Sign in to follow this  
Followers 0

საეკლესიო ლექსიკონი

74 posts in this topic

.: ლ :.

ლეღუსულელი (77, 47) - ლეღვის ხე.

{ვფიქრობთ, ავტორისეული განმარტება არ უნდა იყოს ზუსტი, რადგან სულხან-საბას „სიტყვათა კონაში“ ეს სიტყვა განიმარტება როგორც „თუთა“: „ესე არს ჟოლა, რომელსა სომხურად თუთა ეწოდება, რამეთუ ლათინურად სიკომოროს ჟოლას ჰქვიან, ვითარმედ სიკო - ლეღვი, მოროს - სულელი (II ნეშტ. 9, 57)“. თუმცა სხვაგან სულხან-საბა ამგვარად განმარტავს ამ სიტყვას: „ეგვიპტური ლეღვი - ლეღუსუარი (იერ. 29, 17)}

ლიბანი (28, 5-6) - მთა, რომელზედაც ხარობდა კედარის ტყე. აქ მოაჭრევინა სოლომონმა იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო მასალა. ლიბანის მთა მდებარეობს ფინიკიის აღმოსავლეთით.

ლმობიერება (59, 3) - შემწყნარებლობა, შემბრალებლობა; აგრეთვე გულჩვილება, სათნოება. სულხან-საბას განმარტებით „ლმობიერი“ ითქმის წყნარ, გუნება-მშვიდ ადამიანზეც, იგივეა რაც „ლომბიერი“ (იხ. ს.ს. ორბელიანის „სიტყვის კონა“).

ლოშნა (71, 9) - ნადირული ლოკვა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: მ :.

მადიამი (82, 9) - აბრაამის ძის მადიამისაგან წარმომდგარი ხალხი, რომელიც შეეძინა მას უკანასკნელი ცოლის ქეტურასაგან (შესაქ. 25, 1-4).

„მადიამი“ ერქვა მათ მეფესაც.

მანანა (77, 24) - ზეციური პური; თეთრი თაფლნარევი პურის ნამცეცები, რომელიც უფალმა გამოუგზავნა ეგვპტიდან გამოსულ ებრაელებს. ცვიოდა ციდან ყოველდღე, გარდა შაბათისა. ამით იკვებებოდნენ ისრაელიანები, ვიდრე აღთქმულ ქვეყანაში არ შევიდნენ (გამოს. 16, 14-36). როდესაც ისრაელიანებმა პირველად იხილეს ციდან პურის ცვენა, გაკვირვებულები კითხულობდნენ: „ეს რა არის?“, რაც ებრაულად ამგვარად გამოითქმის: „მან-ღა?“. აქედან „ზეციური პურის“ წარმომდგარი სახელი - „მანანა“.

ნარჩენი ამ მანანისა ინახებოდა სჯულის კიდობანში საწამებლად (დასამოწმებლად, დასამტკიცებლად) ჭეშმარიტი სჯულისა, სანამ იერუსალიმი დაიქცეოდა.

მანასე (59, 7) - ხალხი, რომელიც წარმოსდგა იოსების ძის მანასესგან. განსახლდნენ მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან იორდანემდე (იხ. „ეფრემ“).

მართლ-უკუნ-იქცენ (69, 2) - უკუიქცნენ, უკან გაბრუნდნენ (მართლ-უკუნ - პირ-უკუღმა).

მართუე, მართვე (83, 3) - ყველა ფრინველთა შვილების ზოგადი სახელი (იხ. ს.ს. ორბელიანი).

მარჯულ ჩემსა არს (15, 8) - ჩემს მარჯვნივ არის, რაც ნიშნავს, რომ ჩემს მხარეს ანუ ჩემთან ახლოს არისო.

{აქ შეიძლება იგულისხმებოდეს აგრეთვე უფლის ანგელოზის თანადგომა, რადგან, როგორც ქრისტიანული სწავლებიდან არის ცნობილი, მფარველი ანგელოზი ადამიანს მხარმარჯვნივ უდგას. აქაც უცილოდ სიმბოლურ განმარტებასთან გვაქვს საქმე}

მაღნარი (28, 9) - მთაზე შეფენილი დიდი და ხშირი ტყე (ტევრი), მსხვილბალახოვანი, „მაღნარნი“ - მრავლობითი ფორმაა.

მაჭირვებელი (26, 2) - ჭირის მომცემი, შემაწუხებელი, მჩაგვრელი.

მდინარე ბაბილოვნისა (136, 1) - ბაბილონის მდინარეთა შორის გამოირჩევა მდინარე ქოვარი, რომლის სანაპიროზეც დასახლდნენ დატყვევებულ ებრაელთა უმეტესი ნაწილი. აქვე, სამშობლოსადმი ნოსტალგიით შეპყრობილმა წინასწარმეტყველმა იერემიამ შეთხზა „გოდება“ ებრაელთა მიერ წმიდა ქალაქ იერუსალიმის დაკარგვის გამო (იხ. „გოდება იერემიასი“).

მეებნე (67, 25) - ებანის დამკვრელი, მედაირე. ზოგი მონაცემით ებანი იყო დაფის, დაირას მსგავსი დასარტყამი ტყავგადაკრული საკრავი; ამასთანავე, არის მოსაზრება, რომ ებანი იყო სიმებიანი საკრავი.

მელქისედეკი (109, 4) - მეფე შალომისა (სალომისა, სალიმისა, რაც ებრაულად ნიშნავს „მშვიდობას“), ანუ იერუსალიმისა, რომელსაც წმიდა ეკლესია მიიჩნევს იესო ქრისტეს სახედ. როდესაც აბრაამმა სძლია ელადის მეფეს და გაათავისუფლა მის ტყვეობაში მყოფი თავისი ძმისშვილი ლოთი, მეფე მშვიდობისა მელქისედეკი გახარებული შეეგება მას და აკურთხა იგი (შესაქ. 14, 18-20), რაც ითვლება მეფე-მღვდელმთავრად კურთხევის წესად, რასაც ადასტურებს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, სადაც იგი მაცხოვარს ალეგორიული ფორმით თვითკურთხეულ მეფე-მღვდელმთავრად ასახელებს (განსჯ. იხ. ებრ. 5, 5-6, VII თ.).

მეფენი საბასნი - იხ. „საბა“.

მეძავი (49, 18) - უქმრო ბოზი დედაკაცი. მემრუშე - ქმრიანი ბოზი დედაკაცი. მრუში - ცოლიანი გარყვნილი მამაკაცი.

მთავარნი

ნეფთალემისანი (67, 27) - მამათ-მთავარ მეფთალემის ტომის უფროსები.

მთა პოხილი და

შეყოფილი (67, 15) - მთა ნოყიერი (ნაყოფიერი) და შეერთებული (გრეხილი), ანუ ნაყოფიერი მთაგრეხილი. ასეთია სიონის მთა, რომელიც შეერთებულია მორიას მთასთან. ეს მთაგრეხილი „სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად“ (67, 16), ანუ ისურვა (ინება) ღმერთმა თავის სამოსახლოდ, ამიტომაც იწოდება „მთაჲ ღმრთისაჲ“.

„რასამე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო?“ (67, 16) - ამ სიტყვებით დავით მეფე-წინასწარმეტყველი თითქოს ნიშნს უგებს სხვა მთაგრეხილებს, კერძოდ ბაშანის მთას, რომ სიონზედ ინება ღმერთმა დამკვიდრება და არა თქვენზეო.

მთნავს (131, 14) - მსურს, მნებავს; მომწონს, მსიამოვნებს.

მთხრებლი (56, 6) - ნიშნავს ყოველნაირ თხრილს. ამ შემთხვევაში იგულისხმება კაცის ჩასავარდნად გამზადებული თხრილი, ორმო.

მიეწიფნეს - სიტყვიდან „წიფება“, რაც ნიშნავს „შეძლებას“ (აქედან შედგენილი სიტყვები: ხელმწიფე, მოწიფული და ა.შ.). მიეწიფნეს, ანუ შეძლეს თავისი სურვილის ასრულება - მიუახლოვნდნე, მიხვდნენ და მისთ.

მივდრეკ ჭენებით

დაცემად (117, 13) - დაძგერებით, დაჯახებით (ამ მნიშვნელობას ატარებს ამ შემთხვევაში სიტყვა „ჭენება“) მივიდრიკე დასაცემად, ანუ კინაღამ დავეცი („მივდრეკ დაცემად“), მაგრამ უფალი შემეწია მე („უფალმან ხელი აღმიპყრა მე“ - იქვე).

{აქ შეიძლება ვიგულისხმოთ აგრეთვე ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელიც ბოროტ ძალთა შემოტევის გამო მიიდრიკა დასაცემად, კინაღამ დაეცა სულიერად, მაგრამ უფალმა დაიფარა იგი}

მივრდომა (83, 10) - შეხიზვნა, თავის შეფარება.

მიმცხოვანებადმდე (70, 18) - მოხუცებულობამდე. მხცოვანი (მხცოიანი) - წვერთეთრი მოხუცებული. მხცოვანება - წვერთეთრობა.

მოაბ (107, 9) - ლოთის ძის მოაბისაგან წარმომდგარი ხალხი (შესაქ. 19, 30-38). მკვიდრობდნენ იორდანეზე, იერიქოს მხარეში. მათი ქვეყანა დაიპყრეს ებრაელებმა, ხოლო მცხოვრებნი გაწყვიტეს (რიცხვ.).

მოახს (36, 13) - მოახლოვებულია, ახლო არის.

მომახსენე (118, 49) - გამახსენე, მომაგონე; შემატყობინე, გამაგებინე.

მომეწიფნეს (17, 5) - მომიახლოვდნენ, წინ გადამეღობნენ (იხ. „მიეწიფნეს“).

მოსავ-ყოფაჲ (117, 8)

(118, 49) - იმედიანად ყოფნა, იმედიანობა. მოსავ-მყავ - იმედიანად მამყოფე, დამაიმედე. 117,8 ფსალმუნი ერთგვარად განმარტავს „კაცთ-მოთნეთა“ დასჯის მიზეზს (იხ. „კაცთ-მოთნე“).

მოსპე (118, 22) - აღმოფხვერი, გაანადგურე.

მოქლონნი - დასაკეტი მოწყობილობების ზოგადი სახელი (ურდული, კლიტე და მისთ.).

მოქცევი (68, 2) - (და არა მოქცევა). ბუნებაში არსებული ბრუნვადი პერიოდული (განმეორებადი) მოვლენების ზოგადი სახელი. მაგ. მზის მოქცევა, წელიწადის მოქცევა და სხვ. კერძოდ, ამ ფსალმუნში იგულისხმება კარგად ცნობილი ე.წ. „ზღვის მოქცევა“, რაც ნიშნავს ზღვის დონის პერიოდულ აწევას (საპირისპირო - მიქცევა, უკუქცევა).

მსახრვალი - სიზმრის ამხსნელი, ანუ ღაზარინელი (დან. 5,15). მსახრვალი ჰქვია აგრეთვე გრძნეულებით (ჯადოქრობით) გამძვინვარებულ მხეცთა დამამშვიდებელს.

მსხემი (38, 12)

(104, 12) - მდგმურივით, ადრე წარმავალი; აგრეთვე უცხო, ეული.

მსხუერპლი, მსხვერპლი (26, 6) - შესაწირავი. „მსხვუერპლი ქებისა და ღაღადებისაჲ“ - იგულისხმება დიდება ღვთისადმი, უსისხლო შესაწირავი.

მური (44, 8) - სურნელოვანი ფისი, რომელსაც ძველ დროში ხმარობდნენ მიცვალებულებისათვის წასასმელად, ანუ შესამურავად.

მღვიმე (27, 1)

(142, 7) - მთაში ან კლდეში (მიწის ქვეშაც) არსებული სიცარიელე, რომელსაც გამოსასვლელი არ აქვს, იგივე გამოქვაბული. შეიძლება იყოს ხელოვნურიც. მღვიმეებს იყენებდნენ ადამიანთა პატიმრობისათვის. ასევე განდეგილები სოფლისაგან მოსაწყვეტად და ლოცვისა და სინანულისათვის.

{აღნიშნულ ფსალმუნებში შესაძლებელია დავით მეფე გულისხმობდეს „სულიერ მღვიმეს“, რომელშიც ცოდვილი იგდებს თავს}

მყის სისრა-უყონ (63, 4) - უსწრაფესად ესროლონ.

მყარი - მაგარი, მტკიცე, მკვიდრი.

{ამ სიტყვაში შეიძლება ვიგულისხმოთ მატერიალური ნივთი ან ფიზიკური სამყარო. თვით სიტყვა „სამყაროც“ ხომ „მყარისგან“ გამომდინარეობს}

მყუარი, მყვარი (77, 45) - ბაყაყის სახეობაა, რომელსაც აქვს ამაღლებული ზურგი. მეტად მყრალი და იმდენად ლორწოვანია, გახურებულ ცეცხლშიც რომ ვამყოფოთ, ორ საათს მაინც დაიფარავს თავისი სინოტივე დაწვისაგან.

მძორი (78, 2) - მკვდრის გვამი.

მწამლველი (57, 5) - სულხან საბას განმარტებით „გრძნების მოქმედი“, ანუ განსაკუთრებული სახეობა გრძნეულებისა, რომელიც წამლებით ზემოქმედებას ეფუძნება.

{აღნიშნული ფსალმუნის საწინააღმდეგოდ პავლე მოციქული ამგვარ ქმედებას უარყოფით ქმედებათა რიცხვში აქცევს (იხ. გალ. 5, 20)}

მწყერ-მარხილი (104, 40) - მწყერის სახეობა, რომელიც ზღვის მახლბლად ბინადრობს, კერძოდ არაბეთში.

მწყობრი (150, 4) - ამ შემთხვევაში შეიძლება იგულისხმებოდეს მწყობრში ცეკვა ან ხმაშეწყობილი სიმღერა. ზოგადად „მწყობრი“ ნიშნავს გარკვეული წესრიგით განლაგებულ ადამიანთა ჯგუფს. მაგ. ჯარისკაცთა მწყობრი, მოასპარეზეთა მწყობრი და სხვ.

მჭელეული (125, 6) - ხელეული (ხელეური), ნამგლით მომკილი პური, რაც მომკელის ერთ მუჭში თავსდება.

მხუმილი ანუ მხმილავი (126, 1)

(ქება 5, 7) - ღამის დარაჯი, ღამის გუშაგი. პატრონის კართან დარაჯი (იხ. „სახუმილავი“).

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ნ :.

ნავნი თარშისანი (47, 7) - ნავები ანუ გემები (ხომალდები) ესპანეთისა, რომელნიც ცურავდნენ ხმელთაშუა ზღვაში (ეზეკ. 27, 25-36).

ნატამალი (108, 10) - ნაოხარი, ნანგრევები, ადრე ნასახლარი. ძველად „ნატამალს“ ხმარობდნენ „შთამომავლის“, „ნათესავის“ მნიშვნელობითაც. ნატამალი არის აგრეთვე სულ მცირე ნაწილი რაისამე, ანუ „ნასახი“.

ნაღუარევი (109, 7) - 1. ნაკადული. 2. მშრალი ხევი.

ნაძვი ლიბანისა (28, 5)

(91, 12) - ნაძვის განსაკუთრებულად ლამაზი ჯიში, რომელიც იზრდება ლიბანის მთაზე.

ნესტვი ჭედილი (97, 6) - „ნესტვი“ ჰქვია ყოველგვარ ჩასაბერ ნასვრეტებიან საკრავს. მაგ. სტვირი, სალამური და მისთ. იყო ორნაირი - შეჭედილი ვერცხლით („ნესტვი ჭედილი“) და რქისგან დამზადებული („ნესტვი რქისაჲ“).

ნეშტი (75, 10) - რაისამე ნარჩენი, ნაშთი.

{თანამედროვეობაში იხმარება „ცხედრის“ მნიშვნელობითაც}

ნიში (45, 8) - სასწაული, ღვთიურობით აღბეჭდილი რისამე მანიშნებელი მოვლენა.

{„ნიში“ ჰქვია აგრეთვე ტაძარში რომელიმე წმინდანისთვის გამოყოფილ მცირე სალოცავს. ასევე გამოღრმავებულ ადგილს კედელში რისამე შესადგმელად}

ნიჭი (67, 18) - უფლის საბოძვარი; სულიერი ძღვენი, რომელიც მადლის სახით ეძლევა ადამიანს და აღმოაცენებს მასში რაიმე დადებით უნარს.

ნუ დასდუმნები ჩემგან (27, 1) - ნუ დადუმდები ჩემს მიმართ, რაც ნიშნავს - ზურგს ნუ მაქცევ, შენს მფარველობას ნუ მომაკლებ უფალო.

ნუ ჰყოვნი (39, 17) - ნუ დააყოვნებ. იგულისხმება - წყალობას ნუ მომაკლებ უფალო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ო :.

ოგ მეფე ბასანისა (135, 20) - და სეონ მეფე ამორეველთა (იხ. „ამორეველნი“).

ორბი (102, 5) - მაღალ მთებში მცხოვრები დიდი მტაცებელი ფრინველი, მეტად ძლიერი, ადვილად მაღლდება სივრცეში, გამოირჩევა მახვილი ყნოსვით და გამჭრიახი მხედველობით, ცოცხლობს ას წლამდე.

სულხან-საბას განმარტებით „ორბი“ ზოგადი სახელია ყოველი ხორცის მჭამელი ფრინველისა.

{ამ შემთხვევაში ფსალმუნში ნაგულისხმევია მითიური ფრინველი „ფენიქსი“ (ქართულად „ორბი“), რომელიც ბერძნების წარმოდგენით ხუთას წელიწადში ერთხელ მოფრინდებოდა ხოლმე არაბეთიდან ეგვიპტეში. მითის თანახმად, როდესაც ფენიქსი 500, 1461 და 7006 წლის გახდა - თავი დაიწვა, შემდეგ ფერფლიდან განახლებულ-გაახალგაზრდავებული აღსდგა და კვლავ განაგრძო ცხოვრება. ამიტომ გალობს ფსალმუნი: „განახლდეს ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი“}

ორნატი (64, 10) - გუთნის ან სხვა სახვნელის ნაკვალევი, ხნული. „ორნატნი მისნი დაათრვენ“ ნიშნავს - „ხნულები მისი მორწყეო“.

ორღანო (150,4) - ბევრნაირი ხმებისგან შედგენილი ჩასაბერი საკრავი. ქართულად „ნესტვმრავალი“ ეწოდება.

ორებ - იხ. „ზებეე“.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: პ :.

პირად-პირადი (44, 13) - სხვადასხვანაირი (ნაირ-ნაირი), ფერად-ფერადი.

პირმშო (104, 36) - უფროსი, ანუ პირველად დაბადებული შვილი (იხ. გამოს. XI თ.).

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: რ :.

რააბი (86, 4) - იერიქოში მცხოვრები მეძავი დედაკაცი, რომელმაც თავისთან დამალა ისუ ნავეს ძის მიერ იერიქოს დასაზვერად გაგზავნილი ორი მონა, რომელთა დახოცვაც სურდა იერიქოს მეფეს. გადაარჩინა რა რააბმა ეს მონები, ავიდა მათთან და აღიარა, რომ სცნობდა ისრაელიანთა ღმერთს, რომელმაც მრავალი სასწაული აღასრულა; თანავე სთხოვა დაცვა თავისი სახლისა და სახლეულისა, როდესაც ისრაელიანები იერიქოს დაიპყრობდნენ, რაზეც ისუ ნავეს ძის მონებმა თანხმობა განუცხადეს (ისუ II თ.). ამიტომ ამბობს მეფსალმუნე: „მოვიხსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაჲ, რომელთა მიციან მე“ (86, 4). ბაბილოვანი კი იმით იცნობდა ღმერთს, რომ მის დასავლეთით მდებარეობდა სწორედ ის უდაბნო, რომელშიც 40 წელი იმოგზაურეს ებრაელებმა და ამ ხნის განმავლობაში იქ უამრავი ღვთის საკვირველება და სასწაული აღესრულა, ზოგჯერ ღვთის რისხვისა და ზოგჯერ წყალობისა.

რაბამად, რაბამ (118, 103) - რარიგ, როგორ.

რომელსა დღესა

მჭირდეს მე (101, 2) - როდესაც მიჭირდეს მე, ჩემი გაჭირვების ჟამს.

რომელი ჰმწყსი (79, 1) - რომელიც უვლი, რომელიც ჰპატრონობ.

რული, ჰრული (131, 4) - მსუბუქი ძილი, თვლემა.

რქანი ცოდვილთანი (74, 10) - ამ შემთხვევაში „რქაში“ იგულისხმება ამპარტავნობა, ქედმაღლობა, ღვთისმბრძოლი ძალა.

{„რქაჲ მართლისაჲ“ (იქვე) - აქ კი „რქა“ გამოიყენება, როგორც სარწმუნოებრივი ძალის სიმბოლო, ღვთისმოსაობის აღმნიშვნელი}

რჩეული (17, 26) - იგულისხმება ღვთის წინაშე მართალი ადამიანი (საწ. იხ. „დრკუ“).

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ს :.

საბა (71, 10) - „მეფეთა არაბიაჲსთა და საბაჲსთა“.

არაბია, ანუ არაბეთი განიყოფა სამ ნაწილად: 1. კლდოვანი არაბეთი. 2. მთიანი არაბეთი და 3. ბედნიერი არაბეთი. ბედნიერი არაბეთი მოიცავს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს არაბეთისას. აქ მდებარეობდა ქალაქი საბა, სადაც ყვაოდა გუნდრუკითა და სურნელოვანი ფისით ვაჭრობა. ადამიანი რომ მიუახლოვდებოდა ამ ქალაქს, შორიდანვე შეიგრძნობდა ამ მშვენიერი ქალაქიდან გამომდინარე საამო სურნელებას, რადგან აქ შეშად ხმარობდნენ კეთილ-სურნელი კასიის ხეებს, რომლის ცეცხლიც მუდმივად გიზგიზებდა იქ მოსახლეთა სახლებში.

საბას დედოფალს, რომელსაც გაეგო სიბრძნე და სიმდიდრე სოლომონისა, მივიდა მასთან მოსანახულებლად და მიართვა ძღვნად ასოცი ლიტრა ოქრო, ძვირფასი ქვები და აურაცხელიკეთილ-სურნელი.

საგალობელნი (136, 2) - საკრავები, რომლებზედაც გალობდნენ ლევიტელნი საღმრთო ლოცვებს და ფსალმუნებს.

{ლევიტელნი - ლევის შთამომავალნი, ისრაელიანთა 12 ტომიდან ერთ-ერთი, რომელიც აღასრულებდა სამღვდელო დასის ფუნქციას. ამ ტომს ეკუთვნოდნენ თავად მოსე და აარონი}

სათნო (25, 3) - სულხან-საბას განმარტებით: ნებისყოფიანი, ზომიერი, ლმობიერი და კეთილი ერთად (თანამედროვე ენით თუ ვიტყვით „იდეალური“). სათნო ითქმის ასევე მოსაწონ, სასიამოვნო ადამიანზე.

სათხეველი (140, 10) - სასროლი ბადე (ალბათ თევზის საჭერი). ამ შემთხვევაში იგულისხმება ბოროტ ადამიანთა მიერ სხვათათვის „დაგებული მახე“.

საკურთხეველი (25, 6) - სპეციალური ადგილი ღმერთისთვის მსხვერპლის შესაწირად. ქრისტიანულ ტაძრებში საკურთხეველი მდებარეობს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში (რაც სიმბოლურად განასახიერებს სამოთხეს, ცათა სასუფეველს) და გამოყოფილია აღსავლის კარით.

სალმანა (82, 11) - იხ. „ზებეე“.

სალმობა (9, 34) - სატკივარი, წუხილი.

სამხარი - შუადღის საჭმელი, სადილსა და ვახშამს შორის.

სასოება (117, 9) - იმედი, იმედიანობა.

სასტიკებითა (17, 15) - დიდი ძლიერებით.

{ძვ. ქართულში „სასტიკი“ ნიშნავდა „დიდად ძლიერს“, ამდენად გასაგებია, რომ ფსალმუნთა ავტორი უფლის „დიდად ძლიერებაზე“, ანუ ყოვლისშემძლეობაზე საუბრობს და არა „შეუბრალებლობაზე“, რა მნიშვნელობითაც იხმარება სიტყვა „სასტიკი“ თანამედროვე ქართულში}

საცთური (139, 5) - საცდუნებელი, საცთომელი, რაც კაცს შეაცდენს, კეთილისაგან გადაცდენს და ცოდვაში ჩააგდებს.

საცო პირისა (38, 1) - „დავსდევ საცოჲ პირსა ჩემსა“ ნიშნავს „პირს დავიდუმებ“.

საცხებელი (103, 15) - სურნელოვანი ზეთი, რომელსაც ხმარობდნენ სახის ლამაზად გამოსაჩინებლად. იდუმალი სულიერი მნიშვნელობით ნიშნავს სულიწმიდის მადლს (იხ. მათე 25, 4).

„განაპოხე ზეთითა თავი ჩემი“ (ფსალ. 22, 5) ნიშნავს - სულიწმიდის მადლით გამსჭვალე ჩემი გონება.

„ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა“ (ფს. 140, 5) ნიშნავს - ცრუ „მადლი“ (რომელიც ეშმაკისგან არს) ნუ შეიპყრობს ჩემს გონებასო.

საცხოვარი (48, 14) - ცხვრის არვე, ანუ ფარა.

საწმისი - მატყლიანი ტყავი ცხვრისა, დამუშავებული.

სახუმილავი (76, 4) - სადარაჯო, საყარაულო (იხ. „მხუმილი“).

საჭურველი (45, 9) - ყოველგვარი სამხედრო დამცავი საშუალება.

საჯენ (34, 1) - განსაჯე, გაასამართლე; დასაჯე.

სელომი - იხ. „კარავი სელომისი“.

სეონ მეფე (135, 19) - იხ. „ამორეველნი“, „ოგ“.

სთნდა (24, 12) ინება, ისურვა; მოიწონა.

სიავი (59, 8) - სააბაზანე სპილენძის ქვაბი.

სიდონი - ფინიკიელთა უძველესი ქალაქი. მდებარეობდა ლიბანის მთასა და ხმელთაშუა ზღვის შუაში. ეს ქალაქი აღაშენა ქანანის ძემ სიდონმა (შესა. 10, 15-19). ტვირეს მსგავსად სიდონიც უნაყოფო ტერიტორიაზე მდებარეობდა, მაგრამ ეს ორივე ქალაქი აღემატებოდა სხვა ქალაქებს წარმოებითი საქმიანობით. აქ იყო გემთსაშენები, შუშის მწარმოებელი სახელოსნოები და სხვა. მეფე დავითის, უფრო კი მისი ძის სოლომონის დროს ეს ქალაქები მეტად გაძლიერდნენ და ითვლებოდნენ უმდიდრეს ქალაქებად მაშინდელი ევროპის ქალაქებს შორის. თუმცა, მათი სიძლიერე და ბედნიერი ყოფა დაამხო ნაბუქოდონოსორმა (ქ.შ-მდე 600 წ.), რომელმაც ააოხრა სიდონი და დაიპყრა ტვირე.

სიკიმა (59, 6) - ამ ქვეყანას დაპირდა უფალი აბრაამს და მის შთამომავლობას (შესაქ. 12, 6-7). იაკობმა წაართვა ეს ქვეყანა ამორეველთ ეგვიპტეში პირველ-გადასახლების დროს და მიცვალების შემდეგ მისცა იოსებს.

სიკუდიდ (12, 3) - სიკვდილად, სასიკვდილოდ.

სინაი (67, 8) - ეს არის მთა, რომელიც მდებარეობს იმავე სახელწოდების უდაბნოში. აქ განუცხადა უფალმა მოსეს ათი მცნება და სხვა სამოქალაქო და საეკლესიო სჯულები (გამოსლვ. XIX-XXXIV თ.თ.). ეს მთა მდებარეობს სინას ნახევარკუნძულზე, რომელსაც სამი მხრიდან საზღვრავს მეწამული ზღვის ჩრდილო ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს გაჭრილია სუეცის არხი, შემაერთებელი აზიისა და აფრიკისა.

ამჟამად სინას მთაზე აშენებულია ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია. მათ შორის გამორჩეულია წმიდა მოწამე ეკატერინეს ტაძარი, სადაც ასვენია მისი წმიდა ნაწილები. ამ ნაწილების უკეთ დასაცავად იმპერატორმა პეტრემ წარგზავნა მოოქროვილი ვერცხლის კუბო.

სიონი - ეს მთა შეადგენს უძველეს ნაწილს ქალაქ იერუსალიმისა, ვინაიდან პირველად სწორედ აქ გაშენდა ქალაქი. იობოსელთაგან ამ მთის მიღების შემდგომ, მეფე დავითმა მეტად განამტკიცა სიონი, აღაშენა მასზე სამეფო ციხე-დარბაზი და უწოდა „ქალაქი დავითისა“ (II მეფ. V თ.).

მართლმადიდებელი მოძღვარნი სიონს „ეკლესიათა დედად“ უხმობენ. „აღდგომის დასდებელში“ ვკითხულობთ: „გიხაროდენ სიონ წმიდაო, დედაო ეკლესიათაო“ (მუხლი 2, ხმა 8).

სიონის ჩათვლით იერუსალიმი გაშენებულია ოთხ მთაზე:

1. სიონი - სამხრეთ ნაწილი იერუსალიმისა;

2. აკრა - ჩრდილოეთი და დასავლეთი იერუსალიმისა, უმდაბლესია სიონზე. იწოდებოდა „ქვემო ქალაქად“;

3. მორია - მდებარეობს სიონის სამხრეთით და აკრას აღმოსავლეთით. შემოსაზღვრულია სამი მთით. ამ მთაზე იყო აშენებული სოლომონის დიდმშვენიერი ტაძარი;

4. ბეზეთა - მდებარეობს მორიას მოშორებით. ეს მთა ძირითადად დასახლებული იყო ხელოსნებით, მუშებით და მისთანა ხალხით.

(იხ. „იერუსალიმი“)

სიპოხე (35, 8) - სიმსუქნე. ამ ფსალმუნის შემთხვევაში იგულისხმება მატერიალური „ხვავრიელება“, „ბარაქა“.

სირი - ძველ-ქართულად „ჩიტი“.

„ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქუენისა“ (მათე 10, 29).

„ასარი“ ძველ-ებრაული ყველაზე წვრილი ფულის ერთეულია. ამდენად, ეს სახარებისეული სიბრძნე გვასწავლის, რომ სულ მცირე არსებაზეც კი, რომელიც ნახევარი ასარის ტოლია, ერთობ ზრუნავს მამა-ზეციერი. აქედან გასაგები ხდება რაოდენი რუდუნებით იზრუნებს იგი ჩვენზე, მის სახედ და ხატად ქმნილ ადამის ნაშიერებზე, რომლებიც თავისი უსასყიდლო სისხლით გამოგვისყიდა უდიდესი სიყვარულის ნიშნად.

სისრა (63, 4) - გატყორცნა, „სისრა-უყონ“ - სტყორცნონ, ესროლონ.

სიწრფოება (16, 2) - სიწრფელე, სისწორე, სამართლიანობა.

სრბა (18, 5) - სირბილი, რბენა.

სუეტი, სვეტი (74, 3) - ძვ. ქართ. ბოძი, ძელი. უფრო ზუსტად - შვეულად აღმართული ბოძი.

სული მთავრობისა (50, 12) - როგორც ვიცით ანგელოზნი განიყოფიან 12 დასად. ერთ-ერთი მათ შორის არის „მთავრობანი“, ანუ სულნი განმამტკიცებელნი.

სძლო (50, 4) - სძლიო.

„სძლო შჯასა შენსა“ ნიშნავს - აღასრულო სამართალი (მსჯავრი) შენი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ტ :.

ტაბლა (22, 5) - დაბალი ხის მაგიდა. ასეთ მაგიდაზე გაშლილი სუფრა.

ტანეოს, ტანოს, ტანოა - ველი ქვემო ეგვიპტეში, გესემის ახლოს. აქ აღასრულა მოციქულმა მოსემ ღვთის ხელდასხმით სასწაულნი - ისრაელიანთა ფარაონის ტყვეობისაგან გამოსახსნელად. „არა მოიხსენეს (ისრაელიანთა) ვითარ იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი და ნიშნი ველსა მას ტანეოსსა“.

ტვიროსი ანუ ტვირე (82, 7) - ქამის შთამომავლობის მიერ აგებული ფინიკური ქალაქი. აღშენებული იყო კლდეზე ნახევარ-კუნძულად. ტვიროსი იყო განთქმული ქალაქი მთელს აზიასა და ევროპაში. აქ მზადდებოდა იერუსალიმის ტაძრის საშენებელი მასალა და იგზავნებოდა იერუსალიმში. აქვე, 1800 წ. ქრისტეს შობამდე შეიმუშავეს შუშის კეთების ტექნოლოგია, რომელიც იმ დროს ოქროზე მეტად ფასობდა. ტვიროსი განთქმული იყო აგრეთვე გემთმშენებლობით და ფაიფურის დამუშავებით.

ეს დიდებული ქალაქი დაიპყრო და დაარღვია დიდმა დამპყრობელმა ნაბუქოდონოსორმა. მას შემდეგ აღაშენეს ახალი ტვიროსი, რომელიც თავისი დიდებულებით პირველს სჯობდა. იგი მდებარეობდა ძველი ტვიროსის ახლოს კუნძულზე. იმ დროის მსოფლიოში იყო ყველაზე დიდი სავაჭრო და მდიდარი ქალაქი. მაგრამ იგიც დარღვეულ იქნა ალექსანდრე დიდი მაკედონელის მიერ, ქ.შ-მდე 332 წელს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: უ :.

უბრალო (25, 6) - უდანაშაულო (ბრალობა უქონელი), უცოდველი, უბიწო.

უდაბნო კადისა (28, 8) - რიცხვთა წიგნში ეს ადგილი მოიხსენიება „ფარანის უდაბნოდ“. ისრაელისანების მოგზაურობის დროს უფალმა მრავალი სასწაულით შეამკო კადის უდაბნო. აქ აღესრულა მოსეს დაჲ მარიამი და აქვე იქნა დასაფლავებული. აქვე მოსემ კლდეზე კვერთხის დაკვრით ისრაელიანებს წყალი გამოუდინა, რომელსაც უფალმა უწოდა „წყალი ცილობისა“ (რიცხვ. 20, 18, 13) [იხ. „წყალი ცილობისა“].

უზორეს - უკმიეს, შესწირეს; თაყვანი-სცეს.

უმზირინ (36, 12) - თვალი ბოროტად უჭირავს. სულხან-საბას განმარტებით - „მოსაკლავად ეძიებს“.

უპოვარება (106, 41) სიღარიბე, სიღატაკე, უქონლობა.

ურვა (24, 17) - მძიმე მწუხარება.

ურჩი (67, 18) - არამორჩილი, გაუგონარი, წინააღმდგომი.

„რაჲთა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყვნენ“. ამ კონტექსტში „ურჩებში“ მეფე დავითი „წარმართებს“, ანუ ძველი აღთქმის არამართლმორწმუნე ერებს გულისხმობს, რომლებიც მომავალში ქრისტიანებად მოინათლებიან, ანუ უფლის სამკვიდრებლად იქცევიან ქრისტიანობის მიღებით.

ურწყული (77, 17) - უწყლო ადგილი, უდაბნო.

უსუპი (50, 7) - კონად შეკრული სურნელოვანი ბალახი (ქონდარი?) აიაზმის ანუ ნაკურთხი წყლის სასხურებლად. უსუპს გამოიყენებდნენ ძველი აღთქმის დროსაც, კრავის (დაკლული სამსხვერპლო ბატკნის) სისხლს ასხურებდნენ განსაწმედელად (იხ. ლევიტ. VII თ. რიცხვ. 19, 18).

უტყუ (30, 18) - მუნჯი.

„უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი“, ანუ „დამუნჯდნენ ცრუ (მზაკვარი) ბაგენი“.

უფსკრული (32, 7) - უძირო (მიუწვდომელი) სიღრმე.

უყე (39, 2) - ლაფი, საფლობი.

{„თიხის უყე“ ამ შემთხვევაში გადატანითი მნიშვნელობით იხმარება და ნიშნავს განსაცდელს, გინა საცთურს, რომელიც მიწიერისაგან (თიხისგან) გამომდინარეობს. ანალოგიური მნიშვნლეობით „თიხა“ გამოიყენება სხვა ფსალმუნებშიც: „მიხსენ მე თიხისაგან“ (68, 14), ანუ „დამიფარე მიწიერი საცთურისაგან“}

უჩინო (50, 6) - გამოუჩინარი; საიდუმლო ღვთისა, რომელიც მხოლოდ ღვთის ცხებულთ განეცხადებათ, როგორიც დავითი იყო.

უცხოთესლნი (82, 7) - „უცხო თესლს“ ებრაელები კერძოდ ფილისტიმელებს ეძახდნენ, ზოგადად კი ყველა სხვა ხალხს, რომელნიც არ ეკუთვნოდნენ აბრაამის ტომს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ფ :.

ფართოდ (17, 19) - ამ შემთხვევაში იგულისხმება „დაუბკოლებლად“, „ხალვათად“.

ფასუედი, ფესვედი (44, 13) - ჰურიების მწიგნობრებს სამოსლის ქვედა ნაწილი მოქარგული ჰქონდათ (უფრო ხშირად - ოქრონემსულით) უფლის მცნებათა მოსახსენებლად.

ფინეზ (105, 30) - აარონის ძის ელიფაზის ვაჟი, რომელმაც თავისი სიმხნით იხსნა ისრაელნი ბელფეგორის წარწყმედისაგან (რიცხვ. 25, 1-15) [იხ. „ბელფეგორი“].

ფინიკი (91, 12) ხე, რომელიც მეტად გემრიელ ნაყოფს ისხამს. იზრდება თვით ფინიკიაში, საიდანაც წარმოსდგება მისი სახელი; აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, არაბეთის უდაბნოში და სხვა თბილ ქვეყნებში. ყვავის აპრილში, ნაყოფს კრეფენ შემოდგომის პირველ ნახევარში. თვით ხე ძლებს 100 წლამდე.

ფინიკის ხე მეტად შესანიშნავი და სასარგებლოა. იმის გარდა, რომ ნაყოფი ძალზედ ნოყიერი, გემრიელი და მარგებელი აქვს, გამოიყენება მისი ფოთლებიც და ხის ტანიც. უბრალო ხალხი ფინიკის ხის გრძელ და მტკიცე ფოთლებს სუფრის გასაშლელად, ხელსახოცებად და მისთ. იყენებს. ნედლი ხის ტანს საჭრეთელით უკეთებენ ანაკვეთს, რომლისგანაც გამონადენი წვეთებით ამზადებენ ალკოჰოლურ სასმელს. გამხმარი ხისგან კი გამოარჩევენ ფუტუროს „ფქვილს“, რომლისგანაც მზადდება კეთილგემოიანი პური.

ფოგორი - იხ. „ბელფეგორი“.

ფხრივ (65, 6) - ფეხით, ქვეითად. „მდინარესა წიაღხდენ ფხრივ“ - აქ დავით მეფე საუბრობს სასწაულებრივ ისტორიულ მოვლენაზე, როდესაც იერიქოს დასაპყრობად მიმავალმა ისრაელიანებმა წინ წაიმძღვარეს აღთქმის კიდობანი და ადიდებულ იორდანეზე ფეხით გავიდნენ (ისუ 3, 14-17).

ფსალმუნი (150, 3) - ათ-ალყიანი (ათსიმიანი) საგალობელი საკრავი, რომელზეც უკრავდა იუდეანების „ხორო“ საღმრთო გალობას. ასევე იწოდება ათძალად, აგრეთვე საფსალმუნედ (ფსალ. 143, 9).

{ქნარის მსგავსი ათ ან თორმეტ-სიმიანი საკრავი, რომელიც დღემდე არ შემორჩენილა. მასზე სასულიერო-საეკლესიო საგალობლები იმღერებოდა. უბადლო ხელოვანი ფსალმუნზე დაკვრისა იყო თვით მეფე-წინასწარმეტყველი დავითი. აქედან მის მიერ შედგენილი საგალობლების სახელიც - „ფსალმუნნი“, რომელსაც მეორენაირად მისი შემდგენელის სახელი „დავითნი“ ეწოდება.

ფსალმუნი ეწოდება აგრეთვე „დავითნის“ ცალკეულ საგალობელს. „დავითნი“ შედგება 150 ფსალმუნისგან}

ფსალმუნნი

ანუ დავითნი - საღმრთო წიგნი შედგენილი ისრაელიანთა დიდი მეფის ღვთივცხებული დავით წინასწარმეტყველის მიერ, „ფსალმუნნი“ ღვთის სადიდებელი საგალობლების კრებულია (მასში გადმოცემულია ასევე ისტორიული მოვლენები), რომელიც დავით მეფემ შექმნა სულიწმიდის შთაგონებით. იგი ამავე დროს ებრაული სასულიერო პოეზიის უბრადლო ნიმუშსაც წარმოადგენს.

„ფსალმუნნი“ ძველი აღთქმის ბიბლიურ (საღმრთო) წიგნთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სასულიერო პირთა მიერ და გამოყენებული ღვთისმსახურებაში. „ფსალმუნნი“ განიყოფა ხუთ აღსავალად, ანუ საფეხურად, რომელიც ასახავს ადამიანის სულიერი განვითარების ხუთ საფეხურს:

I აღსავალი (1-40 ფსალ.) - არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ანუ მოქცევა ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე დადგომა.

II აღსავალი (41-71 ფსალ.) - სურვილი ღმერთთან ყოფნისა, უზენაეს შემომქმედთან მიახლებისა.

III აღსავალი (72-88 ფსალ.) - ღვთაებრივი საიდუმლოებების წვდომისა (შემეცნებისა, განჭვრეტისა), ანუ შემომქმედ ღმერთთან უფრო მეტი მიახლოვებისა.

IV აღსავალი (89-105 ფსალ.) - ღმერთთან დაახლოვებული (ღვთივცხებული) კაცისა, რომელსაც ენიჭება ძალა (მადლი) ერისთვის ლოცვისა.

V აღსავალი (106-150 ფსალ.) - უმაღლესი მჭვრეტელობისა, რასაც შედეგად მოსდევს თავის უარყოფა და ყოვლიერების შემომქმედისადმი მადლიერება - გამოხატული მის ქებასა და დიდებაში.

[ყოველი აღსავალი თავდება სიტყვებით: „იყავნ, იყავნ“.]

„ფსალმუნნი“ სულ-ხორციელად შეითვისა ქრისტიანობამ, მისი საგალობლები შედის ქრისტიანული ღვთისმსახურების თითქმის ყველა სახეობაში. უმეტესად ფსალმუნები დილისა და საღამოს ლოცვების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცნენ. „ფსალმუნნი“ მთლიანად იკითხება ყოველი მსგეფსის (კვირის) განმავლობაში; დიდ-მარხვის ჟამს კი მსგეფსში (კვირაში) ორჯერ.

ქრისტიანობაში „ფსალმუნნი“განიყო 20 კანონად. იგი შეიძლება ვიკითხოთ როგორც ჯგუფურად, ასევე საოჯახო (საშინაო) ვითარებაში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ფსალმუნის წიგნის მთლიანი წაკითხვისას მკითხველზე გადმოდის უდიდესი ღვთიური მადლი, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მოძღვრის კურთხევით, თორემ შეიძლება უკუ-შედეგი გამოიღოს.

ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე ავადმყოფებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათი წაკითხვა შეპყრობილთათვის, ანუ მათთვის, ვინც არაწმიდა სულების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე მიცვალებულებს. ჭირისუფლებმა მიცვალებულს ფსალმუნები უნდა უკითხონ განუწყვეტლივ, ვიდრე იგი შინ ასვენია (ეს წესი ძველი აღთქმის ეკლესიიდან მომდინარეობს), დასაფლავების შემდეგ კი 40-მდე ყოველდღიურად მთელი „ფსალმუნნი“ უნდა წაუკითხონ.

წმიდა მამათა სწავლების თანახმად, ყოველ ფსალმუნს თავისი სულიერი მნიშვნელობა გააჩნია. მაგ. მომავალ მაცხოვარზე წინასწარმეტყველების საგალობლებად ითვლება შემდეგი ფსალმუნები: 2, 15, 21, 39, 44, 88, 90, 96, 109, 117.

ფუფუნება (91, 14) - ნებიერად განსვენება, განცხრომა; დიდი სიხარული.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ქ :.

ქარქუეტი (101, 3) - დიდი ხმელი ბალახი.

ქმნეს ხბო ქორებს - ლაპარაკია „გამოსლვათა“ წიგნში მოთხრობილ ისტორიულ მოვლენაზე, როდესაც მოსეს სინას მთაზე ყოფნის ჟამს ებრაელებმა ოქროსგან გამოადნეს ხბოს მსგავსი კერპი, მას სწირავდნენ და გარყვნილებაში შთაეფლნენ. სინას მთიდან დაბრუნებულმა მოსემ დაადნობინა ეს ოქროს კერპი და სამი ათასი ებრაელი გააწყვეტინა ლევის ტომს (გამოსლ. XXXII თ.).

ქუეყანა უფლისა (84, 1) - იგულისხმება პალესტინა, ანუ ქვეყანა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა ისრაელიანებს. იგივე „აღთქმული ქვეყანა“.

ქუეყანა ცხოველთა

ანუ ცოცხალთა ქვეყანა (26, 13) - იგულისხმება ზეციური სასუფეველი, სადაც მარადიული სიცოცხლეა.

ქუეყანა წრფელი - კეთილის მოქმედთა გზა, რომელსაც ადამიანი ღმერთთან მიჰყავს. „ქუეყანა წრფელი“ - ზეციური სასუფევლის სინონიმია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ღ :.

ღუარი (125, 4) - ნიაღვარი, წვიმის წყლის დიდი ნაკადი.

„ვითარცა ღუარი ბღუარითა“, ანუ „ვითარცა ღვარი მოვარდნილი სამხრეთიდან“.

ღუაწლი, ღვაწლი - შრომა, ჯაფა, რუდუნება.

სულხან-საბას განმარტებით: „ღვაწლი არს დიდად გაჭირვებული საქმე ბრძოლისა, გინა სათნოებისა“.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ყ :.

ყარყატი (103, 17) - შავი ფრინველი, აქვს გრძელი კისერი და ნისკარგი, მაღალი ფეხები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: შ :.

შევეყავ (118, 63) - შევუერთდი, თანაზიარ-ვექმენ.

შეიყო (118, 70) - შედედდა, გასქელდა; დამსუყდა.

შეუბრკუმენ სლვანი (36, 31) - „არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი“, ანუ ფეხი არ წაბორძიკებიაო, არ შებრკოლებულაო ღვთისკენ მავალ გზაზე.

შტახსი (44, 8) - სურნელოვანი ნივთიერება.

შუანი (57, 6) - მხეცთა დიდი და მაგარი კბილები, ღოჯები.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ჩ :.

ჩრდილოი და ბღუარი (88, 12) - ჩრდილოეთი და სამხრეთი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ც :.

ცვილი (21, 14) - თაფლის სანთელი.

ცმელი (16, 10) - სიმსუქნე, გადაუმდნარი ქონი.

ცუნდრუკება (40, 7) - ჩურჩლი ან თვალით მინიშნება ბოროტი განზრახვით.

ცხებული (27, 8) - ისრაელიანთა შორის „ცხებულად“ ითვლებოდნენ და იწოდებოდნენ კეთილმორწმუნე მეფენი, წინასწარმეტყველნი და სასულიერო პირნი, რომელთა „ცხება“ ნიშნავდა ღმრთისგან მათთვის სულიწმიდის მადლის და შესაბამისად მართლმსაჯულების უფლების მინიჭებას (გულისხმ. იხ. იოანე: 14, 26; 15, 16; 16, 8). ისინი იწოდებოდნენ „ქრისტედ“ და მოასწავებდნენ საუკუნო მეუფეს, ყოვლის მეცნიერს, უმაღლეს მხედართ-მთავარს, ცხოველთა და მკვდართა უზენაეს მსაჯულს - იესო ქრისტეს.

ცხედარი (6, 6) - ძველ-ქართულად „დაუგებელი საწოლი“.

ცხოვარი (43, 12) - ცხვარი. სულიერი მნიშვნელობით „ცხვრად“ ქრისტიანული მრევლის (სამწყსოს) წარმომადგენელი იწოდება, ხოლო „მწყემსად“ მოძღვარი მიწიერი, რაც მის ქრისტესთან - უზენაეს მწყემსთან მიმსგავსებას გამოხატავს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ძ :.

ძაღლის-მწერი (77, 45) - ბუზანკალი, ბუზი ძაღლისა და ცხენისა, რომელიც უფალმა სასჯელად მოუვლინა ეგვიპტელებს (გამოსლ. 8, 21).

ძაძა (34, 13) - ყისინა, მატყლის მსხვილი უხეში შალი, იცვამენ მგლოვიარობის და მარხვის ჟამს.

ძენი ედომისნი - იხ. „ედომი“.

ძეწნი (136, 2) - ტირიფის ხის სახეობა. სულხან-საბას განმარტებით „ძეწნი“ არის - კაცის ხელით დანერგული წვრილფურცვლოვანი ტირიფი.

ძნობი (150, 4) - შეწყობილი ხმა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: წ :.

წარეწირა (76, 2) - სასოებად (იმედად) ექმნა.

წარმართი (46, 3) - ძველი აღთქმის დროს „წარმართად“ იწოდებოდა ყველა არაებრაელი ერი. ქრისტიანული მნიშვნელობით წარმართია ყველა ის ერი, ვინც არ აღიარებს ჭეშმარიტ სჯულს.

წინწილი

კეთილ-ხმოვანი (150, 5) საგალობელი საკრავი, რომელსაც იუდეანები ხმარობდნენ საღმრთო გალობის დროს ტკბილხმოვანი ჟღერადობისათვის. იგი შედგებოდა ორი ლითონის მრგვალი ფირფიტისაგან, რომელნიც ერთმანეთზე დაკვრით მეტად საამო ჟღერადობას გამოსცემდნენ.

წინწილი ღაღადებისა (150, 5) - საგალობელი საკრავი, რომელსაც იუდეანები ხმარობდნენ ღვთის მსახურების დროს. ეს საკრავი კეთდებოდა რვალისაგან (სპილენძისაგან). მასზე რკინის დაკვრით გამოიცემოდა დიდი ხმა, ანუ „ხმა ღაღადებისა“. იგი გამოყენებულ იქნა დავით მეფის მიერ სჯულის კიდობნის იერუსალიმში გადატანის დროს (II მეფ. 6, 12-17).

წრფელი (24, 8) - მართალი.

წურთა (118, 24) - წვრთნა, ანუ გაწაფვა.

„წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა“, ანუ მცნებანი (სწავლანი) შენნი საწვრთნელია ჩემი.

წყალი ცილობისა - ანუ „შეცილების წყალი“. ეს წყალი გამოადინა მოსემ ფარანის უდაბნოში კლდიდან კვერთხის დაკვრით. „წყალი ცილობისა“ კი იმიტომ უწოდა უფალმა, ვინაიდან მოსემ არ განუცხადა ებრაელ ერს, რომ ეს სასწაული აღასრულა ღვთის ძალით; პირიქით, გამოხატა აზრი, ვითომც საკუთარი ძალით აღასრულებდეს სასწაულებს, რის გამოც ებრაელებს აღეძრათ ეჭვი (რიცხვნი 20, 9-13).

ამავე წყალს პასექის საგალობელი უწოდებს „ნიშოვან ქმნილს“, ე.ი. „სასწაულით გამოყვანილს“; თანავე გვაუწყებს, რომ იგი არის ნიშანი მაცხოვრისაგან მონიჭებული უკვდავების წყაროსი, რომლითაც განცხოველდების დამაშვრალი სული კაცთა: „მოვედით და ვსვათ სასმელი ახალი; არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით“ (მესამე გალობა პასექის კანონისა).

წყობა (77, 9) - ამ შემთხვევაში „საომრად განმზადება“, „ლაშქრობა“.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ჭ :.

ჭური (34, 2) - აბჯარი, ჯავშანი, საჭურველი.

ჭური მეკეცისა (2, 9) - ჭურჭელი მეჭურჭლის, ანუ მეკეცის მიერ დამზადებული.

ჭურჭელი წყმედული (30, 12) - დამსხვრეული, გაფუჭებული, უვარგისი ჭურჭელი.

{„ჭურჭელი წყმედული“ შეიძლება ნიშნავდეს ასევე ცოდვით შერყვნილ ადამიანს, ვინაიდან ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანი „სულიწმიდის ჭურჭელია“}

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ხ :.

ხადილი (4, 1) - თხოვნით მოწოდება მოსასვლელად.

ხამლი (107, 9) - ჩექმის მსგავსი ფეხსაცმელი.

ხევი კიშონისა (82, 9) - მდებარეობს კარმელის მთის მარცხნივ, ერთვის იორდანეს.

ხბო ლიბანისა (28, 5-6) - „ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი. და დააწულილნეს (განაცალკევოს, განაბნიოს, გაფანტოს) იგინი ვითარცა ხბოჲ იგი ლიბანისაჲ“. - ამ სიტყვებით წმიდა დავითი გვამცნობს, რომ „ხმა უფლისა“ ანუ „ნება ღვთისა“ ისე გაჰფანტავს ლიბანის მთის დიდრონ ხეებს, როგორც მუნ (იქ) მცხოვრებ ნადირთ, რამეთუ ამ შემთხვევაში „ლიბანის ხბოებში“ იქ მცხოვრები ნადირი იგულისხმება.

ხორხი (113, 15) - ნაწილი ყელისა, საიდანაც ამოდის ადამიანის ხმა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.: ჰ :.

ჰაეროვნება (49, 2) - ზეციური სილამაზე.

ჰგიეს (116, 2) - იმყოფება, არის; არსებობს.

ჰრული (75, 6) - თვლემა, ძილის მორევა. „ჰრულოოდა მათ“, ანუ „ძილი მორეოდათ მათ“.

ჰუნე (19, 7)

(75, 6) - გვარიანი (ჯიშიანი) და კარგად გაწვრთნილი ცხენი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო, ამ განმარტებაზე ალბათ თავიდანვე უნდა მეთქვა ვისი დაწერილია/შედგენილია და ასე შემდეგ, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. :)

აჰა, ინებეთ წინასიტყვაობა.

ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა,

გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

წინათქმა გამომცემელთაგან

წინამდებარე საეკლესიო ნაშრომი - „ლექსიკონი ანუ განმარტება ფსალმუნთა სიტყვათა შესახების, გაოგრაფიულის და ისტორიულის სტატიებით“ - გამოცემულია 1875 წელს, ანჩისხატის ტაძრის მედავითნე იოსებ ახალშენოვის მიერ. მასში, იმ ეპოქაში მცხოვრებ (იგულისხმება XIX ს.) ქართველ მორწმუნეთათვის გასაგებ ენაზე განმარტებულია ფსალმუნებში შემონახული უძველეს ქართულ სიტყვათა მნიშვნელობანი; აგრეთვე, მოცემულია იმ გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტება-აღწერილობანი, რომლებზეც გვესაუბრება ღვთივ-კურთხეული მეფე დავით მეფსალმუნე მის მიერ სამი ათასწლეულის უკან შედგენილ საღვთო საგალობლებში - ფსალმუნებში, უწინარეს ყოვლისა წმიდა წერილზე და სხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, და რომელიც, ჟამთა დაშორების გამო, ბუნებრივია, გარკვეულწილად გაუგებარი ან უცნობი უნდა ყოფილიყო XIX ს-ის მორწმუნეთათვის (მითუმეტეს XX-XXI ს.ს.-ების ადამიანთათვის). აღსანიშნავია ისიც, რომ „ფსალმუნთა განმარტების“ ავტორი, წმიდა მამათა ნააზრევზე დაყრდნობით, ცდილობს ჩასწვდეს ზოგიერთი ფსალმუნის ფარულ, ალეგორიულ შინააზრს და მათი თარგმანება შესთავაზოს მკითხველს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს, შინაარსობრივად მდიდარს და საკითხავად მიმზიდველს ხდის მთლიანად შრომას. ამდენად, აღნიშნული ნაშრომი მეტად მნიშვნელოვანი იყო და არის მორწმუნეთა როგორც სულიერი განათლების, ისე ინფორმაციული განსწავლულობის მხრივ.

ჩვენი მოსაზრებით, „ფსალმუნთა განმარტებანი“ არა მარტო უწინდელ აქტუალურობას ინარჩუნებს, მეტწილად საგულისხმოც კია ჩვენთვის, თანამედროვე ქართველ მორწმუნეთათვის, რომელნიც უფრო მეტად ვართ დაშორებულნი უძველეს ქართულ სიტყვიერებას, იმ გეოგრაფიული ადგილების და ისტორიული მოვლენების ცნობას, რომელნიც აღწერილი აქვს მეფე-ნათელმხილველ დავითს.

აქვე გავითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ XIX ს-ის ქართული სიტყვიერება, რომელზეც შექმნილია ეს ნაშრომი, ნაწილობრივ გაუგებარი იქნებოდა თანამედროვე ქართველი მორწმუნეებისათვის, რის გამოც მოვახდინეთ ტექსტის გათანამედროვეება; ამასთანავე, ზოგიერთ განმარტებას, უკეთ გაგების თვალსაზრისით, დავურთეთ რედაქციული შენიშვნები, რაც მოცემულია ფიგურულ ფრჩხილებში - {}.

უფალო, შეგვიწყალენ.

გამომცემელი:

თორმეტი მოციქულის სახელობის

მცხეთის სვეტიცხოველის ეკლესის მოძღვარი

მამა მიქაელი (მაჭარაძე)

რედაქტორი:

იოსებ ჯაჯანიძე

ავტორის წინასიტყვაობა

ფსალმუნნი არის საფუძველი თითქმის ყოველთა საღმრთოთა წიგნთა. იგი არის აღვსებული ყოველ-გვარი სულის განმაცხოველებელი სიმდიდრით: მასში საკმაოდ იპოვებიან ისტორიული მოთხრობანი, მოძღვრებანი, ლოცვანი, წინასწარმეტყველებანი, კეთილ-მოქმედთა კურთხევანი და ბოროტის-მოქმედთა შეჩვენებანი. წმიდა ავგუსტინე მასწავლელის ბრძნობით: „ფსალმუნნი არის შემამკობელი სულისა, შესამოსელი სიწმიდისა და მომნიჭებელი სიხარულისა“. მაშასადამე, ყოველნი ქრისტეანენი მოვალენი ვართ გულსმოდგინედ მივაქციოთ ყურადღება სულთა განმაცხოველებელ ამ დიდებულ წიგნს ფსალმუნთასა, გულდასმით ვისმენდეთ კითხვის დროს, არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ შინაც და ყოველი სიტყვა მასში აღმოკითხული გავაცნობიეროთ და გონებით განვმარტოთ, ვინაიდან იმავე ავგუსტინეს სწავლებით: „ფსალმუნნი - სულსა ადიდებს, გულს წმიდა-ჰყოფს, ცნობას (აზროვნებას) ახარებს, გვამს (სხეულს) განაბრწყინვებს, სვეტსა მაღალსა აღაგებს და გონებას მასზედ აღამაღლებს, ბოროტს დააკნინებს და კეთილს აღაზევებს, მოხუცთ ნუგეშინის-სცემს და ჭაბუკთ შეამკობს“.

წინამდებარე წიგნი, სავსე ყოვლითა სიკეთითა, არის ნათარგმნი ბერძნულიდან ღირსი მამის გიორგი მთაწმინდელის მიერ იმ ქართულ ენაზე, რომელიც მის დროს არსებობდა და ამჟამად დაშორებულია ჩვენგან, ამდენად, ნაწილობრივ გაუგებარიცაა. ზოგი სიტყვები არ გვესმის სიძველის გამო, ზოგიც კი ჩვენი უცოდინარობის გამო; ამ სიტყვების გაუგებლობა კი აბრკოლებს ფსალმუნებში გადმოცემული აზრის მართებულ გაგებას, მითუმეტეს, ახლადმოქცეულ ქრისტეანთათვის, რომელნიც კითხულობენ და უცხო ენასავით ჩაესმით ეს ძველ-ქართული. მათ შორის ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ვინაიდან ვისწავლე რა ანბანი (წერა-კითხვა) მამა-პაპური წესით, მასწავლებელმა მიბოძა ფსალმუნთა წიგნი (დავითნი) და დამავალა პირველი ფსალმუნის დაზეპირება, შემდეგ კი სხვანიც ამგვარად შევისწავლე. ფსალმუნთა ამგვარი სწავლისას მე მტანჯავდა გამოუცნობლობა ძველი სიტყვებისა, რის გამოც ვიხმარე ეს ღონისძიება (ხერხი) და ის სიტყვები, სახელები და ზოგი აზრები, რომელნიც არ მეყურებოდა (მესმოდა), - ამოვიწერე და ერთად მოვუყარე თავი. ამ ოთხი წლის უკან კი, ღვთის შეწევნის იმედით, ჩემი უძლური მეცადინეობა მივმართა მათ განსამარტებლად: დავაწყე ანბანის მიხედვით, მივუწერე ფსალმუნების და მუხლების რიგითობა, ვეძიე საღმრთო წიგნებში, ლექსიკონებში, ისტორიებში და სხვა წყაროებში - და მცირედი ესე ნაყოფი წარმოვადგინე ჩემი ქრისტეს მოყვარე ხალხის წინაშე, რის გამოც არ მეშინია არც მოკვეთისა, არც ცეცხლში დაწვისა და არც განკითხვისა საშინელისა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი მცირედი ღვაწლით ისარგებლებენ ჩემებრ უსწავლელი მეფსალმუნენი.

ვიმედოვნებ, რომ შეიწყნარებენ ამ ჩემს მოკრძალებულ შრომას სახიერი (კეთილი) მამანი, ყოვლად პატიოსანნი მოძღვარნი, და სიხარულით თანა-მიგრძნობენ.

კვალად ვიმედოვნებ, რომ კეთილად მიიღებენ ამ მცირე ძღვენს საღმრთო წერილთა მოყვარენი, კეთილ-შობილნი (არისტოკრატია) და სწავლულნიც და სიტყვათა გაუმართავობისათვის, გინა ჩემი უღირსებისათვის არ შეურაცხ-ჰყოფენ (უგულებელს-ჰყოფენ) ჩემს ამ მცირე შრომას.

ანჩისხატის ტაძრის მედავითნე

იოსებ ახალშენოვი

0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="6"]საეკლესიო ტერმინთა მცირე ლექსიკონი[/size]

[url="http://www.mediafire.com/?9s54fd3hxd8se6f"]DOWNLOAD[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0