგას რა თავში ვახლი ჩემ დარდს.
_ გადი, ხო იცი, თუ არაფერს ეტყვი, არ მოგეშვება.
გამიხარდამ მხარტყავი წამოისხა და დერეფანში გამოვიდა. ეზოს იქით გამხდარი კაცი იდგა, ზურგზე გუდა ეკიდა და ერთ ადგილზე შეშფოთებული წრიალებდა.
_ რა შორიდან იძახი, ჩაჩავ, შემო შიგნით, კაცო, _ დაუძახა გამიხარდამ.
ჩაჩაი შიგნით შემოვიდა, გამიხარდაის წინ საქმიანად დადგა, გუდა მოიხსნა და ქაღალდები ამოშალა. თან ქაღალდებს იღებდა და თან გაიძახოდა:
_ იცი, რისთვის მოვედი?
გამიხარდამ იცოდა, რისთვისაც იყო ჩაჩაი მოსული და თავის თავში ეძებდა პასუხს. ჩაჩაი კი წრიალებდა და ბზრიალებდა.
_ იცი, რისთვის მოვედი?
_ შინ შევიდეთ, კაცო, აქ რას ვდგავართ.
_ არა, მეჩქარება, იცი, რისთვის მოვედი?
_ წამო, შინ შევიდეთ.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ მაინც გეტყვი, რა ვიცი, კაცნი ვართ, იქნებ შენც ამოგაჩნდეს.
_ თუ რამე შემიძლია, ჩემი თავი შენ გენაცვალოს.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ არაფერი გადარდებს?
_ შინ შევიდეთ, იქ გეტყვი.
_ მეჩქარება, გაღმა სოფელში ვარ წასასვლელი.
_ ძალიან მადარდებს.
_ რა, რა? _ ჩაჩამ ფანქარი მოიმარჯვა და ენაზე დაიწო ფრთხილად.
_ ის, რომ სახლში არ შემოდიხარ.
მეტი რაღა გზა ჰქონდა ჩაჩას, მა რაღა დარდების შემგროვებელი იქნებოდა, თუ იმის მაგივრად, რომ კაცისთვის დარდი გამოერთვა, პირიქით მისცემდა თავად.
_ შემო, შემო, რაღა ფეხებს იწმენდ, _ ეპატიჟებოდა გამიხარდაი.
სალომე სუფრის გაშლას შეუდგა.
_ მთავარი დარდი მინდა, მთავარი, _ გაიძახოდა ჩაჩაი და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.
გამიხარდამ ვერაფრით ვერ მოიფიქრა სათქმელი და აძალებდა და აძალებდა არაყს.
_ მე დარდი მაქვს სათქმელიო, _ არა სვამდა, მთავარ დარდს კი მაინც ვერ იგონებდა.
ნამგზავრ-ნაჯაფარ ჩაჩას მალე მოეკიდა სასმელი და მაგიდაზე ჩამოიძინა.
_ რა ვუთხრა ამ კაცს, _ ფიქრობდა გამიხარდაი. მერე თვალები გუდაზე გაუშტერდა და გაუხარდა.
_ რას ჰქექავ, კაცო, არ გამოიღვიძოს, წავა და იტყვის, დამათრო და მქურდავდაო.
_ რა არის აქ გასაქურდი, შე კაი დედაკაცო, ხალხის დარდს მინდა თვალი გადავავლო, გავიგებ, ვის რა აწუხებს და ჩავალაგებ ისევ.
_ ისემც მეხი ჩამოგაყარე, როგორც შენ ხალხის დარდი გადარდებდეს.
_ ნუ ამბობ მაგას, სალომე, მოდი, რა სწერია?
გამიხარდამ ჩუმად დაიწყო კითხვა:
დარდი ¹12 _ გუდამაყრელი ხოხაი: _ მკითხავმა მითხრა, ხატის მიზეზი გაქვთო და არ ვიცი, რომელი ხატისა.
დარდი ¹8 _ გუდამაყრელი ბუთულაი: _ ცოლი გამექცა და სად წავიდა, არ ვიცი.
დარდი ¹55 _ ხევსური აბიკაი: _ ბაწარაულთ მგელიკას მართებს ჩემი სისხლი.
კიდევ აპირებდა სხვისი დარდების კითხვას გამიხარდაი, რო ამ დროს ჩაჩას გამოეღვიძა და გაიზმორა.
_ ჩაჩავ!
_ იცი, რისთვის მოვედი?
_ ჩემი თავი შენ გენაცვალოს.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ... _ ჩაჩამ ფანქარი დაიწო ენაზე და ცოტა ხნის მერე დარდებით სავსე გუდას ასეთი ქაღალდი მიემატა:
დარდი ¹421 _ გუდამაყრელი გამიხარდაი: _ მე მადარდებს ის, რომ წყალში მთები, ხეები, კაცები სულ თავდაყირა ჩანან.
სალომეც გაკვირვებული იყო და ჩაჩაიც. მიდიოდა და სულ ერთსა და იმავეს იძახოდა:
_ გამიხარდაი კი ჰქვიან, მაგრამ...
_ აწყენინე, აწყენინე შენ იმ კაცს, _ ეჩხუბებოდა სალომე ქმარს.
_ ვაწყენინე, თორემ ეხლა...
სალომემ პირზე დააფარა ხელი და მეტი აღარაფერი ათქმევინა.
_ ავი არა წამოგცდეს რა, ხო იცი, რო ნაწილიანია, რაღა შენ არა გჯერა.
_ იქნებ არ არის.
_ თუ ხალხისთვის არის, შენთვის რატომ არ უნდა იყვეს, შე ენაგასახმობო, შენა! არ გახსოვს, ბეჭში რო ჩაიხედა და თქვა, საქონელია ზვავში ჩაცვივნილიო. ხო გამართლდა.
_ გამართლდა კი, მაგრამ სანამ იმ ბეჭში გაიხედავდა, ზვავში ჩაიხედა მაგან.
_ ზვავმა რო დახოცა ხალხი და ვეღარ პოულობდნენ, იმათზეც ხო თქვა, თოვლის ძირ ეძებეთო. ისაც ხო გამართლდა.
_ მაგას ხო მეც ვიტყოდი. თოვლისაგან დატანილი, თოვლის ძირ უნდა ეძებო, განა ჩაჩასთან.
_ ისეთმა ჩაგიტანოს, რო ვეღარ ასდგე. რატო შენ არა სთქვი, თუ იცოდი, რო თოვლის ძირ იყვნენ.
_ რას ჩამაცივდი, დედაკაცო, რა ვთქვი ისეთი, ჩემი სადარდებელი ვუთხარი, მეტი ხო არაფერი.
_ მეტი ნუღარა გადარდოს რა ჩემმა გამჩენმა, აი! შენ იქნება არც ის გჯერა, ღამღამობით ბეჭი რომ უნათდება.
_ ვინა ნახა.
_ მაგის ცოლი იძახის, მარჯვენა ბეჭში, შუაღამისას, ჯერ თხილის ოდნად გამოუნათდება, გაიზრდება, გაიზრდება და ვარსკვლავივით აბრჯღვინებსო. გაშტერებულია ხალხი იმის მონაყოლით. არა დაგაჯეროს რა გამჩენმა.
_ მჯერა, ჰო, მჯერა!
ძლივს მოიშორა თავიდან ცოლი გამიხარდამ.
იმ კვირია მოათავა გუდამაყრელთა დარდების შეგროვება ჩაჩამ და ქვენამთის გადასასვლელით მოხევეებში გადავიდა.
ხალხში «ნაწილიანის» სახელი ჰქონდა გავარდნილი და რა ეკარგებოდა, ხმარობდა მაგ სახელს.


***
იქ, სადაც ოთხი ხეობა ერთმანეთს ეყრება, დიდი კლდე დგას. ლურჯი, მკერდშეწეული და წვერწამოხრილი. ხოსროკლდე ჰქვია.
კლდის ქვემოთ ამღვრეული მდინარე მიჰქუხს, ზემოთ მხარკვერიანი არწივები დაბუინობენ, ცისა და მიწის შესაყარია ხოსროკლდე. ზვიადია და ყველა რიდით შეჰყურებს.
მოიკიდა ერთ დღეს ჩაჩამ დარდებით სავსე გუდა, გავიდა ხოსროკლდის წვერზე და აღარ ჩამოვიდა.
_ რამ გაიყვანა ის უბედური.
_ უთქვია, ღმერთთან მიმაქვს ხალხის დარდიო.
_ რო აღარ ჩამოდის?!
შეიკრიბა ხალხი ხოსროკლდესთან ოთხივე ხეობიდან. გამართეს ბჭობა, ითათბირეს. მერე თემის თავკაცებმა გასძახეს ჩაჩას:
_ ჩამოდი ეხლა, ჩაჩავ, დაბლა.
_ არ ჩამოვალ, რა მინდა მანდ.
_ მანდ რაღა გინდა, შე უბედურო, შენა!
_ როგორ თუ რა მინდა, ვერა მხედავთ, რო ხთისშვილი ვარ, რა შნოზე მელაპარაკებით.
_ გაგიჟებულა ეგ უბედური.
_ ვაიშიღა, გუდამაყრელებო, დაღუპა თქვენმა «ნაწილიანმა» ჩვენი დარდები, _ გააქილიკეს მოხევეებმა გუდამაყრელნი.
მერე ამოარჩიეს რამდენიმე ახალგაზრდა და ჩაჩაის ჩამოსაყვანად გაგზავნეს კლდეზე. იმან რო დაინახა, ჩემთან მოდიანო, კლდეზე გადმოიწია და ხალხს გადმოსძახა:
_ არ მამეკაროთ, თორო გადმოვვარდები!
ისე იყო კლდეზე გადმოკიდებული, ხალხს შეეშინდა, მართლა არ გადმოვარდესო და კლდეზე აცოცებულნი უკან დააბრუნეს.
ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ ჩაჩას, ჩამოდი და უბატონოდ ხმას არ გაგცემთო. ჩაჩას გულში სიამოვნებდა ხალხის ხვეწნა და გადმოიწევდა ხოლმე, ვითომ ვარდებოდა, თან კიოდა:
_ გადმოვვარდები!
_ ნუ, შე უბედურო.
_ არა გჯერათ, რო ხთისშვილი ვარ?! _ და თანდათან უფრო იხრებოდა.
_ გვჯერა, გვჯერა, _ შესძახოდა ხალხი.
_ გადმოვვარდები!
_ ნუ, შენ მადლსა.
_ დაიჩოქეთ, თორემ გადმოვვარდები!
ხოსროკლდის შამბიან კალთაზე მუხლმოყრილი იყო ხალხი.
_ გადმოვვარდები! _ კიოდა ჩაჩაი.
_ ნუ, შენ მადლსა, _ შესთხოვდნენ ესენი.
არ ჩამოვიდა. ხალხს შეეცოდა და მორიგეობა დააწესეს. მანამდე უნდა ეყარაულნათ, ვიდრე შიმშილი არ ჩამოიყვანდა თავად.
პირველ დღეს მოხევემ უყარაულა. რამდენჯერაც კლდეზე ასული «გადმოვვარდებიო», დაიძახებდა, მოხევე მუხლმოყრილი ეხვეწებოდა:
_ ნუ, შენ მადლსა, ნუ გადმოვარდები.
მეორე დღეს მთიულმა უყარაულა ხვეწნა-მუდარით.
მესამე დღეს _ ხევსურმა აბიკამ. დადიოდა ხმალხანჯლიანი და შესძახოდა:
_ ოღონდ ნუ გადმოვარდები, მთვარეს მოვწველავ და იმის რძეს დაგალევინებ.
გუდამაყრიდან გამიხარდას ერგო ყარაულობა. მთელი დღე ეხვეწებოდა: _ ნუ გადმოვარდები, ნუ გადმოვარდებიო.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ... _ ჩამოს¬ძახოდა ჩაჩაი.
_ ნუ, შენ მადლსა.
შეწუხდა ხვეწნით გამიხარდაი, აღარ შეეძლო მეტი. მერე ცამაც პირი გაიხსნა და ისეთი წვიმა წამოვიდა, მიწას ძირი გააგდებინა. ის მაინც კიოდა:
_ გადმოვვარდები!
_ ნუ, შენ მადლსა, _ შესძახოდა გამიხარდაი და თან ცოტა იმედი ჰქონდა, იქნებ წვიმამ შეაწუხოს და ჩამოვიდესო. აღარ შეეძლო მეტის ატანა.
_ უნდა გადმოვვარდე! _ გადმოიწია ჩაჩამ.
_ გადმოვარდი, შენი!.. _ შესძახა გამწარე¬ბულმა ყარაულმა. ჩაჩამ თავი ვეღარ შეიკავა და წამოვიდა ტრიალ-ტრიალით...
გაცოფებული ეხეთქებოდა კლდეებს მდინარე, არც კი უგრძვნია, თუ ვინმე ჩაუვარდა ამღვრეულ ტალღებში...
_ ხომ მშვიდობაა? _ ეკითხებოდა სოფელში დაბრუნებულ გამიხარდას ხალხი.
_ წაიღო, _ თქვა გამიხარდამ.
_ რა წაიღო, აღარ იტყვი?
_ თქვენი დარდი.
_ ვინ წაიღო.
_ არაგვმა.
_ სად წაიღო.
_ სად და იქ, საცა უნდა დადგეს, რაც მე მადარდებდა.
_ ვერაფერი ვერ გავიგეთ შენი.
_ არ ჩაგიხედიათ დამდგარ წყალში?
_ ჩაგვიხედია.
_ დაგინახავთ რამე?
_ მთები... ჩვენი თავი.
_ წაღმა?
_ უკუღმა.
_ ჰოდა, აგაშენათ ღმერთმა...
გამიხარდამ გაოგნებული ხალხი მიატოვა და გზა განაგრძო! მთელი დღის ნაბობოქრალ ზეცას გამოედარა და მეწამული ფერი დაჰკრავდა.


''U motherfuckers can't stop me!''

#53 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
ნიკოლოზი
გოდერძი ჩოხელი

უცნაურია დროის მსვლელობა. რაც ერთ დროს კანონად და დოგმად ითვლება, რამდენიმე ხანში მთლიანად კარგავს თავის ძალას და სასაცილოც კია, თუმცა ყოველი მონაკვეთი ისტორიისა თავის დროზე ამტკიცებს თავის სიმართლეს და ერთადერთობას, თანაც ცდილობს თვითდამკვიდრებას.

ყაზბეგში, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისასა, გადამღები ჯგუფის შემოქმედებით კოლექტივს ერთიმეორეში ჩხუბი მოუვიდა.

რეჟისორი ამტკიცებდა, რომ გადასაღები სცენის დროს ხევისბერს უნდა გამოებრძანებინა თამარ მეფის ან რომელიმე ქართველი ერისკაცის სურათი.

მხატვარი სხვა აზრისა იყო. მას საჭიროდ მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ქრისტეს, წმინდა გიორგის ან რომელიმე მთის სალოცავის ხატი უნდა გამოებრძანებინა ხევისბერს.

სცენარის ავტორი საბრძოლო დროშას მოითხოვდა (თუმცა მთლად ავტორი არ იყო, ავტორად ითვლებოდა).

რომ ვერ შეთანხმდნენ, გაიკითხეს ხალხში და იმათ უკვე აღარაფერი იცოდნენ ძველი დროის შესახებ. ბოლოს ხალხმა ერთი ბებერი მოხევე გაიხსენა, სახელად ახალა.

ახალა ას წელს გადაცილებული იყო. კარგა ხანი იყო, რაც ლოგინად ჩავარდნილს მზის სინათლე აღარ ენახა. თვალადაც აკლდა ახალას, სმენაც ღალატობდა.

- ახლავე! - ჩასძახა მეზობელმა მოხევემ.

- რაი? - ამოიჩიფჩიფა ახალამ.

- ძველი დრო გახსოვს?

- აბაიმე, რად არ მეხსომება?! - გაიკვირვა ახალამ.

- აემეების ერთი რაიმ აინტერესებს ძრიალ, - კინოს ხალხზე მიუთითა მოხევემ ახალას.

- რაი? - იკითხა ახალამ.

- თაოდ გეტყვიან...

ახალაი მოემზადა, ხელი მიიდო ყურთან.

- სკითღეღა, - თქვა მოხევემ.

- მოკვეთის დროს ხევისბერი რო დაარისხებდა, ის თუ გახსოვს? - ჩაჰყვირა რეჟისორმა ახალას.

- ჰაი, ჰაი, რო მახსოვს, - დაიჩიფჩიფა ახალამ.

- დარისხების დროს ეკლესიიდან რამე ხატს გამოაბრძანებდა ხოლმე ხევისბერი? - ჩაჰკითხა რეჟისორმა.

- ჰაი, ჰაი, რო ხატსა! - თქვა ახალამ და პირჯვარი გადაიწერა.

- მერე და ვინ იყო იმ ხატზე გამოსახული?

- როგორ თუ ვინა? - გაიკვირვა ახალამ.

- თამარ მეფე თუ დავით აღმაშენებელი?

- ეეე, შენ რას კარნახობ, თვითონ თქვას, - გაბრაზდა მხატვარი.

- იტყვის, როგორ არ იტყვის, - თქვა იქ მყოფმა ახალგაზრდა მოხევემ და ახალას ჩასძახა:

- თქვი, ძიავ, თქვი.

- რაი ვთქო? - დაავიწყდა ახალას.

- ხატზე ვინ ეხატა?

- როგორ თუ ვინა? - ისევ გაიკვირვა ახალამ.

- ძიავ, ვინ ეხატაო, ვინაო?

- ნიკოლოზი, - თქვა ახალამ.

- ვინაა! - ახლა რეჟისორმა ჰკითხა.

- ნიკოლოზი! - ისევ გაიმეორა ახალამ.

მერე დუმილი ჩამოვარდა.

ახალაი გაკვირვებით ათვალიერებდა „ახალ ხალხს“, რომელთაც ძლივს ხედავდა.

ისე კი, დიდი სურვილი ჰქონდა დაენახა, რა ხალხი იყო, რომელთაც არ იცოდნენ, რომ ხატზე ნიკოლოზი ეხატა.

რომ ვერ გაარჩია მის გარშემო მყოფნი, ეტყობა, თავი სიზმარში ეგონა და ხელი ჩაიქნია.

მერე კედლისაკენ გადაბრუნდა.

ვერ გაიგებდი, ვის ან რას შეაქცია ზურგი.


''U motherfuckers can't stop me!''

#54 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
სიცოცხლის საგალობელი
გოდერძი ჩოხელი

ორშაბათი

გაზაფხულის პირია.

აფუსფუსებულია დედა-ბუნება.

დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ.

ბალღები ჟივილ-ხივილით მოსდებიან მზორეებს და გვირილებს კრეფენ.

ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.

კედლიდან ხვლიკი გამომძვრალა და მზეს ეფიცხება. დროდადრო მწვანე თავს წამოსწევს და ზანტად იყურება აქეთ-იქით.

სკებიდან გამოსული ფუტკრის ზუზუნი ავსებს სოფლის მიდამოს.

ფუსფუსებს სოფელი, ირგვლივ სიცოცხლე ზეიმობს.

მარტო ბებერი კაკლის ძირში ფეხმოკეცილი ორი დედაბერი არ ღებულობს ამ საერთო ზეიმში მონაწილეობას. ჩუმადა სხედან და წინდებსა ჰქსოვენ. თან ისე გაბუტულებს ჩაუღუნავთ თავი, გეგონება გაზაფხულზე იყვნენ შემომწყრალები და უნდა თვალით ნახონ ის, რაც მათ გარშემო ხდება. მიწისაკენ თავებდახრილნი გამოთქვამენ ოხვრით გაზაფხულისა და სიცოცხლისადმი პროტესტს, ჯერ ერთი ამოიოხრებს, მერე მეორე, მერე ორივე ერთად.

ერთს ნინუა ჰქვია, მეორეს მართა. სხედან და მესამესაც მოელიან. მესამეს სოფიო ჰქვია.

აჰა, ისიც მოდის ორღობეში.

ჯოხს დაჰბჯენია და წელში მოხრილი ისიც მიწას ჩაჰყურებს. მოდის და გზადაგზა ბუტბუტებს: იმ დალოცვილმა ღმერთმა, კაცი რო გააჩინა, იმდენი როგორ არ იფიქრა, ეს რო დაბერდება და მუხლში ძალა გამოელევა, ნუღარ ვაწვალებ და დავასვენოო. ი გულმკვდარი სიკვდილიც ამესავით არის, ლაზარიანთ გარახტინასავით, ადის და ჩადის ორღობეში, ადის და ჩადის, რაც კარგი და უკეთესი შეხვდება, იმას ეპოტინება, ერთს ჩვენსკე არ გამოიხადავს, ზედაც არ გვიყურებს, აქაოდა ბებრები არიანო. ააა, ტიალი, ტიალი, სუყველას როგორ კარგი უნდა თავისთვისა, სიკვდილიც რო სარჩევში შავიდა!

სოფიომ ბუტბუტით ტალახიანი ფეხები კაკლის დაკოჟრილ ფესვებზე შეიწმინდა და მართას და ნინუას მიუჯდა გვერდით.

მორიგეობით ოხრავენ.

ჯერ ნინუაი, მერე მართაი, მერე სოფიო, მერე სამივე ერთად: ეეე, ოხ-ოხ-ოხ-ოო! შენამც დაიწვები სიკვდილო კუპრის ალში, ჩვენი ესე დავიწყებისთვინა, აგრიადარაა! - ამბობს ნინუაი.

ეხლა მართაი წამოიწყებს სოფლის სამდურავს:

- ხანდახან, რო დავფიქრდები, გამახსენდება ძველი დრო; ჩემი სიყმე და ჯეილობა, გამახსენდება ის ხალხი, ვისთვისაც ჩემი წუთისოფელი გამიტარებია, მივიხედ-მოვიხედავ, აღარავინ კი ცოცხალი აღარ არის იმ ხალხიდან თქვენ გარდა, მამივაკე ღმერთზე ბრაზი, ი სიკვდილტიალას რო დავავიწყდით, ღმერთს მაინც რაღა მოუვიდა, იმან მაინც რატო დაგვივიწყა-მეთქი; ამომიჯდება ყელში გული, შემეკვრის სუნთქვა, ავხედავ ჭერსა, ი საბელიც ხო კარებს უკან მდგარ თულუხის ყელზე ახვევია, წავცანცარდები, თან ჭერს ჩავცქერ, თანა იმ საბელს ვუყურებ, მაგრამ ე ტიალი სიბერე ისეთი რამ ყოფილა, იმისი ჯანი ვინ მომცა, საბელი ჭერში ჩამოვაბა - ამბობს მართა, ამოიოხრებს და დედაბრებს გადახედავს, ამოწმებს, როგორი შთაბეჭდილება იქონია იმის სიტყვამ.

- ეეეხ? - ოხრავენ მსმენელები.

- ეეეხ! - სიკვდილიც გულმავიწყი ყოფილა და ღმერთიცა! - ამთავრებს მართა.

მერე კარგახანს ხმას არ იღებენ. მარტო ოხრავენ მიწისაკენ თავდახრილნი. ამასობაში ჯღუნაი გამოივლის ორღობეში, დედაბრებთან შეჩერდება და ეტყვის:

- გამარჯობათ დიდედებო!

- ეეხ, რაღა დროს ჩვენი გამარჯვებაა - ამოიოხრებენ დედაბრები.

- რათა დიდედებო, რათა, ხომ არავინ გაწყენინათ?

- გვაწყენინა, აბა მა რა არის.

- ვინა?!

- ვინა და ი დალოცვილმა ღმერთმა.

- ეეე, დიდედებო, ცოდვას ნუ ამბობთ, აბა ღმერთმა რა დაგიშავათ?

- ის დაგვიშავა, შვილო, რომა, დავავიწყდით და აბა რაღა დროს ჩვენი სიცოცხლეა - იძახის მართა.

- ღმერთსაც დავავიწყდით და სიკვდილტიალსაცა - თქვა ნინუამ.

- აგრემც დაიწვება ჩვენი ცოდვითა, აგრეე! - დაამატა სოფიომ - რაღა დროს ჩვენი აქ ყოფნაა ჰა?!

- ღმერთს არაფერი აწყენინოთ, დიდედებო, იმან უკეთესად იცის თქვენი ამბავი.

- ეეე, შვილოო, ძნელი ყოფილა სიბერე, ძნელიი! - ამოიოხრა მართამ და მერე ნინუამ და სოფიომაც მას მიჰბაძეს.

- გამაგრდით დიდედებო, გამაგრდით! - შეუძახა როხროხით ჯღუნამ და გზა გააგრძელა.

დედაბრებმა ერთი კი გააყოლეს ალმაცერად მზერა და მერე სამივემ ერთხმად ამოიოხრა.

ჯღუნაი სახლებშორის ჩაიკარგა.


სამშაბათი

დედაბრები კვირტებგამოჩითული კაკლის ხის ძირას ჩამომსხდარან.

- აბა დღეს როგორ ხასიათზე ხართ, დიდედებო! - მათ წინ გაიჯგიმა ჯღუნაი.

- აბა როგორ ვიქნებით, შვილო, სიკვდილისაგან დავიწყებულნი.

- მაგრად უნდა იყვნეთ, მაგრად!

- მტერი და დუშმანი იყვეს ისე მაგრად, როგორც ჩვენა ვართ.

- აბა, აბა, ღმერთს არაფერი აწყენინოთ.

ჯღუნამ გზა გააგრძელა. ამათ ისევ ალმაცერად გააყოლეს თვალი და ამოიოხრეს.


ოთხშაბათი

დედაბერი შემწვანებული კაკლის ხის ქვეშ წინდებს ჰქსოვენ და ოხრავენ.

ჯღუნა სახლიდან გამოვიდა, მათ მიუახლოვდა და მიესალმა:

- დილა მშვიდობისა დიდედებო!

- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა.

- აბა დღეს ხო კარგადა ხართ?

- ეეე, ჩვენი მტერი იყოს ისე კარგად, როგორც ჩვენა ვართ.

- აბა რა ყოფნაა, სიკვდილს დავავიწყდით.

- სიცოცხლე რომ მოგბეზრდება, იმაზე ცოდვა არა ყოფილა.

- გამაგრდით, გამაგრდით! - შეუძახა ჯღუნამ და გზა განაგრძო.

ამათ მწყრალად გააყოლეს მზერა, მერე ამოიოხრეს და ჩუმად განაგრძეს >- გამაგრდით დიდედებო, გამაგრდით, ჯერ ადრეა თქვენი სიკვდილი, რა გული აიცრუეთ სიცოცხლეზე, ჰა?! - გასძახა გზად მიმავალმა ჯღუნამ.

- ჩვენდროთაი რომ მოიყრები, მერე მიხვდები ჩემო ჯღუნავ - უთხრა მართამ.

- აღარ გვიხარია სიცოცხლე, აღარა! - თქვა ნინუამ და ამოიოხრა.

ჯღუნა წავიდა.

დედაბრებმა ამოიოხრეს.


პარასკევი

დედაბრები კაკლის ძირს სხედან და ოხრავენ. შორიდან ჯღუნას ხმა მოისმა.

დედაბრებმა იქეთ გაიხედეს. სოფლის ორღობეში ჯღუნა გამოჩნდა. ეტყობა ნასვამია, სიმღერით მოდის.

- ჩემი მზე და ჩემი ბუნებაა,
სიყვარულზე მებულბულებაა! -

მღერის ჯღუნა და თან მღვრიე ნაკადულში მოდის ჩექმების ჩქაფა-ჩქუფით.

დედაბრები ჯღუნას შესახვედრად ემზადებიან: სიცოცხლეზე გაბუტულ სახეებს კიდევ უფრო გაიმკაცრებენ, სერგო სახლისაკენ მიდის, მისი სახლი იქვე, ღობის იქით არის.

- გამარჯობათ დიდედებოო! -

მათ წინ გაიბოტიტა ჯღუნამ. იმათ უფრო ჩაღუნეს თავები. ხმა არ გასცეს.

- როგორა ხართ, დიდედებო, როგორა? - როხროხებს ჯღუნა.

- სიკვდილისაგან დავიწყებულები, შვილო! - დაიჩივლა მართამ.

- აბა რა ყოფნაა, სიცოცხლე აღარ გინდოდეს და მაინცა სცოცხლობდე! - დაამატა სოფიომ.

- ეეხ - ამოიოხრა ნინუამ.

ჯღუნა ერთ ხანს გაჩუმდა. ამათ უფრო ამოიოხრეს.

ჯღუნა ადგილს მოსწყდა, დათვივით გადაევლო ღობეს და სახლში შევარდა.

დედაბრებმა ერთურთს გადახედეს.

- აბა, აქა გყვივართ, დიდედებო! - სახლიდან თოფმომარჯვებული გამოვარდა ჯღუნა, ღობეს გადმოევლო და შეძრწუნებული დედაბრების წინ გაჩერდა.

- აბა წამოდექით და ჩამწკრივდით კაკალთან!

დედაბრები კაკალთან ჩამწკრივდნენ. ხელებში წინდები და ჩხირები უკავიათ და შიშისაგან კანკალებენ.

- აქა გყვივართ დიდედებო, დედას ვუტირებ სიკვდილსა. მაგას დავაჩაგვრინებ თქვენ თავსა!

ფეხზე შეაყენა ჩახმახი ჯღუნამ.

დედაბრები დაფრთხნენ და ისეთი სისწრაფით მოკურცხლეს, ისე ხტუნაობდნენ ღობეებზე, როგორც პატარა ბალღები.

ჯღუნამ ჰაერში ისროლა და იმათ უფრო მოკურცხლეს, ზოგი სად მიიმალა, ზოგი სად.

- ჩემი მზე და ჩემი ბუნებაა,
სიყვარულზე მებულბულებაა! -

სიმღერ-სიმღერით წავიდა ჯღუნა სახლისკენ.


შაბათი

კაკლის ქვეშ მარტო ჯღუნა დგასს. აქეთ-იქით იხედება და ეღიმება.

ჯღუნამ გზა გააგრძელა და სახლებს შორის მიიმალა.


კვირა

კაკლის ქვეშ დედაბრები სხედან, ისევ წინდებსა ჰქსოვენ და თან ჯღუნას სახლისკენ გაურბით მალულად მზერა. ჯღუნაი სახლიდან გამოვიდა, მათ წინ გაიბოტიტა და მიესალმა:

- გამარჯობათ დიდედებო!

- გაგიმარჯოს, შვილო, გაგიმარჯოს!

- როგორა ხართ?

- რა გვიჭირს, ცოცხლები ვართ, შენამც მოიყრები ჩვენ დროთაი, ჩვენი მოკითხვისთვინა.

- ხო არაფერი გადარდებთ?

- არა შვილო, არა, სადარდებელი რა გვაქვს.

- ეგრე, ეგრე, სანამ ჩემი შვილიშვილის ქორწილში განდაგანას არ იცეკვებთ, მანამდე არ გაბედოთ სიკვდილზე ფიქრი.

- ჰო, შვილო, ჯერ რა დროს ჩვენი სიკვდილია!

- აბა თქვენ იცით! - შეუძახა ჯღუნამ და ღიღინით წავიდა ორღობეში, მერე უცებ შემობრუნდა, ისევ წინ გაუჩერდა დედაბრებს და სიმღერა წამოიწყო:

- ჩემი მზე და ჩემი ბუნებაა,
სიყვარულზე მეჩურჩულებაა! -

დედაბრები აჰყვნენ:

- ჩემი მზე და ჩემი ბუნებაა,
სიყვარულზე მეჩურჩულებაა! -
ეს ქვეყანა რომ არ უყვარდეეს
ისე არვინ არ მეგულებაა!

დედაბრები თანდათან უფრო გახალისდნენ და სიმღერაც უფრო ლაღი გახდა.


''U motherfuckers can't stop me!''

#55 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
ცასწავალა
გოდერძი ჩოხელი

ვუძღვნი პატარა უფლისწულის ხსოვნას

მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.

ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი.

ზაფხულობით ჯერ თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კანკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.

ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე. გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახდა: ცასწავალ! ცასწავალ!

სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ.

ცასწავალამ ერთხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახალა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!

ჩამოვიდა და ბალახებში გაუჩინდარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.

ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყუილი. მერე კი, ეტყობა, საწყენად მიიღეს, ჩემს იქით, კანკეშიან გორზე, იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა, რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთმანეთს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.

ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - ყვიროდა ის, მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ის-ის იყო, ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცალეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს. იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო.

მე, ჩუმად, ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.

მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:

- მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით, ვინა გყავთ ცაში?

- არავინ, - თქვა სევდიანად ცასწავალამ.

- ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?

- ისე, ცაში მინდოდა წასვლა.

- ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?

- არა, არავის დავუპატიჟნივარ, მაგრამ...

- „მაგრამ“ აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეიძლება ამდენი ტყუილი? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალ! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი, ვტყუი! - ვინ არის შენი მოსატყუებელი. უფროსებისა მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?

- არავინ.

- ობოლი ხარ?

- დიახ... - თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.

- საზოგადოების მოტყუებისათვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკეშის ღეროზე მიბმით, - გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კენკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღული შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.

- გამაგრდი, ცასწავალა! - ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.

ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე ჯერ დავაპირე ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ, ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასწავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა, მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.

დილით ადრე გავირეკე მთისაკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა. ეტყობა, მოლაღულმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც, რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღული და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ.

შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნეს, ჯერ უგონოდ დაეცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღულმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა.

- გაგვითავისუფლებიხარ, ცასწავალავ, ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოიტყუო, - უთხრა ყვავმა.

- არა, აღარ მოვიტყუებ, - პირობა მისცა ცასწავალამ.

წავიდ-წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.

ცაზე მსუბუქად მოცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.

ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:

- ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე - უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!

ყველანი მას შეჰყურებდნენ.

ის წერტილივით ჩანდა.

უკანასკნელი ამოსუნთქვისთვისღა ეყო ღონე და გული გაუსკდა.

უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.

საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაკზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღულმა ბევრი იტირა, სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილთ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.


''U motherfuckers can't stop me!''

#56 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
წერილი ნაძვებს
გოდერძი ჩოხელი

საშინელმა სიზმრებმა გატანჯეს ჯღუნაი და შემკრთალს გამოეღვიძა.
კარგა ხანს ღამის ზმანებები ედგა თვალებში. საწოლზე იჯდა თავჩაღუნული. მერე ფეხებზე ტალახიანი ჩექმები ჩაიცვა და ბერის სახლისაკენ მიმავალ ორღობეს გაჰყვა დაფიქრებული.
მზე კარგა აქეთ ამოსცილებოდა აღმოსავალს.
ბერის სახლის წინ სოფლის დედაკაცები ისხდნენ და ჩუმად რაღაცას ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. იმათ შორის იჯდა ბერის ცოლიც. იდაყვზე სახეჩამოყრდნობილი დროდადრო სახლის ფანჯარას შეხედავდა და ამოიოხრებდა.
სიჩუმეს მარტო ღობის მარგილზე შემომჯდარი ყვავი არღვევდა. საავოდ ყრანტალებდა ყვავი.
_ ყვა შენ და შენი ხმის გაცივება! _ ქოქოლას აყრიდნენ ყვავს დედაკაცები.
ჯღუნამ ღობიდან მარგილი მოტეხა და ყვავს ესროლა. ყვავი გაფრინდა და ახლა ბანის წვერზე შემომჯდარი მოჰყვა ყრანტალს. ჯღუნაი კედელ-კედელ წამოეპარა და დიდი სიპი ესროლა. ყვავმა ისევ შეიცვალა ადგილი. ჯღუნამ თავი გაანება და დედაკაცებთან ჩამოვიდა.
_ როგორ არის საქმე? _ იკითხა ჯღუნამ.
_ წუხელ მაგარი შეტევები ჰქონდა, _ თქვა ბერის ცოლმა.
_ ნემსი გაუკეთეთ?
_ არ გაგვაკეთებინა.
_ ცოტა მაინც არ გახმა?
_ ხმება, მაგრამ ისე დარდობს იმის გახმობას, ალბათ გადაჰყვება. გულიც რო ეხლა ასტკივდა!
_ ექიმი არ ამოვიდა?
_ ჰო, ამ დილით ამოვიდა, _ თქვა ბერის ცოლმა და ამოიოხრა.
_ რა თქვა, რაო.
_ თუ იმ ნემსებს არ გაიკეთებს, არ გახმებაო. როგორ არ ვეხვეწეთ, მაინც არ გაიკეთა.
_ სხვა წამალი არაფერი დაუნიშნა?
_ ჯერ არა, ელაპარაკება, შიგნით არის.
ჯღუნაი სახლში შევიდა.
საწოლზე ზის ბერი. მარცხენა მხარზე ტანსაცმელი ამოუჭრიათ და იქიდან პატარა ნაძვს ამოუყვია თავი.
შიშველი ფეხები საწოლის წინ ამოთხრილ მიწაში უწყვია ბერს და მიწას წყალს უღვრის.
_ ნუ, ბერო, გასცივდები, ნუ იღუპავ თავს, _ ეხვეწება ბერს ექიმი, სამოც წელს მიტანებული დაბალი ებრაელი ქალი. ეს ქალი გუდამაყრელების მკურნალი ანგელოზია.
_ რას შვრები, კაცო, ნემსებს არ იკეთებ და მიწაში რო ფეხებს აწყობ, შენს გულს მაგით ეშველება?
_ მე არა, ამას ეშველება, _ მხარზე ამოსულ პატარა ნაძვზე ანიშნებს ბერი ჯღუნას.
_ შე კაი კაცო, მაგდენი როგორ არ გესმის, შენ თუ დაიღუპები, ეგ ნაძვიც ხო დაიღუპება, რა გაჰქეჯდი, გაიკეთე ნემსები.
_ ნემსი როგორ გავიკეთო, გახმება, ხო ხედავ, როგორ ჩამოუჭკნა წიწვები.
ბერმა ფეხებში მოყრილ მიწას წყალი დაასხა.
ოთახში უცხო კაცი შემოვიდა და იქ მყოფთ გამარჯვება უთხრა.
_ გაგიმარჯოს, _ სულ ბოლოს თქვა ბერმა და მოსულს სიგარეტზე ანიშნა, _ ჩააქრე, მაგის ბოლზე უფრო ხმება.
ახალმოსულმა სიგარეტი ჩააქრო და თქვა:
_ მე თქვენი სკოლის ახალი მასწავლებელი ვარ. გეოგრაფიას ვასწავლი. ამ უცნაურმა ამბავმა დამაინტერესა და იმიტომ მოვედი. გაოცებული ვარ პირდაპირ, გაოცებული. პირველად მესმის, რომ კაცს მხარზე ნაძვი ამოუვიდა. არა, თუ შეიძლება უფრო ღრმად გამარკვიეთ ამ საქმეში.
_ რა არის აქ ღრმად გასარკვევი, ამოვიდა, _ თქვა ბერმა.
_ თქვენ ამბობთ, რომ ღრმად გასარკვევი არაფერია, უბრალოდ, ამოგივიდათ, ხომ? მაგრამ მე გადმომცეს, რომ თქვენ შვილივით ეპყრობით მაგ ნაძვს. ჰაერზე ასეირნებთ, იმის გულისთვის, რომ წამლებმა ნაძვი არ გაახმოს, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეში იგდებთ. არ არის ეს ღრმად გასარკვევი ამბავი? რას მეტყვით, საიდან გაჩნდა ეს მამაშვილური მზრუნველობა, ჰა?!
_ მე შვილი არა მყავს, _ თქვა ბერმა და მასწავლებელს, რომელმაც სიგარეტი აანთო, სთხოვა:
_ თუ შეიძლება, აქ ნუ მოსწევთ.
_ უკაცრავად, სულ გადამავიწყდა. და კიდევ ერთი: არ გეგონოთ მე თქვენი ცოლის მიერ მოგზავნილი, ეს ჩემი რჩევა არის _ თქვენ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ნემსები, სხვანაირად გული არ მოგირჩებათ. ნაძვები, ბატონო, ტყეში რამდენიც გინდათ, იმდენია, თქვენ კი ერთი პატარა ხის გულისათვის...
_ თქვენ რომ ამოგსვლოდათ, რას იზამდით? _ ჰკითხა ბერმა.
_ თქვენსავით გული რომ მტკივებოდა, ალბათ, ჩემს თავს ვარჩევდი და წამლებს მივიღებდი. თქვენ კი სიცოცხლეს საფრთხეში იგდებთ და იცით თუ არა, რომ ამით თქვენში მყოფ ღმერთს კლავთ.
_ განა ეს ნაძვი კი ცოცხალი არ არის?! _ თქვა ბერმა.
_ ეგ ნაძვი ისეც გახმება.
_ იქნებ არ გახმეს, _ თქვა ბერმა და წასასვლელად მოემზადა.
_ სად მიხვალ? _ ჰკითხა ჯღუნამ.
_ უნდა ვასეირნო, აქ ჩახუთული ჰაერია, შეიძლება აქ მართლა გახმეს.
_ გულის წვეთები მაინც დაგელია,. _ სთხოვა ექიმმა.
ბერმა არაფერი თქვა, ფრთხილად გავიდა ვიწრო კარში, რომ ნაძვი არაფერს წამოსდებოდა ტოტებით.
_ თქვენ ღმერთი გწამთ? _ ჰკითხა ექიმმა მასწავლებელს.
მასწავლებელი დაიბნა.
_ არა, ეს ისე... ძალიან უცნაური შემთხვევაა. როგორ უნდა ამოუვიდეს კაცს ნაძვი? ამის მერე შეიძლება ყველაფერი იწამო და არაფერი არ იწამო. ვითომ რატომ უნდა ამოსვლოდა ნაძვი, ჰა?
_ ომში დაჭრილა და ტყეში ნაძვის მტვერი ჩაჰყრია ჭრილობაში, _ თქვა ექიმმა.
_ როგორ გგონიათ, ექიმო, არაფერი ეშველება? _ იკითხა ჯღუნამ და ნათქვამს დარდი ამოაყოლა.
_ როგორმე ნემსები უნდა გავუკეთოთ, რომ გახმეს ის ნაძვი.
_ როგორ, აბა, ღამეც არ იძინებს, სუ იმ ნაძვს ჰყარაულობს, შვილივით უვლის.
_ გულმა შეიძლება ვეღარ გაუძლოს, მკურნალობა აუცილებელია, _ თქვა ექიმმა,
_ პირდაპირ ღრმად შესწავლის ღირსია ეს თემა, _ თქვა მასწავლებელმა და სიგარეტი გააბოლა.

***
ბერმა ჯერ თხილნარში ისეირნა, მერე იფიქრა, იქნებ წიფლიანში უფრო მოუხდეს ნაძვს გასეირნებაო და ზემოთ წავიდა.
გზაზე მეტყევე გადაეყარა.
_ მართლა ხმება? _ ჰკითხა მეტყევემ ბერს.
_ ჰო, ვერ არის კარგად.
_ შენც რაღა ეხლა აგტკივდა გული.
_ აბა!
_ ისე, ღვთის სამართალი რა ვთქვი, აქაურ ტყეში ნაძვი არ იბადება და მაინცდამაინც შენ ამოგივიდა, იმ დალოცვილს შვილი მოეცა ბარემ.
_ მე ამაზედაც მადლობელი ვარ, ოღონდ ნუ გახმება.
_ რაღა ნუ გახმება, ანდე, ჩამოსჭკნობია წიწვები. ანდა, კაცო, ბედი არ არის, მა რა არის, რატომ სხო ხე ვერ გაიმეტა ღმერთმა, ბალი მაინც ამოგსვლიყო, პირს მაინც გაისველებდა კაცი, ნაძვს რაში გამაიყენებ? ის დალოცვილი, თუ გაძლევს, მოგცეს. არც იმასა აქვს სამართალი და ეგ არის.
_ მე არა ვნანობ, _ თქვა ბერმა.
_ ისე, არა სტყუი, კიდე, ხო იცი, იძახიან, ნაძვის გირჩებისაგან კუჭის წამალს აკეთებენო. მამკლა, კაცო, კუჭის ტკივილმა. ე ჩვენ ტყეში კიდევ ერთ ძირსაც ვერ ნახავ, სუ წიფელი და ნეკერჩხალია. თუ ძმა ხარ, თუ არ გახმა და გირჩები გამაიბა, არავის მისცე, მამკლა კუჭის ტკივილმა.
ბერი ნაძვის პირველ გირჩებს მეტყევეს შეჰპირდა და მარტოკამ გააგრძელა გზა.
გორზე დაისვენა.
ახლომახლო მოშიშვლებული ადგილი იყო და, როცა კი ნაძვს ასეირნებდა, ყოველთვის აქ ისვენებდა ბერი. ჩამოჯდებოდა და ეალერ¬სებოდა ნაძვს. ეს ადგილი ძალიან მოსწონდა.
ცოტა რომ დაისვენა ბერმა, ადგა და მახლობელ ჩირგვში ისე ჩაიმალა, რომ ზემოთ მხოლოდ ნაძვი ჩანდა. მანამდე იყო ასე, სანამ ერთი პატარა ღობემძვრალა ჩიტი არ შემოჯდა ნაძვის კენწეროზე, თავის ენაზე რაღაცა იწრიპინა და ნაძვზე ჯდომით რომ გული იჯერა, გაფრინდა. ბერი წა¬მ¬ოდგა და მადლიერი მზერა გააყოლა ფრინველს.
მერე ისევ გორზე დაჯდა და ჭიუხებიდან მონაბერ ნიავს შეუშვირა მარცხენა მხარი.
ქვემოთ ხელისგულივით ჩანს არაგვის ჭალა.
სულ ქვემოთ, ხეობის დასაწყისში, დიდი სოფელი ჩანს, იმ სოფელში კოლმეურნეობის კანტორა არის. აქედან კარგად ჩანს ის შენობა: თეთრი, მაღალი, ქვითკირით ნაშენები.
ბერს უცებ აზრი დაებადა.
ჩავა კანტორაში და კოლმეურნეობის თავმჯ¬დო¬მარეს დასასვენებელ საგზურს სთხოვს სადმე ისეთ ადგილზე, სადაც ბევრი ნაძვია. იქნებ იქაური ჰაერი მოუხდეს და აღარ გახმეს ნაძვი.
ამის გაფიქრებაზე გულის ტკივილიც კი გადაავიწყდა. სირბილით დაეშვა ქვემოთ.

***
კოლმეურნეობის თავმჯდომარე თავის ოთახში დაუხვდა. ცნობისმოყვარე ხალხი ჯარივით მოსდევდა ბერს უკან.
_ საგზური მინდა, _ თქვა ბერმა.
_ რა საგზურს თხოულობ, ვერ გამიგია, _ გაიკვირვა თავმჯდომარემ.
_ სადმე, ნაძვნარ ადგილას.
_ ჩვენ აქ ვშრომობთ, _ თქვა თავმჯდომარემ.
_ ვიცი, _ უთხრა ბერმა.
_ მერე?!
_ იქნებ გქონდეთ საგზური.
_ არა გვაქვს.
_ ძალიან გთხოვთ.
_ კაცო, რას გადამეკიდე, ხო გითხრეს, გაიკეთე ნემსებიო, რატომ არ იკეთებ?!
_ შენც იმათ მხარეს ხარ?
_ ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვია და ნუ ჯიუტობ რაღაცას.
_ ამომივიდა და რა ვქნა!
_ ამოგივიდა! ხმება! გამიხსენი ეხლა აქ სატყეო მეურნეობა, გაიშენე ზურგზე ტყე, გაურივე შიგ პანტა, ვაშლი, მსხალი, ზღმარტლი. გაამრავლე მერე ნადირი. შემოგესევიან მონადირეები, ტყისმჭრელები და ნუღა მომასვენებ მერე. მომთხოვე მეტყევეები, დავუნიშნოთ მერე იმათ ხელფასი. მერე იმ ნაძვნარში აგარაკს მოგვთხოვს ვიღაც. ჰო, მართლა, ყურძენი არ დაგავიწყდეს, ვენახიც გაიშენე, დავწუროთ ღვინო და ვიყვნეთ ესე... საგზური არა მაქვს მე და რაც გითხრეს, ის გააკეთე. შენ არ იფიქრო, რო შენმა ცოლმა დამავალა ამის თქმა. ამას მე გეუბნები _ მოიშორე ეგ ნაძვი.
ბერს აღარაფერი უთქვამს თავმჯდომარისათვის, კანტორიდან გამოვიდა და გზას გაჰყვა ქვემოთ.

***
ბორჯომამდე კითხვა-კითხვით მიაღწია ბერმა. ხალხს გიჟი ეგონა, ნაძვს რო ხედავდნენ იმის მხარზე.
არც სასტუმროში მიიღეს, სანატორიუმები გადაჭედილი იყო დამსვენებლებით.
მაშინ ბერმა ერთ ნაძვნარ ტყეში პატარა ქოხი აიშენა და იქ ასეირნებდა ნაძვს.
პირველ ხანებში გულის ტკივილმა თანდათან უმატა. მერე უკეთესად იგრძნო თავი.
ერთი კვირის თავზე ნაძვს გამოკეთება შეატყო ბერმა. გამწვანდა, გამოზიზინდა.
უცებ აიყარა ტანი ნაძვმა. ბერი გულმკერდში გრძნობდა იმის ფესვებს და წიწვების სახეზე მოლამუნებით ტკბებოდა. ის ახლა ნაძვის ყოველ ნაფიქრალს ხვდებოდა, გრძნობდა, როგორ ელაპარაკებოდნენ ხეები ერთურთს. ბერი ახალ სამყაროს გრძნობდა, გრძნობადს და არა ხილვადს, უჩინარს, იდუმალებით მოცულს. ახლა იმის სხეულში ორი სული იდგა და ეს ორი სხვადასხვა სული ერთურთის შერწყმას ლამობდა. სხეულები კი ერთსახედ გადაქცევას ესწრაფებოდნენ. ისინი სვამდნენ ურთიერთს და ერთ მთლიანს ავსებდნენ თანდათან.
ერთი თვის თავზე ბერის თავს ზემოთ ჯანმაგარი ნაძვი მასპინძლობდა მის ტოტებზე შემომსხდარ ფრინველებს.
ბერს მეუღლე მოენატრა.
ჯღუნაი მოენატრა.
ახლა ის სიამაყით იყო ავსილი და ერთი სული ჰქონდა, როდის გაასეირნებდა ამ ჯანსაღ ნაძვს თავის სოფელში. როდის შეეყრებოდა მეტყევეს და დააიმედებდა:
_ ნუ გეშინია, მოგცემ გირჩებს, მორჩები, აბა, არა!
გადაწყვიტა, თავის სოფლამდე ტყედატყე ევლო, ფეხით, რომ უცხოს არავის გადაჰყროდა, ხიფათს რომ არაფერს გადაჰკიდებოდა.
დაემშვიდობა ნაძვებს და წავიდა.

«წერილი ნაძვებს!
ახლა ამ წერილს ჩემი სოფლიდან გწერთ. კარგადა ვარ. ხშირად დავსეირნობ ტყეში. ჩემი სოფლელები შეშინებულნი არიან, ერიდებათ ჩემთან სიახლოვე. გუშინ გეოგრაფიის მასწავლებელმა მთხოვა, რომ საახალწლოდ მე მომრთონ. მე დავეთანხმე, მაგრამ ცოტა მეშინია კიდეც, ტოტები არ ჩამომალეწონ. ერთადერთი, ვისთანაც ადამიანური ლაპარაკი შეიძლება, მეტყევეა. გირჩებს შევპირდი, მაგრამ ცოტა ხარბი კაცია. მაინც ვერ ურიგდება იმ აზრს, რომ ნაძვი ვარ. წამოსცდება ხოლმე ხშირად, ბალი მაინც იყო, პირს მაინც გავისველებდიო.
დღესაც სასეირნოდ ვიყავი. ჩემი ცოლი სულ გვერდით დამყვება, რომ სადმე კლდეზე ტანმა არ გადამძლიოს და ხრამში არ გადავიჩეხო. შეურიგდა ბედს.
ჯღუნაი გადასახლდა, აღარ ეკარება ჩვენს სოფელს. მენატრება, ადრე კარგი მეგობრები ვიყავით.
ერთი კვირის წინ ქორწილში ვიყავი და ერთ ლამაზ გოგონასთან ვიცეკვე. იმ დალოცვილს ჩემსავით აშოლტილი ტანი ჰქონდა.
ერთი ლოთი კაცი ცხოვრობს აქ, რამდენჯერაც დაითვრება ის კაცი, აიღებს ცულს, დაუწყებს გალესვას და თან იძახის:
_ ბერი უნდა მოვჭრა! ბერი უნდა მოვჭრაო!
ვერიდები.
მეშინია.
რას გაიგებ, მთვრალი კაცისგან ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება მართლა მომჭრას.
აქაურ ტყეებს სიყვითლე შეეპარა. ამათ ძალიან უკვირთ, მე რომ სულ მწვანე ვარ და ფერს არ ვიცვლი. ეს კიდევ არაფერი, მე რომ სიარული შემიძლია, ამაზე მთლად გიჟდებიან, ალბათ, ზეციდან მოვლენილი ვგონივარ, ისე მეკრძალებიან.
მე ვუთხარი მათ, რომ არა ვარ სხვაგნიდან მოსული.
არ დამიჯერეს:
_ თუ მიწაზე დაიბადე, რატო შენც ჩვენსავით ფერს არ იცვლი, შენიანებს სიარული არ შეუძლიათ, შენ კი დადიხარ, სადაც მოგესურვება, იქ დგები, თან არც ჩვენნაირი ფოთლები გაქვსო.
რა უნდა ვუთხრა.
რით დავაჯერო.
წიფელს კიდევ რამეს ვაგებინებ, სხვები მთლად ურწმუნოები არიან.
არ მინდა, ტყეებს თავის რწმენა დავუკარგო. არადა, ვერც ვშორდები. შუაგულ ტყეში ერთი პატარა ვერხვი შემიყვარდა, ყოველდღე რომ არ ვნახო, არ შემიძლია, უიმისოდ ვერ ვძლებ. ისე თრთის ხოლმე ჩემს დანახვაზე, ალბათ, მასაც ვუყვარვარ. ამ ბოლო დროს მასთან სიახლოვეს ვერიდები. მგონი, ჩემი ცოლი ეჭვიანობს, მეშინია, მე რომ მემუქრება, ის ლოთი კაცი არ მოისყიდოს და ვერხვი არ მოაჭრევინოს.
ჩემს სოფლელებსაც მგონი შეეპარათ ტყეების ეჭვი.
სოფლის თავს ერთი ბებერი კაცი ცხოვრობს, არც ცოლ-შვილი ჰყავს იმ კაცს, არც და-ძმები, მარტოა, რაც თავი მახსოვს. ადრე ღმერთი არა სწამდა და სოფელს იმიტომ გამოშორდა. სოფლის თავს სახლი აიშენა და შეუვალი ღობე შემოავლო. მთელი თავისი სიცოცხლე ღმერთის გმობაში გაატარა. ეხლა მოხუცდა, ჯან-ღონე წაერთვა და სიღარიბემ წელში მოხარა. სამადლოდ თუ ვინმე მიაწვდის პურ-წყალს. ჩამომხმარ სხეულში ცოდვილობს იმისი სული. ყოველდღე ღმერთს ევედრება შეწყალებას.
ტყისაკენ მიმავალი გზა იმ მოხუცის სახლის გვერდზე გადის და ყოველთვის, როცა ტყეში მივდივარ ხოლმე, იმისი საცოდაობით მიკვდება გული. სახლის წინ მუხლებზე დაჩოქილი დგას ხოლმე და ცას შესძახის:
ჩამომეშველე, ზენაარო,
ეგ თალხი კალთა ჩამომაფარე,
ა, ეს თვალები დამიხუჭე,
ა, ეს ენა-პირი დამიდუმე,
ა, ეს მუხლები ჩამიშალე,
სული ნამგალივით გამიღუნე
და
წამიყვანე!..
ამ სახის მიღმა გამიყვანე,
თორემ დავიღალე,
ამ ბნელ მღვიმეში ყოფნით დავიღალე.
და ამ ლოცვის დროს მე თუ დამინახა, აკანკალებული მეხვეწება:
_ სთხოვე უფალს, ჩამომეშველოს,
სთხოვე, ჩამომეშველოს,
მიშველე, სთხოვე...
მეცოდება ეგ კაცი, არ ვიცი, რა ვქნა, რით ვუშველო. რომ არ ვაწყენინო, შევუშვერ ხოლმე ზეცას ხელებს და შევთხოვ:
_ ჩამოეშველე! ჩამოეშველე!
არ ჩანს გამკითხავი.
იგვიანებს...
საოცარ სიზმრებს ვხედავ ღამღამობით: ხან მეჩვენება, რომ ჰაერში დავფრენ, მერე ქვემოთ ვეშვები, მიწის გულში ჩავდივარ და იქ მისი გულის ბაგაბუგს ვისმენ.
სუნთქავს მიწა.
როგორც კაცი, ამოისუნთქავს და მერე სადა და როდის ჩაისუნთქავს.
თითქოს სუნთქვის ხმაც მესმის.
მიწის გულიდან რომ გამოვდივარ, ყველაფერი, რაც კი მის ტანზე ხდება, მიწის სიზმარი მგონია.
ხან შორს მიმაფრენს და შორიდან ვუყურებ დედამიწას. დედამიწას იქიდან სხვანაირს ვხედავ:
ცოცხალს!
მდინარეები მისი სისხლძარღვებია.
ზღვები და ოკეანეები _ ფილტვები.
ტყეებით სუნთქავს.
ჰაერი მისი სულია.
თვითონვეა კაციც და დედაკაციც.
შორიდან კარგად ჩანს, როგორ გამოდიან ათასნაირი სახეები მიწიდან და ისევ მიწას უერთდებიან...
ნეტავი ერთხელ ჩემს სიზმრებში ჩაგახედათ და განახვათ, როგორი სახე აქვს იქ დედამიწას.
ღმერთი?
მე მწამს ღმერთი, რადგან მწამს დედამიწა და რაკი ჩვენ, ყველანი, დედამიწის ნაწილი ვართ, ალბათ, დედამიწაც ასევე ღმერთის ნაწილია.
ჯერ ეს სიზმარში არ მინახავს, მაგრამ, ალბათ, როგორც დედამიწას შეერთვიან მისგან გამოსული სახეები, თვითონ დედამიწაც შეერთვის ღმერთს.
მე რატომღაც მგონია, რომ ღმერთი ერთია და ამასთანავე იმდენი, რამდენი სახეცა დგას მასში.
ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა უფრო გაინტერესებთ. ნუ იდარდებთ. წინანდებურად აღარ მაწუხებს გულის ტკივილი.
დღეს ჩემს ტოტებზე ისე გულიანად იგალობა შაშვმა, რომ სულ გადამავიწყდა, თუ როდესმე გული მტკიოდა.
აქაურ ტყეში მარტო მე ვარ ნაძვი. ერთი ადგილი მომწონს მაღალ მთაზე, ხშირად ვდგავარ იქ. აქედან კარგი გადასახედია, მთელი ხეობა მოჩანს.
ღამღამობით სიზმარში მეჩვენება, რომ ფეხები მიწაში მიდგას.
თქვენ მენატრებით.
გკოცნით ბევრს...»

წერილს გარედან მისამართი ეწერა:
«66793
ბორჯომი
ეს წერილი ნაძვის ტყეში დააგდეთ.
ბერი».

შემოდგომაზე გულის ტკივილმა მოუმატა ბერს.
ერთ საღამოს ნაძვის ფესვები მუხლებს ქვემოთ იგრძნო.
საშინლად სწიწკნიდა გული.
მთვარიანში სახლიდან გამოვიდა, კალოდან ბარი გამოიტანა და ტყისაკენ აუყვა აღმართს.
გვიანი შემოდგომა იყო.
მთვარის შუქზე ვედრებასავით იდგნენ გაძარცული ტყეები.
ტყის მცველის ქოხს ჩაუარა.
შუაღამისას თავის საყვარელ ადგილს მიაღწია.
აქედან ხელისგულივით მოჩანდა ხეობა.
ბერმა ღრმა ორმო ამოთხარა და შიგ ჩადგა. მერე ნათხარი მიწა შიგნით ჩაიყარა და ხელებით ფეხებში ჩაიტკეპნა წელამდე.
იდგა ასე.
უკანასკნელი, რაც ბერმა იგრძნო, ის იყო, თუ როგორ შეავსო ორმა სხეულმა ერთი მთლიანი და გახდა ერთსახე, რომელიც წვრილი ფესვებით საოცარი სისწრაფით ჩაებღაუჭა მიწას.
ხოლო პირველი, რაც ნაძვმა იგრძნო, ეს მზის ამოსვლა იყო.


''U motherfuckers can't stop me!''

#57 OFFLINE   ninuciko

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 482 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:tbilisi
  • ინტერესები:To witness a miracle...

გამოხმაურების ნახვაDON BENI (May 13 2008, 11:17 PM) писал:

სიცოცხლის საგალობელი
გოდერძი ჩოხელი

ორშაბათი

გაზაფხულის პირია.
აფუსფუსებულია დედა-ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ.
ბალღები ჟივილ-ხივილით მოსდებიან მზორეებს და გვირილებს კრეფენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.
კედლიდან ხვლიკი გამომძვრალა და მზეს ეფიცხება. დროდადრო მწვანე თავს წამოსწევს და ზანტად იყურება აქეთ-იქით.
სკებიდან გამოსული ფუტკრის ზუზუნი ავსებს სოფლის მიდამოს.
ფუსფუსებს სოფელი, ირგვლივ სიცოცხლე ზეიმობს.
................................................................................
................................................................................
...............................
დედაბრები თანდათან უფრო გახალისდნენ და სიმღერაც უფრო ლაღი გახდა.


დონ, ძალინ მიყვარს ეს მოთხრობა............. :) და საერთოდ მიყვარს გოდერძიჩოხელის ნაწარმოებები, მისი ხედვა და ლამაზი სიტყვა....
საერთოდ მთის ხალში ძალინ უცნაური და საინტერესო ადათ-წესებით გამოირჩევა... ამ წესებზე აღზრდილი იყო გოდერძი ჩოხელიც და სწროედ ეს სძენს მის მოთხრობებს უზადო ხიბლს.....
"...ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან..."

Experience is simply the name we gave our mistakes...
To the world you are just one person, But to one person you are the world...

#58 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!

გამოხმაურების ნახვაninuciko (May 14 2008, 07:02 PM) писал:

დონ, ძალინ მიყვარს ეს მოთხრობა............. :) და საერთოდ მიყვარს გოდერძიჩოხელის ნაწარმოებები, მისი ხედვა და ლამაზი სიტყვა....
საერთოდ მთის ხალში ძალინ უცნაური და საინტერესო ადათ-წესებით გამოირჩევა... ამ წესებზე აღზრდილი იყო გოდერძი ჩოხელიც და სწროედ ეს სძენს მის მოთხრობებს უზადო ხიბლს.....


კი გეთანხმები მთაში აღზრდილ მწერლებს და პოეტებს სულ სხვანაირი ხედვა აქვთ!


''U motherfuckers can't stop me!''

#59 OFFLINE   d.r-x

    სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპ
  • 34 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:tbilisi
მართლაც დასანანია ეგეთი დონის მწერლის უდროოდ წასვლა იმქვეყნად. :e:

#60 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
ვარდი და ქალი
გოდერძი ჩოხელი

ვარდი დააზრო საზამთრო
ნიავის ჩამოქროლამა,
ლამაზი ქალი დააჭკნო
გულს სევდის შამოწოლამა,
გვერდზე კაიყმის არყოლამ,
ბეჩავ ქმარასთან წოლამა,
უდროოდ ჩამოათეთრა
ზამთრის ფიფქების თოვამა,
როგორც მიმინომ, წაიღო
სიკვდილის ჩამოქროლამა,
უღვთო, უგულო სოფელმა,
ყოფნა-არყოფნის ბრძოლამა.


''U motherfuckers can't stop me!''

#61 OFFLINE   ninuciko

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 482 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:tbilisi
  • ინტერესები:To witness a miracle...
იცით, რა მაინტერესებს? შემთხვევით, ვინმემ ხომ არ იცით, სად არის დაკრძალული გოდერძი ჩოხელი?......... :sm (15):
"...ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან..."

Experience is simply the name we gave our mistakes...
To the world you are just one person, But to one person you are the world...

#62 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
შენი სხეული ჩემს სხეულზე ურო გამძლეა, ამიტომ ჩემ ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემ წილ საწუთროს,
როცა ჩემ მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები; სამძღორს იქით რომ გარდავხდეთ,
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია, მეც მანდ მიმყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. მე რომ ჩამომძახებენ..
- მიწა ხარ და მიწად იქეც!
-მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვია და შემინახე, რომ არ დაგკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე დედაო მიწა!

ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#63 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
გოდერძი ჩოხელი

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!

ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!

_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!


:(
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#64 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
ხშრად წერდა სიკვდილზე :უსერ:


"იქნება ის ქვეყანა სჯობს,
ამ ქვეყანა წყეულსა,
თორემ ერთს მაინც ვნახაბდით,
იქიდან გამოქცეულსა"


" -რა არის სიცოცხლე?
-სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
-სიკვდილი?
-სიკვდილიც სევდა არის ადამიანად არ ყოფნის სევდა"


"სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს



სადღაც აქვეა სიკვდილი,
როგორ ახლოა მიწა,
არყოფნის გემებს მივკივი
არარაობის ზღვიდან;
ალბათ ხარობდა დედაი,
როცა პატარას მზრდიდა!
"

"სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი"



ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#65 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული” - ინტერვიუ გოდერძი ჩოხელთან

როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს, არა მარტო დროთა და ადგილთა გარემოებების გამო შეუხვედრელი რესპონდენტ-კორესპონდენტი.

მერვე სართულზე ვცხოვრობ, შუქი არა გვაქვს… კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ძლივს მოხელთებული გოდერძი ჩოხელი, მაგრამ როდის იყო, ჩვენს დროში გამობრძმედილ ჟურნალისტს ასე შემოჩვეული დროებითი სიძნელეები აშინებდა? ისე, ინტერვიუ გოდერძი ჩოხელთან გუდამაყრის ხეობაში, ცრემლიანი წიფლით აგუზგუზებულ ბუხართან აჯობებდა. აღმოჩნდა, რომ ბუხარი ჩემი მასპინძლის დიდი ხნის ოცნებაა. შევთავაზე წარმოსახვით ბუხართან დავმსხდარიყავით, რომელსაც გოდერძიმ “ფიქრის ბუხარი” უწოდა. იქამდე ვისხედით “ფიქრის ბუხართან” და ვჩხრეკდით ღადარს, სანამ არ გავთბით.

ჩვენთან ერთად ეფიცხებოდა ბუხარს “სულეთის კიდობნიდან” გადმოსული შუღლიანთ სება. დროდადრო თავისი მუზეუმის ექსპონანტებს გვიჩვენებდა.

მარი ცქიფურიშვილი: გოდერძი, “სულეთის კიდობანი” რომანია თუ პუბლიცისტიკა?

გოდერძი ჩოხელი: რომანი მართლაც პუბლიცისტურია, მაგრამ ჩემი მიზანი არ ყოფილა მასში მელას სახით შევარდნაძის გამოყვანა. ეს უფრო იგავ-არაკია, სადაც არეულია დრო, სივრცე, რეალური, არარეალური... ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. შევარდნაძე წავა და მელას ამბავი დარჩება. “სულეთის კიდობანში” აღწერილი სიტუაცია ყოველთვის იქნება, სანამ იქნება ქვეყანაზე მელა, სანამ იქნება კვერნა, იქნება სადგისი, ზარფუში, დათვი, დათვის ხასიათი..

მარი ცქიფურიშვილი: არჩევნები…

გოდერძი ჩოხელი: არჩევნებიც სულ იქნება ქვეყანაზე. სულ რაღაცის არჩევა მოუწევს ადამიანს, დათვს, მელას, თოფს…

მარი ცქიფურიშვილი: თოფსაც?

გოდერძი ჩოხელი: ჰო, მოკლას თუ არ მოკლას. გარკვეულ დროში, გარკვეულ მონაკვეთში ამ დედამიწაზე ადამიანები, ცხოველები და საგნები თავისდაუნებურად ირჩევენ ერთნაირ ცხოვრებას. ჩვენი გასავლელი ცხოვრება ჩვენ თვითონ შევქმენით. პირადად ჩემთვის, “სულეთის კიდობანში” მყარი და რეალური სამყაროა აღწერილი. ერთი შეხედვით, ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ კონკრეტული დროა აღებული და ეს ჩვენი ცხოვრებაა.

ბედისა და ცხოვრების უკუღმართობაზე ჩაფიქრებულს, ფიქრის ბუხარში, ცეცხლის ალს დროებით გამორიდებული “ბრძანება” ამიფრიალა ცეცხლის ალმა: “გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი ვბრძანებ: მომზადდეს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის. ჩვენი დევიზია: ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ დავამთავრებთ. ხოლო ამ გზაზე გამოვიყენებთ ბრძოლის ყველა ხერხს. თითოეული ბუჩქის უკან ვინ ზის და თითოეულ “ბუტკას” ვინ მფარველობს, ყველაფერი ვიცი. დადგება დრო და ყველას ყველაფერი მოეკითხება. არჩევნები ბათილად ჩაეთვლებათ მათ, ვინც საარჩევნო კანონს დაარღვევს. თქვენ კარგად იცით ვისაც ვგულისხმობ ამათში. გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი-მელია.”

მარი ცქიფურიშვილი: რამდენად არის ეს ცხოვრება ჩვენი არჩევანი, რისი შეცვლა შეგვიძლია?

გოდერძი ჩოხელი: ჩვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული, შეგვიძლია შევცვალოთ, მაგრამ ვერ ვცვლით-ხოლმე. დღეს ქართველები ვცდილობთ როგორმე განვდევნოთ სატანა ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენი სულიდან.

მარი ცქიფურიშვილი: პირიქით მეჩვენება…

გოდერძი ჩოხელი: მე ვგულისხმობ ჯანსაღ ქართველებს და არა იმათ, ვისაც სატანა მოერია, სატანის სამსახურში ჩადგა და ხელს უწყობენ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე მართლმადიდებელი ქვეყნის გაქრობას. არიან, რა თქმა უნდა, ისეთი ქართველებიც, რომლებიც ხელს უშლიან სატანის სურვილს: პირისაგან მიწისა აღგავოს საქართველო, რომელსაც დედამიწის შუბლი უწოდა ლევან სანიკიძემ.

მარი ცქიფურიშვილი: გამოდის, რომ ვიბრძვით, მე კიდევ მეგონა, რომ ქართველების საუკეთესო ნაწილი მუზეუმებში გამოკეტილ წარსულს მისტიროდა მხოლოდ. ვერ ვგრძნობ მომავლის ხედვას… საქართველო კიდობანში ჩასვენებულ თადეოზს ჰგავს, რომელიც სულეთის ქვეყნისკენ მიექანება.

გოდერძი ჩოხელი: ზუსტად ეგრეა. ის რაც შაჰ-აბასმა ვერ შეძლო, ქართველების ფერეიდანში გასახლებით, რაც ხრუშჩოვმა ვერ გააკეთა, მშვენივრად მოახერხა ჩვენმა თანამემულემ, ჩვენმა პრეზიდენტმა. ხრუშჩოვი ყველას ერთად მაინც გვიპირებდა სადმე დასახლებას. ფერეიდნელი ქართველებიც ხომ ერთად დაასახლეს, ამიტომ შეინარჩუნეს ქართველობა, ენა. დღეს კი ჩვენი “მამა-მარჩენლის” წყალობით გასახლება კი არა ქართველების გაბნევა მიდის.

მარი ცქიფურიშვილი: კერიის მოშლა…

გოდერძი ჩოხელი: კერის მოშლა, ფუძის ანგელოზის გაფრთხობა… ცეცხლის ჩაქრობა, კერის გაცივება ადვილია, მისი გაწყობა კი ძალიან ძნელი. დიდი შიში მაქვს იმისა, რომ აქედან იძულებით გასახლებული ქართველებიდან ცოტაღა დაბრუნდება საქართველოში. სადაც ახალ კერას გაიჩენ მერე იქედან გიძნელდება გაციებულ კერასთან მობრუნება.

ფიქრის ბუხრიდან მოულოდნელად მამა-პაპურ კერიასთან გადავინაცვლე.

“კერა სახლის საფუძველია, კერა სახლის საძირკველია, კერა სალოცავია… კერასთან წყდებოდა ოჯახის საქმეები. კერასთან უყვებოდნენ უფროსები ბალღებს საგმირო ზღაპრებს. კერასთან საპატიო ადგილზე სვამდნენ სტუმარს. კერის პირას უწმინდური ქალი ვერ დაჯდებოდა.

კერაში ღამ-ღამობით ახვევდნენ ღადარს, რომ დილით გაეღვივებინათ და ამაში იყო რაღაც დროის უწყვეტობა, რაც პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადმიანებს ჩამოუტანა მიწაზე, ადამიანი კი დღესაც გულმოდგინედ ახვევს ღადარს, რომ ხვალ კიდევ გააღვივოს ცეცხლი.”

ის ფარდაგი გამახსენდა, აღმოსავლეთის კედელზე რომ ეკიდა შუღლიანთ სებას. “ერდოებიდან შემოჭრილ მზის სხივებში ნაირ-ნაირ ფერებად აელვარდა ძველებური ფარდაგი, რომელზედაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული.” ჩემმა მასპინძელმა კი ფარდაგზე ყველაზე ლამაზი ნაქარგი გამოარჩია:

გოდერძი ჩოხელი: ვხედავ აღდგომის ლიტონიობას სვეტიცხოვლის ეზოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუკა იგლიჯება და პატავრავდება შაგრენის ტყავივით, მე მაინც მგონია, რომ ჩვენ უნდა აღვდგეთ. მტერი ყველანაირად ცდილობს ჩამოგვაჭრას მამული, ჩამოგვაჭრას მკლავი, ჩამოგვაჭრას გული…

მარი ცქიფურიშვილი: რომ აღვდგეთ რაღაც მისია უნდა ვიკისროთ, იდეა გვჭირდება, რომელიც გაგვაერთიანებს.

გოდერძი ჩოხელი: იდეა თავისთავად არ მოდის, არც ხალხი ქმნის მას. იდეის ავტორი ყოველთვის, ღვთისგან რჩეული ერთი ადამიანია. ასე იყო დავით აღმაშენებლის დროს, ტყე-ღრეში გახიზნულ ქართველებს დავითმა მისცა იდეა, გააერთიანა და განამტკიცა საქართველო.

ჩვენ ველოდებით არწივს, - ადამიანს, რომელსაც ღმერთი გამოგვიგზავნის, მაგრამ მარტო ლოდინით არ უნდა შემოვიფარგლოთ, უნდა ვებრძოლოთ სატანას, რომელიც ხელს შეუშლის ამ ადამიანის მოსვლას. სატანა სხვის ტახტზე ზის და მას, ვისაც ტახტი ეკუთვნის ნებით არ დაუთმობს, თუ ჩვენც არ შევეწიეთ ბრძოლაში.

მარი ცქიფურიშვილი: კიდევ რაღაც უნდა გავაკეთოთ, ამ “ნაცრის ქექვის “გარდა?

გოდერძი ჩოხელი: ვინც გოდერძი ჩოხელს იცნობს ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ ნაცარს ვქექავ. აწი რომც აღარაფერი შევქმნა, მე ჩემი გასაკეთებელი უკვე გავაკეთე.

მარი ცქიფურიშვილი: ღმერთმა ჰქნას, რომ თქვენი და არა მარტო თქვენი ნააზრევ-ნაღვაწი ზღვის მოქცევის წინ ქვიშაზე ჯოხით ნაჩხაპნს არ დაემსგავსოს, რომელსაც წამკითხავი აღარ ეყოლება.

გოდერძი ჩოხელი: ყველა ქართველს თავისი მისია აქვს. ვიღაცა წერს და თავის ნაცარში ნაფიქრალს სხვას აწვდის. მწერალი ამით თავის ვალს იხდის. იყო დრო, როცა ქართული მწერლობა ერის დედაბოძს წარმოადგენდა. მწერლის სიტყვას მეფის სიტყვაზე არანაკლები ძალა ჰქონდა. არა მგონია ერის დღემდე მოყვანაში რომელიმე დიდ ლაშქრობას უფრო მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე “ვეფხისტყაოსანს”.

მარი ცქიფურიშვილი: ქართველმა მწერლებმა აზროვნება, ფიქრი და წერა კი არ შეწყვიტეს, ერის წინამძღოლის ფუნქცია დათმეს…

გოდერძი ჩოხელი: როცა ქართული მწერლობა იყო ერის წინამძღოლი, მაშინ არ იყო რადიო, ტელევიზია, კინო. დღეს წინა პლანზე საინფორმაციო საშუალებებმა წამოიწია და ის ადგილი დაიჭირა, მწერლობას რომ ეკავა. ერის გულისყურიც მათკენ მიიზიდა. ეს არაა ქართული მწერლობის სისუსტე ან დანაშაული. ბოლოსდაბოლოს შენ თვითონ უნდა აარჩიო ჭუჭყში მარგალიტი. თუ ერი ამას ვერ მოახერხებს, ან ამოსარჩევი მწერალი არა ჰყავს, მაშინ ის დაღუპულია. მწერალი კომბლით ვერ გაეკიდება მკითხველს. მან დაწერა და შეფასებას ელოდება. თან ცოტა შიშიც აქვს, ამ დროს უნდა გაამხნევო, გული გაუთბო. ვერ შემოგაჩეჩებენ თავის წიგნებს, ხომ ხედავთ დღეს როგორი მწერლები არიან წინ წამოწეულნი?

მარი ცქიფურიშვილი: ნამდვილ მკითხველს ხშირად წიგნის საყიდელი ფულიც არა აქვს, თქვენი ”სულეთის კიდობანი” ცხრა ლარი ღირს…

გოდერძი ჩოხელი: ეს ჩემი ბრალი არაა. თორმეტი წელია ჩემი წიგნი არ გამოცემულა. ძალიან მინდოდა ჩემს მკითხველთან შეხვედრა და ამ ხნის მანძილზე სულ ველოდებოდი, რომ ვიღაც მოვიდოდა, ჩემი წიგნის გამოცემით დაინტერესდებოდა. მე თვითონ ამის საშუალება არ მაქვს. "სულეთის კიდობანი" ორჯერ გამოვართვი და ისევ მივუტანე გამომცემელს. მენანებოდა, რომ წიგნი სხვისი უნდა გამხდარიყო. გადაგიხდიან ჰონორარს და მერე არც იმას გეკითხებიან წიგნი რამდენად გაიყიდება, ვერც ტირაჟს უკონტროლებ…

მარი ცქიფურიშვილი: "სულეთის კოდობანში" რამდენი აიღეთ?

გოდერძი ჩოხელი: ჯერ მხოლოდ ორასი ლარი მომცეს, მპირდებიან ათას ლარამდე. ასე შეფასდა ჩემი თორმეტი წლის შრომა. მე მაინც კმაყოფილი ვარ, რაც მთავარია წიგნმა იხილა დღის სინათლე. ვიცი, რომ ძვირია, მე თვითონაც ვერ ვიყიდი. ხშირად ამიღია ხელში ჩემთვის საინტერესო წიგნი, შევათვალიერებ, მოვეფერები და ისევ უკან ვდებ. მაშინაც კი, როცა ფული მაქვს ვერ ვყიდულობ, რადგან შინ მყავს შვილი, რომელსაც უნდა პური…

მარი ცქიფურიშვილი: ნუთუ არ მოიძებნა სპონსორი თუ არა პარტნიორი მაინც, რომ ამ კაბალურ პირობებზე არ დათანხმებულიყავით?

გოდერძი ჩოხელი: რა ვიცი, ათასი ვინმე მპირდებოდა, ქართველებს ასეთი რამ გვახასიათებს: სუფრაზე გადამაღებინებენ ფილმებს, გამომაცემინებენ წიგნებს… დათვრებიან და დაიწყებენ: შენნაირი ქართველი ასე უნდა დადიოდეს? შენ დღედაღამ კინოებს უნდა იღებდეო. დავუბარებივარ კიდეც, მოდი ჩემთან და მე ვიციო. ხანდახან მართალა დამიჯერებია და მივსულვარ, ვეღარც კი ვუცნივარ იმ კაცს. ერთმა წიგნის გამოცემის თაობაზე სამი თვე მატარა, სანამ არ მივხვდი, რომ მასხრად მიგდებდა.

ქართველს უნდა ქართველის ძვლებზე სასახლე ააშენოს, ერთი ლარი კი არა მილიონი იშოვოს. ქართველებს არაფერი გვეშველება სანამ ერთმანეთის ძვლების სასახლეთა ბოძებად გამოყენებას არ დავანებებთ თავს.

მარი ცქიფურიშვილი: ”სულეთის კიდობანში” აღებული ჰონორარი ასი წიგნის ღირებულებას შეადგენს, ეს ძალზე ცოტაა. იმედია, თქვენმა ფილმებმა მაინც მოგიტანეს შემოსავალი.

გოდერძი ჩოხელი: ფილმებს ახლა ვეღარ ვიღებ. დღემდე რაც გადამიღია ყველაფერში ერთად ორასი-სამასი ლარი მექნება აღებული. ”სამოთხის გვრიტების” ვიდეო კასეტები კი მთელმა საქართველომ იყიდა.

მარი ცქიფურიშვილი: თქვენ საავტორო უფლება არ გაქვთ ფილმებზე?

გოდერძი ჩოხელი: საქართველოში, სადაც ყველა უფლება ჩაწიხლულია, რა საავტორო უფლებებზეა ლაპარაკი? მე ამაზეც თანახმა ვარ, ოღონდ მამუშაონ, ფილმი გადამაღებინონ, წიგნი გამომიცენ. ცოტა პურის ფული მომცენ, რომ შიმშილით არ მოვკვდე. მწერალი საქართველოში თავის შრომით არასდროს არ იყო ლაღი, ის მხოლოდ ხალხის ყურადღებით, სიყვარულით ლაღობდა. ბედნიერი ვიქნებოდი რაც დაწერილი მაქვს წიგნებად, რომ გამოიცემოდეს.

მარი ცქიფურიშვილი: გამოუცემელი ნაწარმოებები ბევრი გაქვთ?

გოდერძი ჩოხელი: ბევრი არა, მაგრამ მაქვს. ძალიან მინდა გამოცემულებიც ხელახლა გამოვცე. ამას წინათ ხელახლა გადავიკითხე "მგელი", კვეხნად ნუ ჩამითვლი, მაგრამ ეს ყველასთვის გასაგები დიდი ნაწარმოებია, სადაც ბწკარიც არაა ზედმეტი, ერთი ლამაზი ამოსუნთქვაა.

მარი ცქიფურიშვილი: ლუკა თქვენ ხართ?

გოდერძი ჩოხელი: მეც ვარ და ჩემი შვილიც – მე ვარ გაიგივებული ჩემს შვილში.

მარი ცქიფურიშვილი: როდის შენიშნეთ ადამიანებში მგელი?

გოდერძი ჩოხელი: როცა ამ რომანს ვწერდი, ვერც წარმოვიდგენდი ადამიანებში ამდენი მგელი თუ იყო. მაშინ ვწერდი: მოვა დრო და მგლები გამოეფინებიან, მოედებიან მთელ ქვეყანას. მერე კი ისევ კრავის ტყავს წამოისხამენ, ვითომც არაფერი ყოფილა-თქო.

იმ პერიოდში, როცა “მგელს” ვწერდი შინ მარტო ვიყავი. მშიშარა არ ვარ, მაგრამ ძილის წინ გამოვაღებდი ხოლმე კარადას, შევიხედავდი საწოლის, მაგიდის ქვეშ. ავტობუსში ერთი შემოხედვითაც ვგრძნობდი რომ მგელი მიყურებდა, ისე მქონდა გამახვილებული ეს გრძნობა. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ქუჩა სავსე იყო მგლებით, ახლა კი საქართველო პირდაპირ მგლებითაა გაჭედილი.

მარი ცქიფურიშვილი: შიგნით თუ გიგრძვნიათ როდესმე მგელი?

გოდერძი ჩოხელი: არასოდეს. ერთხელ კინოსტუდიაში აკანკალებული რეზო ინანიშვილი მოვიდა, თურმე გამყიდველს მოუტყუებია და საშინლად იყო განერვიულებული. რედაქტორი გვყავდა საშა მახარაძე, მან ჰკითხა: რეზო, შენ მგელი ხარ თუ ცხვარიო? მგლისა რა შემატყვეთო - უფრო აღელდა ინანიშვილი. მაშინ მოვისმინე ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ეს ცხოვრება ადამიანებს მგლებად და ცხვრებად ჰყოფს. შენ ერთ-ერთი უნდა აირჩიო, თუ ცხვრობა გინდა, ცხვრებს კრეჭენ კიდეც. მე რომ მგელი ვყოფილიყავ, მაშინ სხვანაირი ცხოვრებით ვიცხოვრებდი.

მარი ცქიფურიშვილი: ვეღარ დაწერდით…

გოდერძი ჩოხელი: ჰო, ვეღარ დავწერდი. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული. შეწუხებული ადამიანი კი ვერასდროს მგელი ვერ იქნება. ან მაშინ მგლური ბუნებით უნდა იყოს შეწუხებული. ასეთი ადამიანი კი არ ჰქმნის, არამედ ჭამს, ყვლეფს, ქართველების ძვლებს ხრავს.

თვალწინ გვაქვს მაგალითი, როგორ გამოხრეს ჩვენი წინაპრების ძვლები "ახალმა ქართველებმა". საშოში ეპოტინებიან იმათ ძვლებსაც, ჯერ რომ არ დაბადებულან. დაბადებას არ გვაცლიან, ესენი სატანის ბუნების მგლები არიან, თორემ ბუნებით მგლებზე არ მაქვს ლაპარაკი.

მარი ცქიფურიშვილი: რა სჯობს - მტერი არ დაინდო, ვალი არ შეარჩინო თუ მარცხენა მიუშვირო?

გოდერძი ჩოხელი: სულის ხსნისთვის მეორე სჯობს. თუ ქრისტეში ხარ და ქრისტეა შენში ასე უნდა მოიქცე, მაგრამ ქრისტე არ ამბობს: შენ შეეჭმევინე, მოეკვლევინე და გაეძარცვინეო. თუ შენი სიყვარულით დახვედრა ვერ გაიგეს, მაშინ ძალით უნდა გააგებინო. ჩემს ფილმში "ცოდვის შვილები" მაქვს დასმული ეს საკითხი. ხევსური მგელიკა, რომელმაც ქისტი მოიტაცა, ეუბნება მღვდელს, რომ ლოყა ერთხელ უნდა მიუშვირო მეორედ კი აღარაო.

მარი ცქიფურიშვილი: "ადამიანთა სევდა" თქვენი დაწერილია?

გოდერძი ჩოხელი: "ადამიანთა სევდა" ჩემი მფარველი ანგელოზის ნაკარნახევია, რომელიც სულ თან დამყვება. ეს ჩემი პირველი და უსაყვარლესი რომანია, არც დიდი არც მოსაბეზრებელი, მაგრამ თავისთავში იტევს სევდას, სიყვარულს, სითბოს და ისეთ რაღაცეებს კიდევ, რომელიც ჯერ მე თვითონაც არ ვიცი.

მფარველმა ანგელოზმა შემსვა ერთხელ ცხენზე და პასუხის მოძებნა დამავალა ორ კითხვაზე: რა არის სიცოცხლე და რა არის სიკვდილი? დავდიოდი გუდამაყარში დონ-კიხოტივით ცხენზე ამხედრებული და ყველას ვეკითხებოდი: რა არის სიცოცხლე, რა არის სიკვდილი, რა გადარდებს? რასაც ისინი მპასუხობდნენ, თითქმის უცვლელად შევიტანე "ადამიანთა სევდაში". ბოლოს მინდოდა ჩემი პასუხით დამემთავრებინა, მაგრამ ჩემს პასუხს ვეღარ ვპოულობდი.

ჩვენთან სათიბები მაღლა მთებშია. ნათიბი დილაუთენია უნდა მოხვეტო, რომ მზემ არ ჩაგიფშვნას. ამიტომ მე და დედაჩემი შუაღამისას დავადექით გზას. გუდამაყარში ისეთი მთვარიანი ღამეები იცის, დღისგან ვერ გაარჩევ. დედაჩემი ჩემს წინ მიდიოდა მთვარით განათებულ გზაზე. ვხედავდი მთვარემ როგორ დააგრძელა მისი ჩრდილი, რომელიც ჩავიდა ხევში, აუყვა აღმართს, გორა გადაიარა… გამეხარდა, - რამხელაა დედაჩემი-თქო. მაშინ გამიჩნდა ის ორი პასუხიც და უკან გამოვიქეცი ყვირილით: “ვიპოვე, დედი ვიპოვე”, ჩემი პასუხები ვიპოვე: სიცოცხლე არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა, სიკვდილიც სევდაა, ოღონდ ადამიანად არ ყოფნის სევდა.

მარი ცქიფურიშვილი: რატომაა ნაღვლიანი და სევდიანი კაცთა მოდგმა?

გოდერძი ჩოხელი: იმიტომ, რომ ღმერთმა სევდა და ნაღველი მარილად დაუდო კაცთ. ამის გარეშე კაცთა მოდგმა ამპარტავანი იქნებოდა. სევდა ადამიანის სულს მარილივით დაეფინება და წმენდს.

მარი ცქიფურიშვილი: ძალიან გაუთამამდით სიკვდილს და ჩვენც შემოგვაჩვიეთ, არ გეშინიათ?

გოდერძი ჩოხელი: დუშეთში ვიყავი ხატობაზე. ყოველ ღამე ცხენზე ამხედრებული ერთი თუში წამოგვვარდებოდა ხოლმე და დაგვჭყივლებდა: "ნუ გეშინიათ, ხალხო, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!" მეც მაგას ვიტყოდი. სანამ ცოცხალი ხარ, ხომ არ მოკვდები და რატომ უნდა გეშინოდეს სიკვდილის? რომ მოკვდები, მერე საშიშიც არაფერია.

მარი ცქიფურიშვილი: თქვენს პერსონაჟებს წარმართებივით უყვართ ცხოვრება, რატომ?

გოდერძი ჩოხელი: ჩვენში კარგადაა შეთვისებული ერთმანეთთან ქრისტიანობა და წარმართობა. ამან ქრისტიანობას ახალი ძალა შემატა. მთაში მაცხოვრებელი კაცი კი, როგორც მთას ეკადრება, ისეთი გახდა. ასეთი ხალხი ბარში საძებარია. ალბათ, ამოტომაა ნათქვამი, ბარში რომ ნამუსი დაიკარგებოდა, მთაში მიდიოდნენ საძებნელადო.

მარი ცქიფურიშვილი: მართლა გესმით ცხოველების, ფრინველების, ბალახის ენა?

გოდერძი ჩოხელი: დედაჩემმა მართლა იცოდა ჩიტებისა და ბალახების ენა. კვირტი რომ გამოვიდოდა, იმას ეფერებოდა და რაღაცეებს უყვებოდა. ბალახს ფეხს არ დაადგამდა. ჩემი ორივე შვილის დაბადება ოფოფებმა ახარეს. სამახარობლოდ რომ ჩავედი, შვილიშვილი გეყოლა-თქო, მიპასუხა, ვიცი, ოფოფმა მითხრაო.

მარი ცქიფურიშვილი: მართლა თქვით, ეკლესია-მონასტრები კოსმოსურ რაკეტას ჰგვანან, რომლითაც ადამიანები ჩამოფრინდნენ დედამიწაზეო?

გოდერძი ჩოხელი: ეს ჯერ არ დამიწერია, საიდან იცით? მე მართლა მგონია, ეკლესიები იმიტომ ჰგვანან კოსმოსურ რაკეტას, რომ თავის დროზე ჩვენ მოვფრინდით აქ საიდანღაც, მერე გაგვიფუჭდა რაკეტა და დავრჩით დედამიწაზე, ჩვენი სული კი უკან დაბრუნებას ითხოვს. ადამიანებმა მოიგონეს დაბრუნების ასეთი საშუალება – ააგეს ეკლესიები, რომლებიც ცაში გასაფრენად გამზადებულ ხომალდებს ჰგავს. შედიან, ლოცულობენ და ზეცაში დაბრუნებას ითხოვენ.

მარი ცქიფურიშვილი: როგორ გგონიათ, დავბრუნდებით?

გოდერძი ჩოხელი: აუცილებლად, თუ მამა ღმერთთან დაბრუნების რწმენა გვექნება.

მარი ცქიფურიშვილი: მერე აქაურობა რომ მოგვენატრება?

გოდერძი ჩოხელი: მოვალთ, ალბათ, ისევ. მარადიულად არსად ყოფნას არ ვისურვებდი, ხომ გული გამისკდება. მე სულ ადამიანად მინდა ყოფნა. ოღონდ, უნდა მახსოვდეს, ვინ ვიყავი. გული მწყდება, აქამდე ვინ ვიყავ რომ არ მახსოვს. თუ მახსოვრობა არ მექნება, მაშინ კი არ გარდავცვლილვარ, მოვმკვდარვარ. ისე, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ სულ აქ ვიქნებოდი. ოღონდ, საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ.

მარი ცქიფურიშვილი: ახლა რომ მაღალ მთაზე იდგეთ, საიდანაც მთელი საქართველო ჩანს და ყველასთვის ხმის მიწვდენაც შეგეძლოთ, რას იტყოდით?

გოდერძი ჩოხელი: ვიტყოდი: ღმერთო, ჩქარ გააბრწყინე საქართველო!
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#66 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#67 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ :)




1
- უკაცრავად, თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩოფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .



2
- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა!
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!



3
- თქვენი სახელი?
- ჩემი?!
- დიახ.
- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
- თქვენ რომელი გირჩევნიათ?
- მეე, ნიკო.
- რა გვარი ბრძანდებით?
- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
- ცოლ-შვილი გყავთ?
- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.
- რას იტყვით, რა არის სიყვარული?
- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
- ხომ ნახულობ?
- არა, ალიმენტ უგზავნი.



4
- რომელ კლასში ხარ ლადო?
- მეოთხეებში გადავდივარ.
- რა ნიშნები გყავს?
- რავიიი!
- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
- ორებს კი არა, ისაა.
- მაშ, რა ნიშნები გყავს?
- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
- რა გვარი ხარ?
- წიკლაური.
- შეყვარებული ხომ გყავს?
- შეყვარებული არა, ისაა!
- მე რომ მითხრეს ჰყავსო?
- არაფერიც.
- შენი კლასელია?
- ვინა?
- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
- არავინაც არ მიყვარს.
- მე რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.



5
- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
- რა ასაკი.
- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
- მერე?
- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
- რატომ, არ გიყვარდათ?
- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
- მაინც?
- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
- გააჩნია, რა შემთხვევაში.
- ხომ გითხარი?
- რა მითხარით?
- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
- შერიგებას არ აპირებთ?
- ვისთან, იმასთან?!
- უკაცრავად.
- არაფერზე.
- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
- ვისზე ამბობთ?
- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ჩამოვიდოდა ჯარიდან.
- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
- მერე რა უთხარით?
- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანამდე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
- მერე რა გაარკვიეთ?
- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
- და ვეღარ შეხვდით?
- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
- არ მოვიდა?
- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
- და აღარ გჯერათ?
- არავითარ შემთხვევაში.
- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.



6
- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!



7
- ჩემი სახელია აპოლონი.
- გვარი?
- მღებრიშვილი.
- სად მუშაობთ?
- იქ.
- სად იქ?
- ნუ, რა საჭიროა?
- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.



8
- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი. არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს. არ მწამს და მამკალ, აჰა!



9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#68 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა..

ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ. . .
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი. . .
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბედზე დამწერეს ჯვარი!

ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#69 OFFLINE   mercia

    საპატიო სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპპიპ
  • 88 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:დედამიწა
უდაბნოში წმინდა ბერი ლოცულობს
უცებ ლამაზ ყვავილს მოჰკრავს თვალს
ეს ყვავილი მოაგონებს შეყვარებულ ქალს,
წუთით ლოცვა ავიწყდება და სურვილი სწვავს,
ყვავილს ხელი წაატანოს, როგორც ქალის მკლავს,
ბერს ხომ ღმერტი დაავიწყდა-ღმერთმა რაღა ქნას?

კარგი ლექსია რაღაც მომწონს :12:

#70 OFFLINE   mercia

    საპატიო სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპპიპ
  • 88 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:დედამიწა
პატარა გოგოს სურვილი
-ვიღაცამ მითხრა, უკვდავების წყარო არისო
-მერე სად მიგაქვს?
-ერთი თვეა ვასხამ დედიკოს საპლავზე და...
-შენ არ დალიე?
-არა ჯერ არა
-რატომ?
-იქნებ დედიკო არ გააცოცხლოს
მე რომ დავლიო აღარ მოვკვდები და
ჩემ დედიკოს ვეღარასოდეს ვერ შევხვდები




გამოხმაურების დამატება



  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი